Sinovac-ით ვაცინაციის შემდეგ, ბრაზილიის 45000-იანი ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
ბრაზილიის ქალაქ სერრანაში, სადაც ყველა აცრეს ექსპერიმენტის ფარგლებში, ახლა მხოლოდ ერთი მძიმე პაციენტია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული. ექიმების თქმით, 63 წლის ქალმა Sinovac-ით აცრაზე უარი თქვა, რადგან Pfizer-ის ვაქცინას ელოდა.
ქალაქში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელსაც „პროექტი S“ უწოდეს, ის ოთხ თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვაქცინა რეალურ პირობებში გამოსცადეს.
საჯაროდ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, თუ მოსახლეობის სამი მეოთხედი Sinovac-ით სრულად არის ვაქცინირებული, განაცხადა სან პაულოს შტატის ბუტანტანის ინსტიტუტის დირექტორმა და კვლევის კოორდინატორმა., რიკარდო პალასიოსმა.
სიკვდილიანობა შემცირდა 95% -ით, ჰოსპიტალიზაცია 86% -ით და სიმპტომური შემთხვევები 80% -ით. მსგავსი კვლევა ტარდება ბრაზილიის სხვა ქალაქშიც, ბოტუკატუში, რომლის მოსახლეობა 148,000-ს შეადგენს. მკვლევრები იყენებენ Oxford / AstraZeneca ვაქცინას, რომელიც ადგილობრივი Fiocruz-ის ინსტიტუტის მიერ არის წარმოებული.
ბრაზილია პანდემიამ მძიმედ დააზიანა, დაიღუპა თითქმის 463,000 ადამიანი. BBC წერს, რომ ქვეყანა ებრძვის ვაქცინაციის ნელ ტემპს, რაც გამოიწვია ვაქცინების დაგვიანებამ, ხოლო ყოველდღიური სიკვდილიანობისა და შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი მაღალია, ინფექციების აღსაკვეთად კოორდინირებული ღონისძიებების არარსებობის გამო.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ, არაერთხელ დააყენა ეჭვის ქვეშ ვაქცინის ეფექტურობა. მან თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია არ შეიძენდა ჩინურ ვაქცინას. ჯანდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ათობით მილიონი დოზის შესაძენად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა დაადასტურა მისი გამოყენება.
ამ დროისთვის ბრაზილიაში 10.57% სრულად არის ვაქცინირებული.
Sinovac-ის ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ ივნისს მიიღო.