„მიმაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს“, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ“, - ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმანმა თბილისი მარიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სენატორის თქმით, საქართველოს უნდა მიეცე NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა.
„მიმაჩნია, რომ საქართველო არა მხოლოდ აპლიკანტი, ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს NATO-ში გაწევრიანების, რომელიც სურვილს ადასტურებს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
NATO-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ის პროცესი. მიმაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ. ამისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმა, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია, დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას", - განაცხადა პორტმანმა
მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს NATO-ს წევრობასაც, რაც საქართველოს აღჭურვავს დამატებითი თავდაცვის საშუალებებით რუსული საფრთხის წინააღმდეგ.
პორტმანის განმარტებით, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის მონახულებისას მათ კიდევ ერთხელ თვალნათლივ ნახეს, რომ რუსეთი არღვევს 6 პუნქტიან შეთანხმებას, რომელზეც ხელი მოაწერა.
პორტმანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ე.წ საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის უფლება არ აქვთ, მაინც ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ახლა რუსეთი სულ უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებს, უკრაინაში, ბელარუსში და აქაც საქართველოში. ჩვენ დღევანდელი დღე ძალიან ადრე დავიწყეთ და ადმინისტრაციული საზღვრის მოსანახულებლად წავედით. რაც ჩვენ ვნახეთ, არის იმის დასტური, რომ რუსეთი აგრძელებს მარტივი 6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას, რომელსაც მან ხელი მოაწერა. პირველ რიგში, არ არის ტრანზიტი, მოსახლეობას არ ეძლევა გადაადგილების საშუალება, ჩვენ ვნახეთ ღობეები, ვნახეთ მავთულხლართები, ეს იმისთვისაა, რომ ოკუპირებულ ტერირიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცენ. ჩვენ, ასევე ვესაუბრეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეძლევათ ე.წ საზღვრის მეორე მხარის გადასვლის საშუალება - მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება კარგი არ არის ე.წ საზღვრის მეორე მხარეს და ადამიანის უფლებები იქ ირღვევა“, - განაცხადა რობ პორტმანმა.