ეკონომისტი: ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს, ერთი აშშ დოლარი დღეს 3.3056 ლარი ღირს. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.3537 ლარს შეადგენდა. 14 მაისს კი, ერთი დოლარის ფასი 3.4283 ლარი იყო.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი ვარდნის შემდეგ, მარტში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. პირველი კვარტალის ჭრილში 4,2%-იანი კლება ფიქსირდება, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა იანვარში 11,5%-ით, ხოლო თებერვალში 5,1%-ით შემცირდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5%-ით გაზრდას ელოდებიან. ეროვნული ბანკის პროგნოზით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ის ფარგლებში გაიზრდება.

საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმზე მოდის, ელჩის განცხადებით, ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს. რან გიდორმა რამდენიმე დღის წინ, Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

„2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა რან გიდორმა.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი, მინისტრი 50%-იან ზრდასაც არ გამორიცხავს.

ტურიზმის გააქტიურება ვაქცინაციის პროცესთანაც არის დაკავშირებული. 22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 109 395 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებულია 16 323 ადამიანი.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღევანდელი სტატისტიკით, წლის ბოლომდე 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ და მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. ვაქცინაციის გააქტიურების საჭიროებაზე Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილიც.

_ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია რით აიხსნება?

მიზეზებზე გადაჭრით საუბარი რთულია, თუმცა სავარაუდოა, რომ მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს. ასევე, ამ პოზიტიური მოლოდინების გაჩენას შეიძლება, ხელი შეუწყო კომენდანტის საათის გადაწევამ, რაც ცალსახად დადებითად აისახება როგორც ტურიზმზე, ასევე შიდა სარესტორნო ბიზნესზე და ასე შემდეგ. ტურიზმისთვის კომენდანტის საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ასევე გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება, რომ დადებითაც შეფასდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეა გაცხადებული, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ეხმარებიან იმაში, რომ აიცრან და თუ აიცრებიან, რეკლამირებას გააკეთებენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს.

_ვალუტის გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას უნდა ველოდოთ?

პროგნოზი რთულია, რადგან ლარი თავისუფალ ცურვაზეა. ლარის კურსს მოთხოვნა-მიწოდების კანონები აყალიბებს და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება ზაფხულში ტურიზმის და ზოგადად გახსნის კუთხით. რამდენი ვალუტა შემოვა, ამაზე იქნება მათ შორის ლარის კურსი დამოკიდებული.

_როგორ უყურებთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივას?

ჯერჯერობით, პესიმისტურად, ვაქცინაციის პროცესი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო დიდი მოთხოვნა რომ გაჩნდა, ვიდრე ვაქცინა იყო, ამან არ უნდა მოგვატყუოს. სინამდვილეში, სიტუაცია ძალიან კრიტიკულია და რაც შეიძლება მალე გვჭირდება მასშტაბური ვაქცინაცია, თორემ სხვანაირად, გამორიცხული მგონია, ეკონომიკის მნიშვნელოვან აღდგენაზე ვისაუბროთ.

_ვაქცინაციის გარდა, რამ შეიძლება ბიძგი მისცეს ეკონომიკის აღდგენას, მაგალითად გუშინ, ამერიკის ელჩმა საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოწერისას, რომელიც 5 წლის განმავლობაში 330 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

დიახ, ნებისმიერი, გარედან შემოსული თანხები ეკონომიკას დაეხმარება გაჯანსაღებაში, ეს ცალსახად პოზიტიური ამბავია. უბრალოდ, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი და ისევ ვაქცინაციას ვუბრუნდებით. ვაქცინაციის დონის მნიშვნელოვნად ზრდის გარეშე არაფერი არ არის შესაძლებელი. ერთია, ფორმალურად გავხსნათ საზღვრები, მაგრამ თუ ვაქცინირებული ადამიანი არ გვეყოლება, ტურისტი თავს შეიკავებს, არ ჩამოვა. მხოლოდ ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროების თუ რესტორნების თანამშრომლები რომ აიცრან, კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ტურისტი მხოლოდ მათთან არ დადის და შესაძლოა, თავი შეიკავოს ჩამოსვლისგან.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიზეზი არის პანდემია. უბრალოდ, მთავარია, როგორ ხვდებიან და მართავენ მას კონკრეტული მთავრობები. ჩვენ მივიღეთ უმკაცრესი ზომები, უზარმაზარი პერიოდით, 6 თვით კომენდანტის საათი კატასტროფაა. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ღარიბია და ეკონომიკა სუსტია, ასეთ ზომებს ვერ უძლებს. არის არგუმენტები, რომ ევროპაშიც მკაცრი შეზღუდვებია, თუმცა ამას შეიძლება ევროპის ქვეყნების ეკონომიკებმა გაუძლოს, თუმცა ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს.