სახალხო დამცველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა.


„სიღარიბე ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. ხანდაზმულთა შორის მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, რაც მათ მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განაკუთვნებს.

უსახლკარობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მასშტაბების კვლევის, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობა თავისთავად იწვევს სოციალური საცხოვრისებში გაუსაძლის მდგომარეობას. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტები,” - აღნიშნა იოსელიანმა.


როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, საპატიმროებში მსჯავრდებულ-ბრალდებულთა ოდენობის შემცირება, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგი იქნება თუ საპატიმროებში პატიმრების რაოდენობა შემცირდება.

„სამწუხაროდ, საქართველო, პატიმრების რაოდენობის მიხედვით, ევროპაში, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა. 9500 მსჯავრდებულ-ბრალდებული გვყავს მთლიანობაში, რაც არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი არის შესამცირებელი. ეს ამნისტიის გზით გაკეთდება, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმით თუ პრეზიდენტი უფრო მეტ ადამიანს შეიწყალებს, ან სამაჯურების გამოყენების მექანიზმი იქნება, რაც არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა, არ ვიცი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იქამდე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების რაოდენობა შემცირდება, აღარ ვიქნებით მეორე ადგილზე, აღარ იქნება დაწესებულებები გადატვირთული.


ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები ამ თუ არა მომავალ პარლამენტში მაინც. ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ - არის მთელი რიგი დანაშაულები, მთელი რიგი რაოდენობა მსჯავრდებულების, რომლებიც აღარ საჭიროებენ საპატიმროში ყოფნას, რომელთა გათავისუფლება დღეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის პირობებში, პირობითი მსჯავრის პირობებში და ა.შ მაგრამ უმჯობესია მათ ჰქონდეთ საშუალება იყვნენ ოჯახში და გარეთ მოიხადონ მსჯავრი, ვიდრე ეს ხდებოდეს საპატიმროში, სადაც ხშირ შემთხვევაში მათი უფლებები ისე არ იყოს დაცული, როგორც ეს სტანდარტით არის გათვალისწინებული. ყველა დაწესებულებას არ ეხება ეს. ყველა დაწესებულება მოვინახულე და ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში. არის სანიმუშო, კარგი დაწესებულებები და არის დაწესებულებები, სადაც მძიმე სიტუაციაა. საპატიმროში პოპულაციის ეს შემცირება, ამ მიმართულებითაც გამოასწორებს მდგომარეობას,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


ლევან იოსელიანმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საზოგადოება სრულფასოვნად უნდა იყოს ინფორმირებული.

„საქართველოში, სამწუხაროდ, იმდენად პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დადიან კონკრეტული ეთერში, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მიდიან კონკრეტულ ეთერში. არ ხდება ამ სივრცის შევსება განსხვავებული მოსაზრებებით. 2016 წლამდე ყველა ეთერში იყო დებატები, 2016 წლის შემდეგ ეს დებატები არ არსებობს. იმისთვის, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული, პარლამენტის წევრებმა კითხვებს უნდა გასცენ პასუხი ყველა შემთხვევაში, მათი მანდატი პირდაპირ დემოკრატიის წესით მათ არჩევას გულისხმობს. არ არსებობს უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ორგანო, პარლამენტის წევრი ვალდებულია მოქალაქეების შეკითხვას უპასუხოს, რაც ამ შენობაში მედიის საშუალებით ჟღერდება,“ - აღნიშნა იოსელიანმა.

სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა - უცნაურია, როგორ შეიძლება, არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სხვადასხვა უწყებამ, ისე პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რადგან „ეს ქვეყანას სჭირდება.“

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები, რომელთაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი გასცემს, რომელიც მთელი წლის მუშაობის შედეგია და რომელშიც სახელმწიფო, სხვათა შორის, დაახლოებით 10 მილიონ ლარს ხარჯავს წელიწადში, იყოს გაზიარებული როგორც უწყებების, ისე პარლამენტის მხრიდან.


სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა. უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული. ყოველ შემთხვევაში დღემდე არ მომისმენია რაიმე ტიპის კრიტიკა ანგარიშის მიმართ, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული რაღაც მტკიცებულებებზე, რომ რაიმე მონაცემები არასწორად წარმოვადგინეთ. შეიძლება შეფასებებში გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ის, რომ ყველა საკითხი, პრობლემა და უფლება, რაზეც ვსაუბრობთ, აქტუალურია და მეტი ყურადღება სჭირდება, მგონი, ეჭვგარეშეა. ვისურვებ, რომ მომავალ წელს, როდესაც ამ დარბაზში მოვალ, სადაც სხვა პარლამენტი დამხვდება, მეტი ინტერესი ყოფილიყოს ანგარიშის მიმართ, პარლამენტის მეტ წევრს ჰქონდეს წაკითხული და მეტი შინაარსობრივი კითხვა დამისვან. ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები.


მადლობას გიხდით ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მოხსენებას დაესწარით. მადლობას ვუხდი ვახო მეგრელიშვილს და თეონა აქუბარდიას - ამ ორ გამორჩეულ ოპოზიციონერს, რომელიც ჩემს მოხსენებას ესწრებოდა. იმედი მაქვს, რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით, მნიშვნელოვანწილად იქნება შესრულებული, ეს სჭირდება ამ ქვეყანას და იმას, რომ დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს. დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება კი ნიშნავს ჩვენს წინსვლას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის მიმართულებით; ჩვენს წინსვლას თანამედროვე სამყაროსკენ. ამ ნაბიჯების, გადადგმა ყველაფერთან ერთად, ადამიანის უფლებების სტანდარტის გაუმჯობესებაზე გადის,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 386-გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს და მასში 2023 წელს გამოკვეთილი ტენდენციები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია ასახული. წარმოდგენილ თემებს შორის არის - კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სიცოცხლის უფლება, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის, ინფორმაციის, შეკრების თავისუფლება და უფლებადამცველთა უფლებები. ასევე, საკუთრების უფლება, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის, შრომის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის, სათანადო საცხოვრებლის უფლება, შშმ პირთა, ბავშვთა, ხანდაზმულთა უფლებები, თანასწორობის უფლება და გენდერული თანასწორობა, ეროვნული უმცირესობები, დევნილთა, ეკომიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხები.