Reuters-ი: ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის სივრცეში ფრენა აეკრძალათ

ევროკავშირის ელჩებმა მიიღეს გეგმა, რომელიც ბელარუსის თვითმფრინავებს ევროკავშირის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში ფრენას და ევროკავშირის აეროპორტებში დაჯდომას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამ დიპლომატზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის გადაწყვეტილება ბელარუსის წინააღმდეგ დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებების ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია 23 მაისს Ryanair- ის თვითმფრინავის იძულებით დაჯდომასთან.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ცენტრალური ევროპული დროით 00:00-დან შევა.

ამასთან, ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს ბელარუსის თავზე ფრენების განხორციელებისგან თავის შეკავება ურჩია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო აკრძალვას.

ბელარუსული გადამზიდავი Belavia ახორციელებს ფრენებს, რომლებიც ბელარუსს ევროპის 20 აეროპორტთან, მათ შორის ჰელსინკის, ამსტერდამის, მილანის, ვარშავის, ფრანკფურტის, ბერლინის, მიუნხენის, პარიზის, რომისა და ვენის აეროპორტებთან აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

Reuters-ი: ევროკავშირი ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიასა და ავიაციის სამსახურის მაღალჩინოსნებს სანქციებს დაუწესებს

ICAO Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს

ექსკლუზივი: რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი

რომელმა ქვეყნებმა და ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო