UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი: COVID19-ის და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგები დამატებითი სტრესის წყარო აღმოჩნდა მშობლებისთვის

ბავშვთა დაცვის დღეს იუნისეფი მთავრობას და ბიზნეს ორგანიზაციებს მოუწოდებს, მეტი ინვესტიცია ჩადონ და უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საჭიროებებზე მორგებული, ჰოლისტური საზოგადოებრივი პროგრამები და სერვისები მშობლებისთვის, რათა ხელი შეუწყონ მშობლებსა და მომვლელებს, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ოჯახებში.

UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოჯახების მხარდაჭერის სერვისები არსებითია ოჯახთან მუშაობის ნებისმიერ დონეზე.

„ბავშვთა უფლებების კოდექსი ხაზს უსვამს ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობას როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. ოჯახების მხარდაჭერის ძლიერი სერვისები საჭიროა თითოეული ბავშვისთვის ოჯახური გარემოს უზრუნველსაყოფად და ოჯახიდან ბავშვის მოცილების თავიდან ასარიდებლად. სოციალური უზრუნველყოფის მუშაკების არსებობა ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი სოციალური სერვისის მისაღებად.

მშობლობა ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია ამქვეყნად. COVID-19 და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგები დამატებითი სტრესის წყარო აღმოჩნდა მშობლებისთვის, გამძაფრდა ოჯახებში მანამდე არსებული დაუცველობა და გასაჭირი. ერთ წელზე მეტია, პანდემიის პირობებში ვიმყოფებით და მშობლებს და მომვლელებს, ხშირ შემთხვევაში, მზარდი სიღარიბის ფონზე, კვლავ უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ ბავშვებმა სწავლა გააგრძელონ და ოჯახებმა ფუნქციონირება. ახლა, როგორც არასდროს, ოჯახებს და მშობლებს სჭირდებათ ისეთი დახმარება, რომ ჰქონდეთ დრო, რესურსები და ხელი მიუწვდებოდეთ სერვისებზე ბავშვებისთვის უკეთესი ცხოვრების დასაწყისის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირთან ერთად ჩვენ ხელს შევუწყობთ მშობლებსა და ბავშვებს პოზიტიური მშობლობის წახალისებასა და აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაში.

პოზიტიური მშობლობისა და ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობის ხაზგასასმელად, იუნისეფი ევროკავშირთან ერთად საერთო პროექტის ფარგლებში - „სისტემებისა და სერვისების გაძლიერება ბავშვთა დაცვისთვის საქართველოში“ - ატარებს „მშობლის კვირას.“ ამ კამპანიაში ჩაერთვებიან მშობლები, მომვლელები, პროფესიონალები და ბავშვები, რათა იფიქრონ პოზიტიური აღზრდისადმი გონივრულ მიდგომასა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე, რაც პოზიტიური კომუნიკაციითა და პატივისცემით მიიღწევა. ეს კვირეული მოიცავს ონლაინ ვებინარებს, პირად შეხვედრებს და კამპანიებს სოციალურ მედიაში“, - აცხადებს ღასან ხალილი.