უფლებადამცველი ორგანიზაცია: ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშ ჩაიწერა

„ეს არის პროპაგანდა, რომელსაც სიმართლის საფუძველი არ აქვს“, - ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინტერვიუ, რომელშიც „ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს“, ზეწოლის ქვეშ ჩაიწერა.

მისივე ცნობით, სპეცსამსახურებმა რომან პროტასევიჩი აიძულეს, ბრალი ეღიარებინა, რადგან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არასერიოზულია.

თავის მხრივ, ანალოგიურს აცხადებს ჟურნალისტის ოჯახი.

ჟურნალისტის ოჯახი აცხადებს, რომ პროტასევიჩი აიძულეს, ტელევიზიით მიეცა აღიარებითი „ჩვენება“.

Reuters-ი: ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის სივრცეში ფრენა აეკრძალათ

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

მინსკში დაკავებული ჟურნალისტის ვიდეომიმართვა გავრცელდა

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.