რომელმა ქვეყნებმა და ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა.

თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

აღნიშნულის გამო, ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპელმა ლიდერებმა ბელარუსის საჰაერო სიფრცეში საერთაშორისო ფრენების აკრძალვა მოითხოვეს.

პროტესტის ნიშნად ევროპის რამდენიმე ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეწყვიტა.

ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეწყვიტა, ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic-ი იყო. როგორც ცნობილია, თბილისსა და ოდესაში დაგეგმილი რეისების მარშრუტი კომპანიაში უკვე შეცვალეს და ის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შესრულდება.

ავიაკომპანია, რომელმაც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს არის გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ც. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა.

Lufthansa-ს გარდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები დროებით შეაჩერა ჰოლანდიურმა ავიაგადამზიდმა Air France-მა.

ცნობილი ხდება, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარს ამბობენ Wizz Air-ი და Austrian Airlines-ი. ავიაკომპანია Austrian Airlines-მა დაგეგმილი რეისები შეცვალა, რადგან ბელორუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენოს.

ბელარუსულმა ავიაკომპანია Belavia-მ ლონდონსა და პარიზში ოქტომბრის ბოლომდე რეისები გააუქმა. კომპანიის განმარტებით, რეისების გაუქმების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ Belavia-სთვის რეისების შესრულების აკრძალვის გამო მიიღეს.

ამასთანავე, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ. მათ შორის არის ლიეტუვა.

გარდა შემოსვლისა, ლიეტუვის აეროპორტებიდან იმ თვითმფრინავებსაც აეკრძალა გაფრენა, რომლებსაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აქვთ დაგეგმილი. გარდა ფრენების აკრძალვისა, ლიეტუვამ ბელარუსში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა.

ამასთანავე, დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა.

26 მაისიდან, ბელარუსთან ავიამიმოსვლა აკრძალა უკრაინამაც. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს ბელორუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში ფრენა ეკრძალებათ.

Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაეშვების გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში ბაზირებულ ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან.