კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ მყარდება ლარი

„ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს“, - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რამაც მისი აზრით, ლარის გამყარებას შეუწყო ხელი.

„რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის მოძრაობას გამყარების მიმართულებით - შეუძლებელია, კონკრეტულად დავასახელოთ რამე მიზეზი, ეს მომავალში უნდა დაგვანახოს საგადამხდელო ბალანსმა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოქვეყნდება და აუცილებელია ეს იმისთვის, რომ ზუსტად, რიცხობრივად შევხედოთ, რამ გამოიწვია აღნიშნული.

აქედან გამომდინარე, როგორც წესი, არ ვაკეთებთ ხოლმე ლარის მოკლევადიან მოძრაობაზე კომენტარს და არც ანალიზი უნდა გაკეთდეს; ყოველთვის გრძელვადიანი პერიოდის აღებაა საჭირო, მაგრამ თუ მაინც შევხედავთ მოკლევადიან ვითარებას, არის დადებითი მოლოდინები - ეკონომიკამ დაიწყო ზრდა, ინფიცირების რიცხვი შემცირდა, ფინანსური სისტემა კარგად უმკლავდება გამოწვევებს. ამდენად, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეხმარება დადებითი მოლოდინების შექმნას, რაც მოქმედებს ლარის კურსზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეკონომისტი: ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს

2 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2228 ლარი გახდა. 2020 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.