„ლოკდაუნის“ დროს ყველა სამსახური დაკეტილი იყო, სებ-ი მუშაობდა - კობა გვენეტაძე პრემიებზე

რატომ მიიღეს ეროვნული ბანკის თანამშორმლებმა კრიზისულ პერიოდში პრემიები. ამ საკითხზე განმარტების გაკეთება კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოუწია, როდესაც პარლამეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი შეკითხვა დაუსვეს. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს 530 თანამშრომელი ჰყავს და მას როგორც სებ-ის პრეზიდენტს პრემია არასდროს აუღია.

მისი თქმით, ბოლო წლებში ეროვნული ბანკის ფუნქციები გაიზარდა და ამასთან, პანდემიის პერიოდში თანამშრომლები დაუღალავად შრომობოდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ეს ანაზღაურება ურთულესი წლის განმავლობაში დაუღალავი და ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად მიიღეს და მას როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა, ეს არ დაეფასებინა.

„როდესაც კოვიდი დაიწყო, ეროვნულ ბანკს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა, სხვა ყველასგან განსხვავებული, ალბათ ჯანდაცვას ჰქონდა კიდევ ასეთი ფუნქცია და ჩვენ. ქვეყანაში ნაღდი ფულის მიწოდება 24 საათის განმავლობაში არ უნდა გაჩერებულიყო და ეს არ არის მარტივი, როდესაც ლოკდაუნი ცხადდება. მეორე - სისტემას გამართულად უნდა ემუშავა, ყოველი გადახდის უკან ეროვნული ბანკი და ის სისტემა დგას, რომელსაც ეროვნული ბანკი უვლის. ამავე დროს, ფინანსურ სისტემას უნდა ემუშავა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში უნდა გვემუშავა, რასაც ვაკეთებდით კიდეც. „ლოკდაუნის“ დროს, როდესაც ყველა სამსახური დაკეტილი იყო, სებ-ი მუშაობას აგრძელებდა“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

ირაკლი კოვზანაძე სებ-ის პრეზიდენტს: ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა