საზოგადოება

დიდ ქვეყნებში ონლაინ დასაქმებულთა ნაწილს ოფისში დაბრუნება არ სურს

კორონავირუსმა რევოლუცია მოახდინა საოფისე ცხოვრებაში. მილიონობით ადამიანი სახლიდან, ელექტრონულად მუშაობს. ისინი არ დადიან მეტროთი და არ სადილობენ კვების ობიექტებში. ყოველ დღე მიდის კამათი ეს ყველაფერი კარგია თუ ცუდი. ბიბისიმ შეაჯამა დიდ ქალაქებში კორონავირუსით შეცვლილი ცხოვრების წესი და მისი გავლენა ყოველდღიურ ყოფაზე. ზოგიერთ ადამიანს ენატრება ხმაურიანი ბიზნესცენტრები, პირადი კონტაქტები, საქმიანი სადილი და მოგზაურობა. ზოგიერთი კი წინააღმდეგი არ არის რეალური კომუნიკაციები დისტანციურით ჩაანაცვლოს. ახალი ტალღის მიუხედავად, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე გაზაფხულზე იყო. შესაბამისად საზოგადოება თანდათან კარგავს შიშს და ვირუსთან ერთად ცხოვრებას ეგუება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ცნობილმა ბანკირმა აღნიშნა, ეკონომიკა ვირუსზე უარესია "ზიანს აყენებს ის, რომ ხალხი სახლში რჩება". ზაფხულის შუა რიცხვებში ლონდონში, ოფისებში დასაქმებულთა 50% სახლიდან მუშაობდა. პარიზში, მილანში, ბერლინში, ფრანკფურტში და მადრიდში დაახლოებით 25%. ნიუ-იორკისა და ლონდონის ბიზნეს რაიონებში უკვე არ არის ხალხმრავლობა, არც გზებზეა საცობები. ამ ფონზე ხელისუფლებამ შეშფოთება დაიწყო, რადგან ტურისტებისა და ოფისის თანამშრომლებიც გარეშე დიდ ცენტრებს განადგურება ემუქრებათ. პანდემიის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამიტომ ხელისუფლებას სურს, სწრაფად განაახლონ ოფისებმა მუშაობა, განსაკუთრებით გიგანტურ ქალაქებში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა სიამოვნებით გააგრძელებდა სამუშაოს სახლიდან, რათა შეინარჩუნონ ოჯახთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ნაწილი კი ცდილობს დაუბრუნდეს აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. ბევრისთვის ოფისი ერთადერთი ფანჯარაა მსოფლიოში, კოლეგები კი ერთადერთი სოციალური წრე. ჯერ კიდევ მაისში, გუგლმა და ფეისბუკმა მიიღეს გადაწყვეტილება , თანამშრომლებმა წლის ბოლომდე იმუშაონ სახლებიდან. ტვიტერი კი არჩევანს სთავაზობს - მათ შეუძლიათ დროებით ან სამუდამოდ იმუშაონ ონლაინ. ამერიკის მცირე ბიზნესის და ეკონომისტთა ეროვნული ასოციაციის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მესამედი დარწმუნებულია, რომ დისტანციურად დასაქმებულთა 40% ოფისში აღარ დაბრუნდება. ამერიკელი ბანკირის, მორგან სტენლის აზრით, შეერთებულ შტატებში დისტანციურად მომუშავეების რიცხვი 30% - ით კიდევ გაიზრდება და ამას „ახალ რეალობას“ უწოდებს. ნეტფლიქსის დამფუძნებლის რიდ ჰასტინგსის თქმით, „სახლიდან მუშაობას არ გააჩნია არანაირი დადებითი მხარე“. ამასთან იმასაც ამბობს, რომ ვინც სახლიდან მუშაობდა, კვირაში ერთხელ მაინც ექნება ამის შესაძლებლობა.

STOP COVID აპლიკაციით ამ დროისთვის 27 ინფიცირებული გამოვლინდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის STOP COVID აპლიკაციით 211 308 მომხმარებელი სარგებლობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აპლიკაციის საშუალებით, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან, 27 ინფიცირებული გამოვლინდა. „აპლიკაცია ამჟამად გადმოწერილი აქვს ანდროიდის 128 559 და 82 749 iOS მომხმარებელს. Alert შეტყობინება 13 867 ადამიანს გაეგზავნა, აქედან ინფიცირება 27-ს დაუდასტურდა“, - აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში. შეგახსენებთ, STOP COVID აპლიკაცია საქართველოში 16 აპრილს ამოქმედდა. ის ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს.

ცეკვის, მუსიკის, სპორტისა და სხვა წრეებზე, პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება

ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა დამატებით წრეზე, რაც ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვა აქტივობებს მოიცავს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე განმარტავს, სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, სარეპეტიციო სივრცეებში აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია. დამატებით წრეებზე, რაც მოიცავს ცეკვას, კალათბურთს, ხელბურთს, მუსიკას ან სხვას, აუცილებელია ინსტრუმენტების და სხვა საჭირო ნივთების ხშირი დეზინფექცია. განსხვავებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებისგან, სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, საიზოლაციო ოთახი არ იქნება და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, სიმპტომების მქონე პირებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ უნდა მიმართონ. „სხვადასხვა სექტორისთვის განსაზღვრულია რეკომენდაციები. რეგულირდება სამუზეუმო, შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებები, ამისთვის კი გამოყოფილია სპეციალური თავი, სადაც სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციებია თავმოყრილი. რეკომენდაციებში, შესაბამისი სადეზინფექციო და თერმოსკრინინგის პერიოდულად განხორციელების მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება. იძლევა რეკომენდაცია, რომ შესაძლებლობის მიხედვით, 10 ადამიანის სარეპეტიციო საქმიანობა დაიშვას ერთ სივრცეში, თუმცა, ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა. რეკომენდებულია 10-ზე მეტი ადამიანის დამატების შემთხვევაში სარეპეტიციო სივრცეში 5 კვ.მ ზე 1 პირი განთავსდეს. პროტოკოლით, რეკომენდებულია, რომ რეპეტიციები არ აღემატებოდეს 2 საათს. ზოგად რეკომენდაციებს შორისაა, რომ ხშირი დეზინფექცია და ბუნებრივი ვენტილაცია უნდა იყოს დაცული. განიავება უნდა ხდებოდეს ბუნებრივი გზით, იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული. ასევე, შეიძლება დიდ სივრცეში იყოს 20 ბავშვი, თუ შესაბამისი დისტანცია იქნება დაცული. ტემპერატურის ან რაიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, სარეპეტიციო დარბაზში საიზოლაციო სივრცე არ არის გამოყოფილი, ამ შემთხვევაში უნდა მიმართონ „112-ს“, ვინაიდან სარეპეტიციო სივრცეებში დიდი რაოდენობის თავშეყრა არ ხდება ბაღების და სკოლებისგან განსხვავებით. ასევე, აუცილებელია ყველა ინვენტარს რეპეტიციის შემდგომ მიკროფონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი, რომელსაც წრეზე მყოფი პირი იყენებს, დეზინფექცია ჩაუტარდეს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

218 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913-ს შეადგენს. რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3913გამოჯანმრთელებული – 1574გარდაცვლილი – 22კარანტინის რეჟიმში – 5277სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული, თუმცა ბოლო პერიოდში ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში კოვიდ-19-ის შემთხვევები რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი აჭარა. განცხადების თანახმად, საქართველოში 2020 წლის 8 ივლისს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან მოგზაურებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩასვლა. ამისთვის საჭიროა გერმანიის მოქალაქეობის, ან მუდმივი ბინადრობის წარდგენა. გამგზავრებამდე საჭიროა, ელექტრონულ ფორმაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიისა და საქართველოში საკონტაქტო მონაცემების მითითება.

მეცხვარე ამტკიცებს რომ 8000 ლარის ღირებულების ყველი მოპარეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები მეცხვარე ამტკიცებს, რომ საკუთარი სახლიდან 12 გუდა ცხვრის ყველი მოპარეს, რომელიც დაახლოებით 8000 ლარის ღირებულებისაა. მეცხვარის თქმით, უკვე 10 დღეა მომხდარის შესახებ იცის პოლიციამ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, თუმცა ძალოვან უწყებას ჯერ არავინ დაუკავებია. დაზარალებული დავით ფაჩოშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ეს იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი ნამუშევარი, რომელიც უკვე აღარ აქვს. მას 400 სული ცხვარი ზაფხულის საძოვრებზე მთაში ჰყავს. ყველი მთიდან ბარში ახალი ჩატანილი ჰქონდა. მეცხვარის თქმით, ქურდობა მოხდა ღამით რა დროსა სახლში იმყოფებოდნენ დედა და მუღლე, თუმცა დაზარალებულის თქმით, ქურდებმა ისე იმოქმედეს, რომ ოჯახში ვერავინ ვერაფერი გაიგო. ყველის მოპარვის ფაქტზე გამოძიებას შს სამინისტროს ყვარლის პოლიცია აწარმოებს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 22-ს შეადგენს. გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმიდან იყო. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 72 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. „72 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეიბაში იყო. მას ჰქონდა ინსულტი და უკიდურესად დამძიმებული იყი მისი მდგომარეობა. იგი წუხელ ღამით გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექვსს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება",- განაცხადეს კლინიკაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობთ ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საერთო ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 955-ს შეადგენს, აქედან 285 გამოჯანმრთელდა, ხოლო შვიდი მოქალაქე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 173 მოქალაქეს ჩაუტარდა. მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3695; გამოჯანმრთელებული – 1534; გარდაცვლილი – 20; კარანტინის რეჟიმში – 4988; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2295 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0155 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8050 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მიუხედავად მდგომარეობის გართულებისა, გალის რაიონის სკოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ

მიუხედავად მდგომარეობის გართულებისა, გალის რაიონის სკოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. სასწავლო პროცესი პირველი სექტემბრიდან განახლდა. როგორც „ევროპათაიმს“ ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, ისინი ყოველდღიურად იცავენ შესაბამის რეკომენდაციებს. „ყოველდღიურად ტარდება თერმოსქრინინგი, ვისაც სიცხე უფიქსირდება, უკან ვაბრუნებთ, დანარჩენები იცავენ რეკომენდაციებს და საკლასო ოთახებში ნაწილდებიან. დაწყებით კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 30 წუთამდე შემცირდა, შესვენება 15 წუთამდე გაიზარდა. დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეების შესვენებები ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს. ვიცავთ დისტანციას, შესაბამისი შეზღუდვაა სასადილოში შესვლაზეც. მასწავლებლებს ვალდებულება გვაქვს გვეკეთოს პირბადე“, - განუცხადა „ევროპათაიმს“ გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, მას შემდეგ, რაც სოხუმის ერთ-ერთ ერთი სკოლის მასწავლებლის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, მასწავლებლები პასუხობენ, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. „მასწავლებლის გარდაცვალებაზე ინფორმაცია თქვენგან გავიგეთ. აქ ჯერ არავის არაფერი უთქვამს. საუბარი იყო ბაღების დახურვაზე, თუმცა ჯერ არც ეს მომხდარა. ჭორად ადრეც ითქვა, რომ 27 სექტემბრიდან დისტანციურზე გადავიდოდით, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის. ბავშვების უმრავლესობას არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, შესაბამისად, სწავლის პროცესი ალბათ შეფერხდება“. შეგახსენებთმ, რომ 21 სექტემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი, სოხუმის სკოლის მასწავლებელია, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა. მასწავლებელი, გარდაცვალებამდე, სოციალურ სქელში წერდა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. "მოქალაქეებო, თავს გაუფრთხილდით. ინფექცია ჩვენს შორისაა. არც მე მჯეროდა მისი, მაგრამ გუდაუთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი", - მიმართავდა მოსახლეობას პედაგოგი. ფოტოები, გალის ერთ-ერთ სკოლაშია გადაღებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. შს სამინისტროს ინოფორმაციით, 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, 3 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, 1 - ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1 - აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, 1 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში, 2 - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. ასევე, კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 1-ც - დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს თანამშრომელს სამეგრელოში. შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა. ცამეტივე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

არც მე მჯეროდა კოროვირუსის - აფხაზი პედაგოგის გარდაცვალებამდე გამოქვეყნებული მიმართვა

სოხუმის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლ. ა-მ, რომელიც გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა ახალი კორონავირუსისგან, სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე ფეისბუკზე ამ დაავადების შესახებ დაწერა. მის პოსტს "აფსადგილ. ინფო" ავრცელებს. "მოქალაქეებო, თავს გაუფრთხილდით. ინფექცია ჩვენს შორისაა. არც მე მჯეროდა მისი, მაგრამ გუდაუთის საავადმყოფოში აღმოვჩნდი", - მოსახლეობას აფხაზურად მიმართავს გარდაცვალებამდე პედაგოგი. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერირორიაზე გადმოიყვანეს და ქუთაისის კლინიკაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა. სკოლაში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლად მუშაობდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს. 50 მოსწავლეს კი ცხელება აღენიშნება. გარდაცვლილს, როგორ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. მასთან ერთად კი, აფხაზეთიდან კიდევ 3 პაციენტი გადმოიყვანეს, რომელთა მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა. ქვეყანაში კორონავირუსის სულ 3695 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა ჯამში 1534 პირი, 20 კი გარდაიცვალა.

თბილისში საველე კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ

თბილისში საველე კარვები განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითი იქნება და ის უფასოდ გაკეთდება. კონკრეტულად რა ლოკაციებზე განთავსდება თბილისის ქუჩებში საველე კარვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ამ დროისთვის აჭარის რეგიონში კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება უფასოდ შეუძლიათ. საკოორდინაციო საბჭომ აჭარის რეგიონში საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის შემთხვევების ზრდის და ზაფხულის სეზონზე აჭარაში დამსვენებლების რიცხვის მატების გამო მიიღო.

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირებისმთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობსრეაგირების ეფექტურობის გაზრდას. აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროსდავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწარფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო. შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილებისმყვინთავი მაშველები.

რუსეთში კორონავირუსის 6 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 71 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 109 595-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 71 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 19 489-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ - 19-სგან 911 973 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. წირვა აღევლინება ასევე მახათას მთაზე მდებარე ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1534-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა

დაავადებათა კონტროლის სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. „ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო აფხაზეთიდან. როცა გადმოიყვანეს, უკვე იყო ძალიან მძიმე, საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც ინფორმაცია გვაქვს, კორონავირუსი დადასტურებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეიძლება გაკეთებულიყო, პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გაკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები გაიზრდება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 12 საათამდე იმუშავებს და კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, დაანონსებული თარიღი ვერ შეცვალა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00სთ-დან 11:00 საათამდე მუშაობს.

ბელარუსში სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 80 დემონსტრანტი მინსკში დააკავეს, 47 კი - სხვადასხვა რეგიონში. ცნობისათვის, 9 აგვისტოს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ალექსანდრე ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება გუშინ ბელარუსში ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.