უცხოეთი

ბრიტანეთში საავადმყოფოები Covid-19-ის ვაქცინას 10 დღეში მიიღებენ – Guardian

დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სისტემამ [NHS] საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, 7 დეკემბერს მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოებმა მიიღეს განკარგულება 10 დღის ვადაში მოემზადონ ვაქცინაციისთვის. მოსალოდნელია, რომ ვაქცინას უპირველესად მედიკოსები მიიღებენ. საუბარია Pfizer/BioNTech-ის ერთობლივ ვაქცინაზე. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. აცრა ორეტაპიანია და ვაქცინის ორი დოზაა საჭირო. ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდაში დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში 20 000 ადამიანი იყო ჩართული. მთლიანობაში COVID-19 გამოუვლინდა 30 ადამიანს, რომელმაც ვაქცინის 2 დოზა მიიღო და 101 პირს, ვისაც პლაცებო ინექცია გაუკეთეს. მკვლევრების თანახმად, ვაქცინა 70%-ით იცავს ორგანიზმს ვირუსისგან. საინტერესოა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-მდე გაიზარდა მოხალისეების იმ ჯგუფში, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვაქცინის ნახევარი დოზა მიიღეს, ხოლო მეორე ეტაპზე სრული დოზა. ჯერჯერობით, უცნობია, რა განაპირობებს ამ განსხვავებას. ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის საჭიროა, შემოწმდეს ვაქცინის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და სტანდარტებთან შესაბამისობა. შემოწმების პროცესს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა უახლოეს კვირებში გაივლის. ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება, ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად. მანამდე, 9 ნოემბერს აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციისათვის. მოგვიანებთ კომპანია Pfizer-მა თქვა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტიანი იყო.

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, მანქანების ქურდობისთვის ძებნილი, საქართველოში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. " შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი - 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირად ღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების - ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა. დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 - პრიმა 2, 461-ე, 467-ე და 5061-ე მუხლებით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას, კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების შექმნა/წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის პოსტს აღარ დაიკავებს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. „მე არავითარ კონსტიტუციას ჩემს თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციის პირობებში მე თქვენთან პრეზიდენტის პოსტზე უკვე აღარ ვიმუშავებ, ამიტომ დამშვიდდით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და პრეზიდენტის უფლებამოსილების კორექტირებას აუცილებლად მიიჩნევს. „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული კონსტიტუცია. ყაზახეთი, რუსეთი, ჩვენ - ალბათ სამი მოწინავე სახელმწიფო ვართ, რომლებსაც აქვთ ასეთი სერიოზული და მძლავრი კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, იმის გაცნობიერება, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მოვიდეს ადამიანი და ომი მოისურვოს... დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, ისე, რომ მოგვიანებით ქვეყანა არ დაიშალოს “, - განმარტა ბელარუსის ლიდერმა.

ევროპამ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს - ალექსეი ნავალნი

ევროპამ ვლადიმერ პუტინის შიდა წრეს პირდაპირი სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან ისინი ხელისუფლებაში დროებით მყოფი კრიმინალები არიან, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მაღალჩინოსნებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვა ან მათი აქტივების გაყინვა სერიოზულად არ მიიღება, თუკი ეს სანქციები მდიდარი ოლიგარქების წინააღმდეგაც არ იქნება მიმართული. „მე ნამდვილად არ ვარ პირველი და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი ვიქნები, ვინც მოწამლეს ან მოკლეს,“- განაცხადა ნავალნიმ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპა ასეთ ფაქტებზე არ ჩუმდება. ალექსეი ნავალნიმ ევროპარლამენტარებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიმართა.

ჰაკერებმა AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს - Reuters

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ კომპანია AstraZeneca–ზე კიბერშეტევა განახორციელეს, – იუწყება Reuters. მისივე ცნობით, ჰაკერები AstraZeneca–ს თანამშრომლებს „ლინკდინისა" და "ვოთსაფის" მეშვეობით დაუკავშირდნენ და მათ პირად კომპიუტერებში შეღწევა მოახერხეს. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეის მხარეს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაკეთებია. ცნობისთვის, 22 ნოემბერს AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მაღალი ეფექტურობის შესახებ გახდა ცნობილი. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. როგორც 26 ნოემბერს AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg–ს განუცხადა, AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 61 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა 61 მილიონს უკვე გადააჭარბა. მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ვებგვერდზე, ამ დროისთვის დაფიქსირებულია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ით 61 061 664 ადამიანი დაინფიცირდა. ამავე ვებგვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულია 42 269 611 ადამიანი. გარდაიცვალა 1 432 995 პაციენტი. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 17 259 662- ს შეადგენს. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ქვეყნების ხუთეულში ისევ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს რუსეთი, მეხუთეზე - საფრანგეთია.

AstraZeneca მზადაა, 2021 წელს 3 მილიარდამდე დოზა ვაქცინა დაამზადოს, თუ მას გამოსაყენებლად დაუშვებენ

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე სავარაუდოდ, ახალ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ, - ამის შესახებ AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg-ს განუცხადა. მისი თქმით, კვლევის მიზანი იმის გარკვევაა, არის თუ არა ვაქცინა უფრო ეფექტური იმ შემთხვევაში, როცა მისი შედარებითი მცირე დოზის გამოყენება ხდება. AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პრეპარატის ტესტირებისას ვაქცინაციის ორი ვარიანტი გამოიყენებოდა, რომლებმაც ვაქცინის განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, პირველ შემთხვევაში თითქმის 3 000-მა ადამიანმა ვაქცინა ჯერ ნახევარი დოზით მიიღო, ხოლო ერთ თვეში - სრულად. ვაქცინაციის ასეთმა მეთოდმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სრული დოზის განმეორებით, ერთთვიანი პაუზის შემდეგ შეყვანის ხერხმა კი თითქის 9 ათას მოხალისეში 62-%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. ამგვარად, ორივე ტესტის გათვალისწინებით, AstraZeneca-ს ვაქცინის საშუალო ეფექტურობა 70%-ით განისაზღვრა. AstraZeneca მზადაა, 2021 წელს 3 მილიარდამდე დოზა ვაქცინა დაამზადოს, თუ მას გამოსაყენებლად დაუშვებენ. 18 ნოემბერს კორპორაცია Pfizer-მა გაავრცელა ინფორმაცია მის მიერ გერმანულ BioNTech-თან ერთად შემუშავებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დასრულების თაობაზე და ეფექტურობის მაჩვენებელი მანამდე ნაჩვენებზე კიდევ უფრო მაღალი – არა 90, არამედ 95%-იანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნოემბერში ამერიკულმა კომპანია Moderna-მა განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გამოცდის მესამე ეტაპზე 94,5%-იანი ეფექტურობა აჩვენა. რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ვაქცინა - "Спутник V" 92%-იანი ეფექტურობით ხასიათდება, თუმცა ეს – იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული ამ ვაქცინის გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი – მესამე ეტაპი ამ დრომდე არაა დასრულებული. Moderna მისი ვაქცინის ერთი დოზის წინასწარ ღირებულებად 25-37 დოლარს ასახელებს, Pfizer — დაახლოებით 18 დოლარს. «Спутник V»-ის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა გაცილებით იაფი იქნება. AstraZeneca ასევე იუწყება, რომ მისი ვაქცინა უფრო იაფი იქნება, ვიდრე ძირითადი კონკურენტებისა, თუმცა ფასს ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.

მარადონას გულშემატკივრები ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს

არგენტინაში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის, რომლებიც გარდაცვლილი ფეხბურთელის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ, შეხლა-შემოხლა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა, რომელიც გულშემატკივრების უკან დახევას ცდილობდა, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ათასობით გულშემატკივარი ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ბუენოს აირესის ქუჩებში რიგში ხუთშაბათს დილიდან იდგა. მარადონას ცხედარი კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვენეს, საღამოს კი ის კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვედრით დაკრძალეს.

ევროპარლამენტი ევროკავშირს თურქეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. რეზოლუციას მხარი 631-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტის წევრები კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ვაროშასთან თურქეთის უკანონო ქმედებებს გმობენ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თურქეთის ქმედებები ლიბიასა და სირიაში, ასევე აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ უწყობს ხელს ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ თურქეთი თავისი ნაბიჯებით სულ უფრო შორდება ევროპას და გაერთიანებასა და თურქეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა.

გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს

გერმანია სათხილამურო კურორტების დახურავასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული სათხილამურო კურორტების დახურავა მინიმუმ იანვრის დასაწყისამდე სურს. „ღიად ვიტყვი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ შევეცდებით”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის რეგიონების ლიდერებთან გამართული საუბრის შემდეგ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა სამთო-სათხილამურო სეზონის გადადების ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა ჯუზეპე კონტე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მთელი ევროპის მასშტაბით უნდა იყოს მიღებული. ზამთრის კურორტების დახურვის იდეასთან დაკავშირებით ავსტრიამ შეშფოთება გამოხატა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი ზამთრის კურორტებს დახურავს, ამისთვის „საფასურის გადახდა მოუწევს“ და კომპენსაციის თანხამ, შესაძლოა, მილიარდობით ევრო შეადგინოს.

მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე ხანგრძლივდება

მოსკოვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეზღუდვები ითვალისწინებს 65 წელს ზემოთ ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის თვითიზოლაციის რეჟიმს, აგრეთვე საწარმოების თანამშრომლების 30% -ისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობას. „გადავწყვიტეთ, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ზომები, რომელიც 2020 წლის 29 ნოემბერს იწურება, გავახანგრძლივოთ. დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის თანახმად, 2021 წლის 15 იანვრამდე: 65 წელზე მეტი ასაკისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები კვლავ სახლებში უნდა დარჩნენ, ბიზნესებმა და ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ დისტანციური მუშაობის რეჟიმი მათი თანამშრომლების მინიმუმ 30% -ისთვის,”- წერს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. მისივე თქმით, დედაქალაქში დაიხურება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი დაწესებულებებიც. ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელებლის მაჩვენებლით მოსკოვი პირველ ადგილზეა რუსეთში. ქალაქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 571 102-მდე გაიზარდა. ამასთან, მოსკოვში ვირუსს დღემდე 8 530 ადამიანი ემსხვერპლა.

მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში 3დღიანი გლოვა გამოცხადდა

ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. დიეგო მარადონა 26 ნოემბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

კორონავირუსის პანდემიამ გენდერულ თანასწორობას მნიშვნელობანი ზარალი მიაყენა - UN Women

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ გენდერულ თანასწორობას მნიშვნელობანი ზარალი მიაყენა და შესაძლოა, 25 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დააბრუნოს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ანიტა ბატია აცხადებს, რომ პანდემიამდე მსოფლიოში ქალების მიერ არაანაზღაურებადი სამუშაო 16 მილიარდ საათს შეადგენდა, რაც ვირუსის გავრელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, დღესდღეობით ქალების მიერ შესრულებული არაანაზღაურებადი სამუშაო მამაკაცებისას სულ მცირე 3-ჯერ აღემატება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით სამსახურის გარეშე გაცილებით უფრო მეტი ქალი დარჩა, ვიდრე მამაკაცი. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ღარიბ ქვეყნებში 2020 წელს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებსაც განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდებათ, რამდენიმე მილიონით გაიზარდა, რაც ადრეულ ქორწინებათა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა, მაგრამ გახსოვდეთ, ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს - ბაიდენი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯები გადადგან. „ყოველთვის იმსახურებთ სიმართლის მოსმენას თქვენი პრეზიდენტისგან. უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ ვირუსის ზრდა, რომელმაც მოგვიტანა ტკივილი, მსხვერპლი და იმედგაცრუება. მან დაგვყო, გაგვაბრაზა, ერთმანეთის წინააღმდეგ განგვაწყო. ვიცი, რომ ქვეყანა ბრძოლისგან დაიღალა. უნდა გვახსოვდეს - ჩვენ ვეომებით ვირუსს და არა ერთმანეთს,”- აღნიშნა ბაიდენმა და ამერიკელებს მოუწოდა, უარი თქვან მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებულ დიდ ოჯახურ შეკრებებზე, ატარონ პირბადეები და შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია. ბაიდენის თქმით, შეერთებულ შტატებს ”გრძელი მძიმე ზამთარი” ელოდება, მაგრამ ბოლოდროინდელ პოზიტიურ სიახლეებს ვაქცინებთან დაკავშირებით იმედით უყურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება.

რუსეთმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა

რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ყაზახეთში მდებარე სარი-შაგანის სამხედრო პოლიგონზე გამოცადეს. “რუსეთის კოსმოსური ძალების საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ჯარების ოპერატიულმა ეკიპაჟმა რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა ყაზახეთში, სარი-შაგანის პოლიგონზე წარმატებით გამოცადა”, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ცნობისათვის, ახალი ბალისტიკური რაკეტის წინა საცდელი გაშვება ოქტომბრის ბოლოს ამავე პოლიგონზე განხორციელდა.

ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის, ამერიკას მსოფლიოში ლიდერის როლი დაუბრუნოს, მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს და მოკავშირეებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელის პოსტზე ენტონი ბლინკენია წარდგენილი. 58 წლის ბლინკენს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა. როგორც CNN აღნიშნავს, 2014 წელს ბლინკენი ცენტრალურ როლს ასრულებდა თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქციის კუთხით. ბლინკენი მონაწილეობდა ასევე “ალ-ქაედას” დამფუძნებელ უსამა ბინ-ლადენისა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციებში. გარდა ამისა, იგი მუშაობდა იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე ავრილ ჰეინსი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა. დამტკიცების შემთხვევაში, იგი იქნება პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, დამტკიცების შემთხვევაში, გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი იქნება. იგი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახლდათ. არჩეულმა პრეზიდენტმა საშინაო უსაფრთხოების მდივნის პოზიციაზე ალეხანდრო მაიორკასი წარადგინა. დამტკიცების შემთხვევაში იგი პირველი ლათინოამერიკელი იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება. მაიორკასი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საშინაო უსაფრთხოების მდივნის მოადგილე იყო. გარდა ამისა, ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე ჯეიკ სალვინი წარადგინა. იგი 2016 წელს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის – ჰილარი ქლინთონის მრჩევლად მუშაობდა. არჩეულმა პრეზიდენტმა კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაასახელა. ახალი ადმინისტრაციის წევრობის კანდიდატები სენატმა უნდა დაამტკიცოს. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების ძირითადი დღე 3 ნოემბერი იყო. ბაიდენმა წარმომადგენლების 306 ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კი - 232. ტრამპის იურიდიულმა მრჩევლებმა სასამართლოებში 20-ზე მეტი საჩივარი წარადგინეს და კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვეს, თუმცა საჩივრებიდან თითქის ყველა უარყოფილ იქნა.

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნის დავალება უკვე გაცემულია - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნის დავალება უკვე გაცემულია. ამის შესახებ განცხადება ილჰამ ალიევმა სატელევიზო მიმართვის დროს გააკეთა, რომელიც ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის შესვლას ეხებოდა. ამ რაიონზე კონტროლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანს გადაეცა. „ჩვენ ისევ აღვადგენთ ყველა რაიონს და ქალაქს. დიდი გეგმები გვაქვს. უკვე დაიწყო ქალაქ შუშაში მიმავალი ახალი გზის მშენებლობა. ეს გზა ფიზულის რაიონიდან დაიწყება და ხოჯევანის რაიონის ნაწილზე გაივლის. მე უკვე გავეცი განკარგულება, რომ ეს გზა უახლოეს ხანში გაიყვანონ. ეს რთული პროცესია, მაგრამ ამას შევძლებთ. ჩვენ აღვადგენთ რკინიგზასაც. მათ შორის, წინასწარ გაცემულია დავალება, რომ დაიწყოს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის აღდგენა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Bloomberg - რომელმა ქვეყნებმა შეძლეს ვირუსის ყველაზე უკეთ მართვა

მსოფლიოს რომელმა ქვეყანამ შეძლო COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის საუკეთესოდ მართვა? - ამ კითხვაზე პასუხის დასადგენად, Bloomberg-მა მოამზადა ინდექსი, რომელიც როგორც ეპიდემიური ვითარების მართვის, ასევე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით ქვეყნების შედეგებს აერთიანებს. ინდექსის მიხედვით, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, 2020 წლის უმთავრეს გამოწვევას საუკეთესოდ ახალი ზელანდია გაუმკლავდა. საზღვრების ადრეული ჩაკეტვის, მკაცრი ლოქდაუნისა და კონტაქტების მოძიების სამუშაოების შედეგად, ახალ ზელანდიაში COVID-19-ის მხოლოდ 2,031 შემთხვევა გამოვლინდა. 0-დან 100-ბალიან სკალაზე ახალ ზელანდიას ამ პარამეტრების გათვალისწინებით, 85.4 ქულა აქვს მინიჭებული. სიაში მეორე ადგილზეა იაპონია, რომელმაც ახალ ზელანდიასთან შედარებით უფრო ნაკლები შეზღუდვებით შეძლო ვირუსის მართვა, რაც მოსახლეობის მხრიდან სოციალური დისტანცირების მკაცრი ნორმების დაცვასთან იყო დაკავშირებული. მესამე ადგილზე კი ტაივანია, რომელშიც ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 618 შემთხვევა არის გამოვლენილი. ინდექსის პირველ ათეულში ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე წინ ფინეთია, რომელმაც მთელი EU-ს მასშტაბით ეპიდემიის გავრცელება ყველაზე უკეთ მართა. ფინეთში ინფიცირების მხოლოდ 22,289 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, ამ ქვეყანაშიც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მზარდი ტრენდი ფიქსირდება. სხვა პარამეტრებთან ერთად, რეიტინგი სახელმწიფოების მხრიდან პანდემიის პერიოდში მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებსაც აფასებს. თუმცა, მთავარ კრიტერიუმს სწორედ ვირუსის შეკავების პოლიტიკის წარმატებულობა წარმოადგენს. რეიტინგში საქართველო არ შედის, რადგან ის მხოლოდ იმ ქვეყნებს შეეხება, რომელთა ეკონომიკის ზომაც $200 მილიარდს აღემატება. ასეთი კი სულ 53 ქვეყანაა. Bloomberg-ის ინდექსი: 1 ახალი ზელანდია 85.4 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2 2 იაპონია - 85 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 29 3 ტაივანი - 82.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 0 4 სამხრეთ კორეა - 82.3 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 10 5 ფინეთი - 82 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 129 6 ნორვეგია - 81.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 281 7 ავსტრალია - 81.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1 8 ჩინეთი - 80.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 0 9 დანია - 77 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 550 10 ვიეტნამი - 74.3 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 0 11 სინგაპური - 74.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 4 12 ჰონგ კონგი - 73.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 5 13 კანადა - 73.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 316 14 გერმანია - 71.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 604 15 ტაილანდი - 70.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 0 16 შვედეთი - 68.7 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 967 17 არაბთა გაერთიანებული საამიროები - 67.5 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 371 18 შეერთებული შტატები - 66.5 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,129 19 ინდონეზია - 66.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 42 20 ირლანდია - 65.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 308 21 ისრაელი - 65 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 232 22 რუსეთი - 65 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 412 23 ნიდერლანდები - 64.4 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,247 24 ბანგლადეში - 64.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 31 25 ეგვიპტე - 63.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 7 26 შვეიცარია - 62.3 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2,160 27 პაკისტანი - 61.7 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 23 28 გაერთიანებული სამეფო - 61.5 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,004 29 მალაიზია - 61.4 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 93 30 თურქეთი - 60.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 106 31 საბერძნეთი - 59.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 600 32 საუდის არაბეთი - 59.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 32 33 პორტუგალია - 59.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,455 34 ინდოეთი - 58.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 93 35 სამხრეთ აფრიკა - 57.8 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 93 36 ავსტრია - 56.3 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,918 37 ბრაზილია - 56.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 338 38 ჩილე - 55.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 218 39 ერაყი - 54.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 222 40 იტალია - 54.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,528 41 ესპანეთი - 54.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,092 42 ნიგერია - 53.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2 43 რუმინეთი - 53.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,131 44 პოლონეთი - 52.2 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,673 45 საფრანგეთი - 51.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 1,695 46 ფილიპინები - 48.9 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 48 47 ირანი - 48.7 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 354 48 კოლუმბია - 48.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 490 49 ჩეხეთის რესპუბლიკა - 46.8 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2,371 50 ბელგია - 45.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 2,339 51 პერუ - 41.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 207 52 არგენტინა - 41.1 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 666 53 მექსიკა - 37.6 ქულა; ბოლო ერთ თვეში 100,000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა 113

ამერიკა დაბრუნდა და მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს - ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად იქნება, გლობალურ არენაზე კვლავ წამყვანი როლი შეასრულოს. არჩეულმა პრეზიდენტმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა. „ეს არის გუნდი, რომელიც გამოხატავს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზად არის უხელმძღვანელოს მსოფლიოს, არ დაიხიოს უკან, კვლავ დაჯდეს მაგიდის თავში, მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეებს და არ უარყოს ჩვენი მოკავშირეები, მზად არის მტკიცედ დაიცვას ჩვენი ღირებულებები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ეს მიდგომა განსხვავდება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკისგან, რომლის პრიორიტეტული ლოზუნგი იყო „ამერიკა უპირველეს ყოვლისა".

აშშ-მა სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ სამ რუსულ კომპანიას, მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის გვერდის ავლით ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის გამო, სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები 6 ნოემბრიდან ამოქმედდა კომპანია „ავიანაწილების“, სააქციო საზოგადოება „ელეკონის“ და Nilco Group-ის მიმართ. ვაშინგტონის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები, ირანს, სერიასა და ჩრდილოეთ კორეას,მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისათვის გამოსადეგ ტექნოლოგიებსა და მასალებს გადასცემდნენ. სანქციები ძალაში იქნება ორი წლის განმვალობაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ კომპანიათა შორის ორი ჩინური კომპანიაცაა. ერთი თვის წინ ევროპის კავშირმა რუსეთის ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. გადაწყვეტილება და სანქციების სია 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში. სანქციებს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმაც. ყველა პირს ევროკავშირში ტურისტული მიზნებით შესვლა ეკრძალება, გაიყინება ევროკავშირში მათი აქტივები, თუკი ისინი არსებობს. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ სანქციების სიაში შემავალ პირებთან ფინანსური ურთიერთობები.