პოლიტიკა

პუტინმა აშშ-ს "ჩაურევლობის გარანტიების გაცვლა" შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს შესთავაზა, „გაცვალონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში, ჩაურევლობის გარანტიები“. განცხადება დღეს გამოქვეყნდა კრემლის საიტზე. ის არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენებთან. განცხადების ყურადღების ცენტრშია წინადადება, შემუშავებულ იქნეს „ზომების კომპლექსური პროგრამა რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის აღსადგენად საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში“. დოკუმენტში ლაპარაკია რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ აუცილებლობაზე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში. კერძოდ, წამოყენებულია წინადადება, უზრუნველყოფილ იქნეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კავშირის არხები „ბირთვული საფრთხის შემცირების ცენტრებისა და კომპიუტერულ ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ჯგუფების ხაზით.“ რუსეთის წინადადება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმების მიღწევას საინფორმაციო სივრცეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. არჩევნებში ჩაურევლობის გარანტიებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისინი მიცემულ უნდა იქნეს „ურთიერთმისაღები ფორმით“ და უნდა ეხებოდეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ასევე პუტინი გამოდის წინადადებით, მიღწეულ იქნეს გლობალური შეთანხმება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით პირველ დარტყმაზე უარის შესახებ. ვაშინგტონს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი კრემლის განცხადებაზე. აშშ-ს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი ძირგამომთხრელ მოქმედებებში საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში. მათ შორისაა მასშტაბური კიბერთავდასხმები უცხო ქვეყნებზე (კერძოდ - უკრაინაზე, საქართველოზე, მაგრამ ასევე თავად აშშ-ზე) და საერთაშორისო ორგანიზაციებზე; ჰაკერული თავდასხმები (მათ შორის 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებზე - რაც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო); ასევე ე.წ. „ტროლების ფაბრიკების“ მოქმედება, „ფეიკ ცნობების“ განთავსება ინტერნეტში, სოცქსელების გამოყენება არჩევნებში და სხვა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის უცხოეთის ქვეყნებში. კიბერთავდასხმებში კერძოდ ბრალი ედებათ რუსეთის სპეცსამსახურებს, განსაკუთრებით - გენშტაბის მთავარ სამმართველოს (გრუ), ასევე ე.წ. „საინტერნეტო კვლევის სააგენტოს“, რომელიც კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, ევგენი პრიგოჟინთანაა დაკავშირებული.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 2020 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია გახსნა. სადამკვირვებლო მისია ელჩ ჯილეინ სტირკის ხელმძღვანელობით შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან. დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი ოქტომბრიდან გადანაწილდებიან. ამასთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე. არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას.

"ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება არჩევნები საქართველოში"

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსების მხრიდან ისმის. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებმა "ქცევის კოდექსს" ხელი მოაწერეს. "ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვეცნობით იმ ინფორმაციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის მხრიდან ისმის. ასევე ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობთ. ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ამ სფეროში. ძალიან კარგი იყო, როდესაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა და ასევე პარტიებმა ხელი მოაწერეს "ეთიკის კოდექსს". ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება ეს არჩევნები",-განაცხადა ჰარცელმა.

"მოვუწოდებთ მთავრობას, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია დაყოვნების გარეშე მოახდინოს"

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, წინასაარჩევნოდ კიბერუსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესია. როგორც მან კიბერუსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რაც დღეს ამ თვალსაზრისით არსებობს. "მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობა მივიღე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების ფორუმში, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თითოეული მათგანი კიბერუსაფრთხოებას და ამ კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებას, ასევე იმ მიმართულებით მუშაობას, რაც გულისხმობს კიბერ-ქსელების, ინფორმაციის დაცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, რათა თითოეული ამომრჩეველი დარწმუნებული იყოს, როცა საარჩევნო უბანზე წავა და ხმას მისცემს, მისი ინფორმაცია დაცული იყოს. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაყოვნების გარეშე მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა განისაზღვროს როლები და მოვალეობები კიბერსივრცეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემები, რათა კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საფრთხეები იარსებებს",-განაცხადა დეგნანმა.

"მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ"

უკიდურესად შეშფოთებულები ვართ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ფაქტების გახშირებით, განსაკუთრებით კი სომხეთის მიერ თოვუზის რაიონში მოწყობილი სამხედრო პროვოკაციის შემდეგ,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75 სხდომის დებატების დროს განაცხადა, რომელიც ვიდეო ფორმატში გაიმართა. „სახელმწიფო საზღვარზე აქტიური სამხედრო შეტაკებები 16 ივლისს შეწყდა, მეორე დღეს, 17 ივლისიდან სექტემბრამდე, სომხეთისთვის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით ათასი ტონა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მომსწრეები გავხდით,“- აღნიშნა ალიევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან. „იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ შეუძლია მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინოს, ვვარაუდობთ, რომ მას იარაღს უფასოდ აწვდიან,“- აღნიშნა ალიევმა. მან ქვეყნებს მოუწოდა, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ. „აგრესორის იარაღით მომარაგება, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, მნიშვნელოვნად არღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ოკუპანტი სახელმწიფოს ახალი სამხედრო პროვოკაციების წამოწყებას. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ სომხეთისთვის იარაღის მოწოდებისგან ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

Facebook-მა რუსეთში შექმნილი, 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი წაშალა

კომპანია Facebook-მა ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც კომპანიის განმარტებით, რუსეთშია შექმნილი და რომელთა სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოადგენდა. კერძოდ, Facebook-ის განცხადებით, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში. აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთში იყვნენ წარმოშობილი ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე იყვნენ ორიენტირებული. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ. კომპანია Facebook-ში აღნიშნულ კოორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოსა და 2020 წლის თებერვალში წაშლილ ქსელებს უკავშირებენ. „იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებენ

აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კანადა, რომლებიც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არ აღიარებენ ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად, აპირებენ, რომ სანქციები დაუწესონ ბელარუსის რეჟიმის იმ მოხელეებს, რომლებსაც კავშირი აქვთ საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებასთან და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან. როგორც ოთხმა სხვადასხვა ანონიმურმა წყარომ უთხრა სააგენტო „როიტერსს“, სანქციების შემოღების შესახებ სამმა სახელმწიფო, შესაძლოა, პარასკევს გამოაცხადოს აღნიშნული გადაწყვეტილება. დანია, ლატვია, ლიტვა, გერმანია, სლოვაკია, ჩეხეთი და ესტონეთი აცხადებენ, რომ ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების სია, მაგრამ მისი მიღება არ ხერხდება კვიპროსის წინააღმდეგობის გამო. კვიპროსი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა ზომებს მიმართოს თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების სადაზვერვო სამუშაოს ატარებს. 23 სექტემბერს მინსკში სპეცრაზმის წევრებმა ხელკეტებით და წყლის ჭავლით შეუტიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მეექვსე ვადით დადო ფიცი, მიუხედავად მისი გადადგომის მოთხოვნით უკვე ექვსი კვირაზე მეტხანს მიმდინარე, უპრეცედენტო აქციებისა. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლუკაშენკას მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ლიდერმა მიულოცა გამარჯვება. მათ შორის არიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები.

საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 16 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების დროიდან ეს რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, წინა რეკორდი ქვეყანაში 19 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსის 13 492 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, კოვიდ 19-ს საფრანგეთში 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 31 511-ს მიაღწია. საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა რეანიმაციულ განყოფილებებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობამ. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით საავადმყოფოებში 4 250 პაციენტი გადაიყვანეს, აქედან 718 - რეანიმაციულ განყოფილებებში მოათავსეს. ინფიცირების 6 632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გაერთიანებულ სამეფოში, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში, კოვიდ 19-ს კიდევ 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 41 902-მდე გაიზარდა.

"მთავრობებმა უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვან, შესაძლოა, ეს ევროპის ბოლო შანსი იყოს"

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი სტელა კირიაკიდესი აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტთან შედარებით უფრო რთულია, შესაბამისად მთვარობებმა უსაფრთხოების ნორმების გატარებასთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ეს შესაძლოა, ევროპის ბოლო შანსი იყოს, აიცილოს ის, რაც გაზაფხულზე მოხდა“, – განაცხადა ევროკომისარმა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 14 დღეში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 პროცენტით მოიმატა შემდეგ ქვეყნებში – ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. ჩეხეთი და ესპანეთი იმ ქვეყნების კატეგორიაში არიან, სადაც ჯანდაცვის სფერო გადატვირთულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები აღარ ჰყოფნით. ამავე კატეგორიაში არის შეყვანილი ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, მალტა და რუმინეთი. შედარებით სტაბილურია სიტუაცია ბელგიაში, კვიპროსში, ფინეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ისლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიხტენშტაინში, პოლონეთსა და შვედეთში. კირიაკიდესის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ჯერ მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს გამოუმუშავდა. „შექმნილი ვითარება აჩენს მზარდ საფრთხეს რისკ ჯგუფებში მყოფი მოქალაქეებისთვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის“, – განაცხადა კირიაკიდესმა.

"საქართველოს მთავრობა ახალი ციფრული დერეფნის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, კენ ბაკის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტს, აბრეშუმის გზის ციფრულ დერეფანს ეხება. როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ პროექტის განვითარებას აფერხებს, რაც თავის მხრივ რეგიონში რუსეთისა და ირანის ციფრული გავლენის შემცირებას ხელს უშლის. „ქალბატონო თავმჯდომარე, მსურს გამოვხატო ჩემი შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის ხარისხის გაუარესებასთან დაკავშირებით. უკანასკნელი სიახლეების თანახმად, საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ძირს უთხრის ახალი ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტის განხორციელებას. თავად ახალი ციფრული დერეფანი არის ტელესაკომუნიკაციო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს რეგიონის ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური ინტეგრაციის ხარისხი და ამავდროულად, გაზარდოს ციფრულ სივრცეში რუსეთისა და ირანის გავლენისგან დამოუკიდებლობა. საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ რუსეთისა და ირანიდან მომავალი საფრთხეების შეკავება კი თავის მხრივ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს. მართალია საქართველოს მთავრობა აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მის მიერ ქვეყნის უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ინვესტორთა წინააღმდეგ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები, ხელს უშლის რეგიონისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული ახალი ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც დასავლური კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, დამატებით აფერხებს ამერიკული კომპანიების შესაძლებლობას განაგრძონ საქმიანობა საქართველოში. ვშიშობ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები აძლიერებენ ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთსა და ირანზე. როგორც NATO-ს წევრობის მსურველმა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყანამ, საქართველომ უნდა განაგრძოს რუსეთისა და ირანის გავლენის სფეროდან გამოსვლა და უნდა ფოკუსირდეს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც გვერდს უვლიან რეგიონში აშშ-ისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებს. საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა მოიზიდოს ახალი საერთაშორისო ინვესტიციები. საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს სწრაფვას, რომ ქვეყანაში აღიარებული იყოს კარგი მმართველობის სტანდარტები და დაცული იყოს ბიზნესის კეთების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დასვას ამ საკითხების მნიშვნელობა საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნდეს, რომ საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვას შეიქმნას გარემო, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ პროექტები, რომლებიც განამტკიცებენ, რომ საქართველო ირანისა და რუსეთის გავლენის სფეროში არ მოექცეს“, – ნათქვამია წერილში. ipn.ge

რუსული წყაროების ცნობით, ამერიკულმა თვითმფრინავმა აფხაზეთის "საჰაერო სივრცე" დაზვერა

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებული რადიოელექტრონული დაზვერვის ექსპერიმენტული თვითმფრინავი Bombardier Challenger 650 აფხაზეთის „საჰაერო სივრცეში“ იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას რუსული წყაროები ავრცელებენ. რესურს PlaneRadar-ის ინფორმაციით, რუმინეთის აეროპორტიდან 22 სექტემბერს აფრენილი ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი 23 სექტემბერს “მუშაობდა არა მხოლოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში, არამედ აფხაზეთშიც“.

"ევროკავშირი გაყალბებულ შედეგებს არ ცნობს - ლუკაშენკოს მანდატი ლეგიტიმური არ არის"

ალექსანდრე ლუკაშენკოს „ფიცის დადება“ და ახალი მანდატი ლეგიტიმური არ არის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირი გაყალბებულ შედეგებს არ ცნობს. შედეგად, 23 სექტემბერს გამართულ ე.წ. ფიცის დადება და ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალ მანდატს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ბელარუსის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას“, - აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

ისრაელი 10 ოქტომბრამდე სრული კარანტინის გამოცხადებას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში პარასკევიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით სრული კარანტინი გამოცხადდება. „ჩვენი მიზანია, ინფექციის გავრცელების შეჩერება. ჩვენი მიზანია, ისრაელში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში. გასულ კვირას ისრაელის მთავრობამ კარანტინი დააწესა, რომლის ფარგლებში დაიხურა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები. შეზღუდვები მოიცავს უამრავ გამონაკლისს, მათ შორის ადამიანებს საშუალება ეძლევათ დატოვონ თავიანთი სახლები, თუკი სამუშაოდ, სავარჯიშოდ, სალოცავად და საზოგადოებრივ დემონსტრაციებში მონაწილებისთვის მისაღებად მიდიან. ახალი შეზღუდვებით კი, სავარაუდოდ, ამ გამონაკლისების უმეტესობა გაუქმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეზღუდვების დასაწესებლად მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის თანხმობაა საჭირო. ისრაელში, ოთხშაბათს, კოვიდ-19-ის 6 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 200 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას გამოეხმაურა. როგორც ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა და მისი ბრძანებები ლეგიტიმური აღარ არის. „ეს ე.წ. ინაუგურაცია, რა თქმა უნდა ფარსია. სინამდვილეში, დღეს ლუკაშენკო უბრალოდ, პენსიაზე გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მისი ბრძანებები ძალოვანი უწყებებისთვის აღარ არის ლეგიტიმური და არ ექვემდებარება შესრულებას. მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ვარ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია და დღეს ჩვენი ამოცანაა, ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი“ , - განაცხადა ტიხანოვსკაიამ. მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან ბელარუსს რეალური დახმარება აღმოუჩინონ, მას შემდეგ, რაც დემოკრატია გაიმარჯვებს. შეგახსენებთ, დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა.

კანადის პრემიერი - ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯასტინ ტრიუდო მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შემოდგომაზე ეპიდვითარება უფრო რთული იქნება, ვიდრე გაზაფხულზე იყო. „გვაქვს იმის ძალა, რომ ეს მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“, - განაცხადა ტრიუდომ. ცნობისათვის,ბოლო დღეების განმავლობაში კანადაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევევის ზრდა ფიქსირდება. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 147 753 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 243 ადამიანი დაღუპულია.

მინსკში სამართალდამცავებმა 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის, “ვიესნას“ ინფორმაციით, პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა. შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და ის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

საქართველოს დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დღეს, 24 სექტემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ,,ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევის მემორიალს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს - სენატორი ჯიმ რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება. „ის ფაქტი, რომ ლუკაშენკომ „ინაუგურაცია“ საიდუმლოდ გამართა, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მან, როგორც ლიდერმა, ,ლეგიტიმურობა დაკარგა. ის ბელარუსის პრეზიდენტი აღარ არის და უნდა გადადგეს“, - დაწერა სენატორმა ჯიმ რიშმა Twitter-ზე. 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

რუსეთი ევროკავშირის მაღალჩინოსნებისთვის "შავ სიას" აფართოებს

რუსეთი ევროკავშირის მთელი რიგი მაღალჩინოსნებისთვის ე.წ. შავ სიას აფართოებს, რაც ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთი "შავ სიას" ევროკავშირის მხრიდან სანქციების საპასუხოდ გააფართოებს. „ევროკავშირის ქმედებებზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მიიღო საპასუხო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების წარმომადგენელთა სიის გაფართოების შესახებ, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ“, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე განმარტებით, რუსეთის "შავ სიაში" შეყვანილთა რაოდენობა განისაზღვრა ევროკავშირის სიის პარიტეტის საფუძველზე. ზახაროვას განცხადებით, „ბოლო დროს ევროკავშირმა მთელი რიგი არამეგობრული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან და მის მოქალაქეებთან დაკავშირებით და აბსურდული საბაბით განაგრძობს სანქციების გაფართოებას“. პრესკონფერენციაზე მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად, რომელ ინსტიტუტებს შეეხება ეს გადაწყვეტილება.

ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბო-სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატია

ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბო-სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატია. მისი კანდიდატურა, რამდენიმე წუთის წინ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარების წარდგენაზე დასახელდა. სხვა რეგიონებში კანდიდატები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: გრიგოლ ვაშაძე – ქუთაისის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია – გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე – ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი – გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე – რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი – მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი – გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე – ხაშურის, ქარელის, გორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი – ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მელიქ რაისიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა გეწაძე – ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი – წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან ფიფია – მარტვილის, აბაშის, ჩხორყუსა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუატატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა – ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია – ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე – ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბონდო თევდორაძე – ქობულეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე – ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი – დმანისის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი – თიანეთის, დუშეთისა და მცხეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დილარ ხაბულიანი – ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანუჩარ კვირველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი