IRCT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით

საერთაშორისო ორგანიზაცია "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT)" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები, რომლის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, IRCT შოკირებულია საქართველოში ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრეცელებული ინფორმაციით.

ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოში აღწერს საზარელ შემთხვევებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას, საკვების უკმარისობას და ბავშვთა სისტემურ ცემას.

"ეს არის წამება და არასათანადო მოპყრობა. არ შეცდეთ ამაში. ბავშვთა მოვლაზე პასუხისმგებელმა ნებისმიერმა დაწესებულებამ უნდა დაიცვას მათი უფლებები. ამასთანავე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ დარწმუნდეს მათი უფლებების დაცულობაში მონიტორინგითა და ძალადობის სანქცინებით", - აცხადებს ასგერ კიაერამი, IRCT-ის ერთ-ერთი დირექტორი.

ICRT-ის შეფასებით, ამჟამად ბავშვთა სახლში სისხლის სამართლის 4 მუხლით არის საქმე აღძრული, რომელიც ეხება ბავშვთა სახლში არასრულწლოვანთა გაუპატიურებას და ძალადობას. მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად ხელს უშლიდა სამთავრობო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვთა სახლის მეთვალყურეობაზე, ამ დაწესებულების მონიტორინგში.

"ეს ბავშვები და ყოფილი ბენეფიციარები წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ. ახლა დროა, რომ მათ მიეცეთ მართლმსაჯულება და რეაბილიტაცია, რათა მოშუშების პროცესი დაიწყონ. საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებმა იციან, რომ ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სრული გამოძიება ეკლესიის და სხვა კერძო აქტორების მიერ მართულ თავშესაფრებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მეტი ბავშვი აღარ დაიტანჯება" - აცხადებს ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად IRCT-ის დირექტორია.

IRCT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც წამების გამოძიებას მიესადაგება და გაწერილია სტამბულის პროტოკოლში. ამასთან, ყველა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, ხოლო იმ ბავშვების, ვის მიმართაც პირდაპირ ან ირიბად იძალადეს, რეპარაცია და რეაბილიტაცია განხორციელდეს.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: ნინოწმინდის პანსიონის დატოვება 6 არასრულწლოვანს სურს, კიდევ 10-ის გადაყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს

ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს