ამერიკელი სენატორების განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა გააფრთხილოს მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, რომ ის პასუხს აგებს შეერთებული შტატების მიმართ განხორციელებული ქმედებებისთვის.
სამმა სენატორმა კრის მერფიმ (დემოკრატი-კონექტიკუტი), რობ პორტმანმა (რესპუბლიკელი-ოჰაიო) და ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნიუ ჰემფშირი) რადიო თავისუფლებას კიევში განუცხადეს, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს აქვთ სფეროები, რომელშიც ისინი თანხმდებიან, როგორიცაა „ახალი სტარტის ხელშეკრულება“ და დენუკლეარიზაციის მცდელობები, მაგრამ ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს უნდა აღნიშნოს, რომ მისი დივერსიული ქმედებები აშშ-ის წინააღმდეგ არ დარჩება შეუმჩნეველი.
„ჩვენ უნდა ვუთხრათ ვლადიმერ პუტინს, რომ პასუხს აგებს თავისი ქმედებებისთვის. პუტინი იყო ძალიან აგრესიული აშშ-ის მიმართ, თავის მცდელობებში, ჩარეულიყო აშშ-ის არჩევნებში“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
თავის მხრივ, კრის მერფიმ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენმა პუტინთან პირისპირ ისაუბროს რუსეთის მცდელობებზე, შეარყიოს ამერიკული დემოკრატია.
კონგრესის ორპარტიულმა დელეგაციამ, რომელიც საქართველოში ვიზიტამდე, კიევში იმყოფებოდა, უკრაინას მოუწოდა, გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიის განმტკიცების მიზნით და სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყანას რუსეთის აგრესიის გამო.
პორტმანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მუდმივი შეჭრა უკრაინაში ნიშნავს, რომ პუტინს პირდაპირ უნდა მოეთხოვოს პასუხი, რადგან უკრაინას მიეცეს უფლება, იყოს სუვერენული სახელმწიფო.
რობ პორტმანმა უკრაინის მცდელობებზე, გაწევრიანდეს NATO-ში, განაცხადა, რომ კიევი განაგრძობს აშშ-ის მხარდაჭერას იმ რეფორმების განსახორციელებლად, რაც საჭიროა იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინა იცავს დასავლურ ღირებულებებს.
ინტერვიუს დროს საუბარი ასევე შეეხო „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტს.
სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მის შესაჩერებლად უნდა იმოქმედოს.
„კონგრესში ბევრი სანქციის შესახებ ინიციატივა არსებობს, თუმცა გაუგებარია, როდის მივიღებთ მათ. მაგრამ მე ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო, რომ შევეცადო მილსადენის ეს პროექტი შევაჩერო“, - აღნიშნა შაჰინმა.
სენატორები უკრაინის და საქართველოს გარდა ლიეტუვაშიც იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანდსბერგისს.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს
საქართველოში ვიზიტამდე ამერიკელი სენატორები უკრაინაში იმყოფებიან
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს