ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5.5 პროცენტით მეტი, ანუ 4 400 ნებართვა 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7 პროცენტითაა გაზრდილი. საქსტატის ცნობით, ნებართვების 71,8 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3 პროცენტი თბილისზე, 9,0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. ამასთან, როგორც საქსტატში განმარტავენ, 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 12,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. სულ, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 7.9 პროცენტით მეტი, 818,6 ათასი კვ.მ ფართობის 1128 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3 პროცენტით მეტია.

აშშ-მა საქართველოს ენერგოსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად 5 წლიანი პროგრამის შესახებ გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც $17,5 მლნ-ია

აშშ-მა საქართველოში ახალი ხუთწლიანი პროგრამის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. მისი ბიუჯეტი 17,5 მილიონი დოლარია. “მოხარული ვართ განვაცხადოთ ახალი 5 წლიანი პროგრამის შესხებ ქართველი ხალხის ენერგოუსაფრთხოების გასამტკიცებლად. როგორც ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, ეს ინიციატივა დაეხმარება ქართულ ოჯახებს, ბიზნესებსა და თემებს სტაბილური, მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგიის მიღებაში. ამ პროგრამით ხელს შევუწყობთ საქართველოს, გააძლიეროს მედეგობა მავნე გავლენების წინააღმდეგ, მათ შორის იმპორტირებულ ენერგიაზე ზედმეტი დამოკიდებულებისა და ენერგო ინფრასტრუქტურაზე მიმართული კიბერშეტევების წინააღმდეგ. ამასთანავე, USAID-ის აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს, გააღრმავოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და გახადოს ქვეყნის ენერგოსექტორი უფრო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და კერძო ინვესტორებისთვის მიმზიდველი", - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. USAID-ის ენერგეტიკული პროექტის პრეზენტაციას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც დაესწრო. მან განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის დახმარებით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, 5 წლიანი პროგრამა იწყება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკული მომავლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეწოდება. „აშშ-ის მთავრობა, ტრადიციულად, გვეხმარება ენერგეტიკული რეფორმის გატარებასა და ქართული ენერგეტიკის განვითარებაში. ჩვენი რეფორმების, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ენერგეტიკული სექტორი გავხადოთ სრულად დამოუკიდებელი, ძლიერი, დაყრდნობილი საკუთარ რესურსზე და ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, რაშიც ჩვენი ამერიკელი მეგობრები დაგვეხმარებიან “, - განაცხადა ნათია თურნავამ. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში წარმოადგენს 5 წლიან პროექტს, რომლის ბიუჯეტი 15, 7 მილიონი აშშ დოლარია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის აუცილებელია საკუთარი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება - ეს არის ჰიდროსადგურები, ქარისა და მზის სადგურები და განახლებადი ენერგიის სხვა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის. „ცხადია, უნდა გვქონდეს აქტიური ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვაპირებთ, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დასაკავშირებლად, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი წყაროები უნდა გვქონდეს და ვიყოთ ძალიან ძლიერები ამ თვალსაზრისით. ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის არის ადგილობრივი ენერგიის წყაროებზე დაყრდნობილი ახალი სადგურების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, რაც ჩვენი ქსელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახთან ხარისხიანად, გამართულად, ყოველგვარი წყვეტის გარეშე მივიტანოთ ელექტროენერგია და ამისთვის ჩვენი ქსელებიც განვითარდეს“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. USAID-ის ენერგეტიკული პროექტი საქართველოს ეხმარება ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში და ხელს უწყობს სტაბილური, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ბაზარის ჩამოყალიბებას.

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია ძალაში შევიდა

იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებული ტექსტი ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალმა ტექსტმა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე მოქმედი 1986 წლის საგადასახადო შეთანხმება ჩაანაცვლა. „აღსანიშნავია, რომ „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის გაფორმება მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებში, ვინაიდან ახალმა ტექსტმა ჩაანაცვლა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის მანამდე მოქმედი 1986 წლის საგადასახადო შეთანხმება. ახალი კონვენცია ეფუძნება შემოსავლებსა და კაპიტალზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამ დროისთვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 57 ქვეყანასთან”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 7 ივნლისს, საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

საქსტატი: თბილისში უძრავი ქონება 10.1%–ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1%– შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 8.9%–ით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით -1.3%–იანი ფასების კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში. ამავე პერიოდში, ფასები 2.2%–ით გაიზარდა კერძო სახლების სეგმენტში. 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 17.9%–ით, ხოლო ბინებზე – 7.5%–ით.

ირაკლი ღარიბაშვილი: პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია

„პირველ 6 თვეში გვაქვს 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა საშუალება, რომ წელს არც ერთი ლარი სესხი არ აგვიღია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამან საშუალება მისცა მთავრობას, მილიარდზე მეტით გაეზარდა ბიუჯეტი. „ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში. 45%-იანი აპრილში, 25%-იანი მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. 12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი. ბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა უკვე კორექტირებული ბიუჯეტი. ამან მოგვცა საშულება, რომ დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილი: ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო აქციების შედეგია

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის დადებით ტენდენციების გათვალისწინებით, წარმოდგენილ პროექტში ეკონომიკური ზრდის მაჩვნებელი 7,7 %-ს შეადგენს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი ეს პროგნოზი დაადასტურა და მათი განახლებული პროგნოზიც ანალოგიურია“, -აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, დაგეგმილი მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალებას იძლება გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტის გაზრდის სამი ძირითადი მიზანი იყო: დეფიციტის შემცირება, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა და COVID-19-ის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით: დეფიციტი მცირდება 7, 6 დან 6,9%-მდე; სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 %-მდე; ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს; ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით. პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 600 მლნ ლარით. COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი იზრდება 446 მლნ ლარით და შეადგენს 846 მლნ ლარს, მათ შორის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში არსებული გეგმის მიხედვით მოსახლეობის 60%-ის აცრისთვის საჭირო ვაქცინების შესყიდვის ხარჯებისათვის გათვალისწინებულია 150.0 მლნ ლარზე მეტი. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 36.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 642.8 მლნ ლარის ოდენობით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 90.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 456.6 მლნ ლარის ოდენობით

ავიაკომპანია Belavia ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

4 აგვისტოდან, ავიაკომპანია Belavia ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფრენები შესრულდება 2021 წლის 27 ოქტომბრამდე. "მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან, ავიაკომპანია Belavia მინსკი - ქუთაისი - მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები შესრულდება მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

აზიის განვითარების ბანკი განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2021 წელს 7.2%-მდე ამცირებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2021 წელს განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აპრილში ნავარაუდევ 7.3%-თან შედარებით, 7.2%-მდე ამცირებს, რადგან კორონავირუსული დაავადების განახლებული გავრცელება რეგიონის ზოგიერთი ეკონომიკის აღმასვლას აფერხებს. 2022 წლის ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 5.4%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. ჰონგ კონგის, კორეის რესპუბლიკის, სინგაპურისა და ტაიპეი, ჩინეთის ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების გამოკლებით განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 2021 წელს 7.5%-ით და 2022 წელს 5.7%-ით განისაზღვრა, შესაბამისად მოსალოდნელ 7.7% და 5.6%-თან შედარებით. ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის — აზიის განვითარების პროგნოზის 2021 დამატება, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში რეგიონის ეკონომიკებისა და ინფლაციის დონეების განახლებულ პროგნოზებს აქვეყნებს. "COVID-19-ის პანდემიისგან აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის გაჯანსაღება გრძელდება, თუმცა განახლებული კოვიდ-აფეთქებების, ახალი ვარიანტებისა და არასტაბილური ვაქცინაციის ფონზე რისკები მაინც რჩება. ვირუსის შეკავებისა და ვაქცინაციის ზომების გარდა, ეკონომიკური აქტივობების, მაგალითად, ვაჭრობის, წარმოებისა და ტურიზმის ეტაპობრივი და სტრატეგიული აღდგენა მთავარი ფაქტორი გახდება მწვანე, მრავალმხრივი და მდგრადი განახლებისთვის", - განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. "COVID-19-ის პანდემია ეკონომიკური ზრდისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს, რადგან ვირუსის აფეთქებები მრავალ ეკონომიკაში კვლავაც გრძელდება. მაისის შუა რიცხვებში რეგიონში დღიურმა დადასტურებულმა შემთხვევებმა 434,000 შეადგინა. ეს რიცხვი ივნისის ბოლოსკენ 109,000-მდე შემცირდა და უმეტესად სამხრეთი აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი მოიცვა. ამავდროულად, რეგიონში ვაქცინაცია ტემპს იკრეფს და ივნისის მიწურულს 100 ადამიანზე 41.6 დოზა გაკეთდა, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს - 39.2 დოზას აღემატება, თუმცა ჩამორჩება ამერიკის შეერთებული შტატების 97.6 დოზას და ევროკავშირის 81.8 გაკეთებულ დოზას 100 ადამიანზე. აღმოსავლეთი აზიის ზრდის პროგნოზი 2021 წელს 7.5%-მდე გაიზარდა აპრილში ნავარაუდევ 7.4%-დან, ახლად ინდუსტრიალიზებული ეკონომიკების — ჰონგ კონგი, ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა და ტაიპეი, ჩინეთი ­— მოსალოდნელზე სწრაფი აღდგენის ფონზე. ქვერეგიონული ზრდა 2022 წელს კვლავ 5.1%-თ არის მოსალოდნელი. ზრდის პროგნოზი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ასევე უცვლელი რჩება მიმდინარე წელს 8.1%, ხოლო 2022 წელს 5.5% წარმოების, ექსპორტისა და სერვისების ურყევი აქტივობის ფონზე. მიმდინარე წელს ცენტრალური აზიის ზრდის პროგნოზი აპრილში ნავარაუდევ 3.4%-თან შედარებით 3.6%-მდე გაიზარდა. ეს უმეტესად სომხეთის, საქართველოსა და ყაზახეთის — ქვერეგიონის უდიდესი ეკონომიკის, გაუმჯობესებული პროგნოზების შედეგად მოხდა. 2022 წელს ცენტრალურ აზიაში ზრდას კვლავაც 4.0%-ით ელოდებიან. სამხრეთი აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მოლოდინები 2021 წელს შემცირდა, რადგან ვირუსის განახლებულ აფეთქებებს შეკავების ზომები და შეზღუდვები დაუპირისპირდა, რაც ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. სამხრეთი აზიის ზრდის მაჩვენებელი ფისკალური 2021 წლისათვის 9.5%-დან 8.9%-მდე შემცირდა. ინდოეთში მოსალოდნელმა ზრდამ 1.0%-ით ნაკლები — 10.0% შეადგინა. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის 2021 წლის პროგნოზი 4.4%-დან 4.0%-მდე შემცირდა, ხოლო წყნარი ოკეანის ეკონომიკების — 1.4%-დან 0.3%-მდე. 2022 წელს აღნიშნული ქვერეგიონების მაჩვენებლები შესაბამისად 7.0%, 5.2% და 4.0%-მდე გაიზარდა. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 2.4%-მდე გაიზარდა აპრილში ნავარაუდევ 2.3%-დან, რაც ნავთობსა და ფართო მოხმარების საქონელზე ფასების მატებითაა ნაკარნახები. 2022 წლის პროგნოზი უცვლელად რჩება 2.7%. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი", - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს შიდა მიმართულებებით ფრენების სიხშირეები იზრდება

ივლისსა და აგვისტოში ნატახტარი-მესტია-ნატახტარი, ასევე თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზებზე სიხშირეების რაოდენობა იზრდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სიხშირეების სვანეთსა და აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდით არის გამოწვეული. ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისები ივლისიდან კვირაში 5 სიხშირით: ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი კვირაში ოთხი სიხშირით: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათი შესრულდება. "უკვე მრავალი წელია მაღალმთიან რეგიონსა და აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო შიდა ფრენებს ასუბსიდირებს. ამ ყველაფერს კი კოორდინირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უწევს. ვინაიდან, დღესდღეობით ქვეყანაში, პანდემიის მიუხედავად, ტურისტეების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, სეზონზეც პოზიტიური ტრენდი გვაქვს და საჰაერო ხომალდზეც დატვირთულობა გაიზარდა, ზაფხულის პერიოდში სიხშირეების გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. შეგახსენებთ, ნატახტარიდან მესტიაში საჰაერო გზით მოხვედრა მოხვედრა 50 წუთშია შესაძლებელი, ხოლო თბილისიდან ბათუმამდე კი ემბრაერის ტიპის საჰაერო ხომალდით 60 წუთში.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე საჰაერო მიმართულებებისა და ფრენის სიხშირეები იზრდება

საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები განაგრძობენ ახალი მიმართულებების დამატებას და არსებულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდას. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაგადამყვანების მიერ წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგში შემდეგი ცვლილებებია: • ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა დაიწყო მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელება თბილისი - დამამი - თბილისი საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 12 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; • ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი (ეგეოსის ავიახაზები), მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ფრენები შესრულდება კვირაში 4 სიხშირით; • ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე, სტამბოლი - ბათუმი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით. დამატებითი რეისი განხორციელდება ყოველ შაბათს (სულ კვირაში 5 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში); • ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე წელს შემოვიდა, დაამატა ახალა რეგულარული მიმართულება. შიმკენტი - ქუთაისი - შიმკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდება 14 ივლისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და კვირას. ამასთან ავიაკომპანიამ დაამატა სიხშირეები არსებულ საჰაერო ხაზებზე. კერძოდ, 1 სიხშირით გაიზარდა ოპერირება ატირაუ - ქუთაისი - ატირაუს მიმართულებით, 12 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში (სულ, კვირაში 3 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში), ხოლო 10 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე, ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანის საჰაერო ხაზზე დაემატება კვირაში 1 სიხშირე (სულ კვირაში 4 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში); • არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia მიმდინარე წლის 17-24 ივლისის პერიოდში გეგმავს 12 დამატებითი რეისის შესრულებას შარჯა - თბილისი - შარჯას მიმართულებით; • კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამატებს 3 სიხშირეს დოჰა - თბილისი - დოჰას საჰაერო ხაზზე 15 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში. ჯამში, დედაქალაქებს შორის ფრენა კვირაში 10 სიხშირით შესრულდება; • ისრაელის სახელმწიფოს ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ი ამატებს სიხშირეს თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე. დამატებითი ფრენა შესრულდება 20 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს (სულ, 7 სიხშირით კვირაში); • არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 24 ივლისამდე, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე გეგმავს 11 დამატებითი რეგულარული ფრენის შესრულებას; • ავიაკომპანია Jordan Aviation-ი გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ამანი - თბილისი - ამანის საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 16 ივლისიდან 31 აგვისტომდე - ყოველ ორშაბათს და პარასკევს; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს მოთხოვნილი მიმართულებებით / სიხშირეებით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ. "გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სებ: 2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ დოლარი შეადგინა

2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით (32.7 მლნ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა. 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც სესხის სახით შეიძლება წელს მიგვეღო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გამოეხმაურა ევროკომისიის განცხადებას, მოსამართლეთა დანიშვნისა და საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური ტრანშის თაობაზე. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, "ევროკავშირის ფინანსური ტრანშის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული". გიორგი კაკაურიძის თქმით, საუბარია 75 მილიონ ევროზე ჯამურად, საიდანაც დაახლოებით 10 მილიონი გრანტის სახით უნდა ყოფილიყო ჩარიცხული. მისივე თქმით, თანხები გათვალისწინებული იყო წლევანდელ ბიუჯეტში, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო ამ ტრანშს ვერ მიიღებს, ბიუჯეტს პრობლემა არ შეექმნება და არც ერთ მიმართულებას ამ მიზეზით დაფინანსება არ შეუმცირდება. „მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ რაც სამუშაო დონზე იყო განხილვები, დიდი რისკი, რომ ეს თანხა არ ჩამოსულიყო, არ იყო. მე ვიცი, რომ პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობდნენ ევროკავშირის შესაბამის ექსპერტებთან, სადაც დეტალურად იხილავდნენ, თუ რა იყო გასაკეთებელი და რა ღონისძიებები გატარდა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, არ იქნება სასურველი, რომ თანხა არ ჩამოვიდეს, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში გაწერილია ეს თანხა შემოსავლების ნაწილში. თუ რა როგორ იქნება, ამას შეაფასებენ ევროკავშირის ექსპერტები, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა, რა იყო ჩადებული იმ ე.წ. მატრიცაში, რომელსაც მოსდევს უკვე თანხის ჩამორიცხვა და ამის მერე მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას. ბუფერები იმისთვის არის ბიუჯეტის დეპოზიტებზე, რომ ნაკლები სესხის შემთხვევაშიც, ბიუჯეტის ხარჯებს პრობლემა არ შეექმნას, არც ერთ მიმართულებას დაფინანსება არ მოაკლდება, აქ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც სესხის სახით შეიძლება წელს მიგვეღო. ამ თანხის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული", - განაცხადა კაკაურიძემ. ევროკომისია მოსამართლეების არჩევაზე: ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ვროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2022 წლის 31 იანვრამდე გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ამის შესახებ ვეროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მოჰყვა მინსკის შეთანხმების შესრულების მდგომარეობის შეფასებას ევროპული საბჭოს 2021 წლის 24-25 ივნისის სხდომაზე. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველყოფაში, რაც ევროკავშირის პოზიციის შეცვლის მთავარი პირობაა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ შეთანხმებებს რუსეთი სრულად არ ასრულებს, ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად გადაწყვიტეს, გაახანგრძლივონ ეკონომიკური სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს დააწესეს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის საპასუხოდ. სანქციები გახანგრძლივდა 2014 წლის სექტემბერში, ხოლო 2015 წლის მარტში, ევროსაბჭო შეთანხმდა, რომ სანქციების ხანგრძლივობა დაუკავშირდება მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას. სანქციები ზღუდავს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე შესვლას გარკვეული რუსული ბანკებისა და კომპანიებისთვის და კრძალავს ფინანსური დახმარების ფორმებსა და შუამავლობას რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, ასევე კრძალავს თავდაცვასთან დაკავშირებული მასალების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტს, ექსპორტს ან გადაცემას. სანქციები კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გარკვეულ სენსიტიურ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. ეკონომიკური სანქციების გარდა, ევროკავშირმა მიიღო სხვადასხვა სახის ზომები რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიისა და უკრაინის განზრახ დესტაბილიზაციის საპასუხოდ. ეს მოიცავს: დიპლომატიურ ზომებს, ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებს (აქტივების გაყინვა და მოგზაურობის შეზღუდვები) და ყირიმთან და სევასტოპოლთან ეკონომიკური ურთიერთობების სპეციფიკურ შეზღუდვებს.

კელი დეგნანი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კენკროვანი კულტურების ფორუმს „გურია 2021" დაესწრნენ. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო წლებია, საქართველოს მეხილეობაში და, ზოგადად, სოფლის მეურნეობაში, კენკროვანი კულტურები ძალიან პოპულარული გახდა. ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაში სირთულეები და გამოწვევები ბევრია; სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ ფორუმზე, რომელსაც კენკროვანი კულტურების განვითარებაში ჩართული ყველა მხარე ესწრებოდა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ USAID-თან; მათი ახალი პროგრამა, სახელმწიფოსთან ერთად, ტექნიკურ დახმარებას უწევს როგორც ფერმერებს, ასევე გადამმუშავებლებს, რათა მათი პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, გურია ლიდერობს კენკროვანი კულტურების გაშენების თვალსაზრისით. შედეგები მზარდია; სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაფინანსებულია 2500 ჰექტრამდე ახალი, თანამედროვე კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 45 მილიონ ლარს შეადგენს, ჯამური ინვესტიცია კი, 60 მილიონ ლარს აღემატება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ფორუმის მონაწილეებმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს, „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის" დეტალები განიხილეს და თანამედროვე ცოდნასა და აგროტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მწარმოებლებმა ფორუმის მონაწილეებს ის გამოწვევები გაუზიარეს, რაც კენკრის ექსპორტის და მარკეტინგის მიმართულებით არსებობს და რაც დარგის კონკურენტუნარიანობის გაზრდას უკავშირდება. „კენკროვანი კულტურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ძალიან იმედის მომცემი სექტორია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საექსპორტო ღირებულებამ 4 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ზრდის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. USAID და ამერიკის საელჩო მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარს უჭერს მწარმოებლებს ახალი საშუალებების დანერგვაში, იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსავლიანობა, გაიზარდოს ხარისხი; შესაბამისად, ვთანამშრომლობთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე მთავრობასთან. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნას", - განაცხადა კელი დეგნანმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯაში გამართულ კენკროვანი კულტურების ფორუმს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კენკრის მწარმოებლები ესწრებოდნენ.ფორუმი „გურია 2021“ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო არიან დაინტერესებულნი საქართველოში კაპიტალდაბანდებით

დიდი ინდური ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში ჰიდროელექტროენერგიის, მადნეულის სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ეს ყველაფერი თქვენი ძალისხმევის პასუხად ხდება, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო არიან დაინტერესებულნი საქართველოში კაპიტალდაბანდებით. „დიდი ინდური ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში. ჰიდროელექტრიენრგიის, მადნეულის სფეროსი. სოფლის მეურნეობაშიც არის დაინტერესება ინდოელი ინვესტიციების მხრიდან და ეს ყველაფერი თქვენი ძალისხმევის პასუხად ხდება. საქართველოში იოლია ბიზნესის კეთება. ამისთვის მადლობას გიხდით დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი კეთილგანწყობა არსებობს ინდოეთში. ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო არიან დაინტერესებულნი საქართველოში კაპიტალდაბანდებით და მოუთმენლად ველით საქართველოში ვაჭრობის განვითარებასაც. ინდოეთში ჩვენ დღეს ახალი პროექტები და სქემები გვაქვს შემუშავებული, იმისათვის, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად წახალისდეს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მოქმედი მეწარმეები, რომლებიც აზიის მიმართულებით აპირებენ გაფართოებას, ამ სქემებში ჩაერთვებიან. მადლიერნი ვართ იმ თანმიმდევრული მხარდაჭერისა, რომელიც გაეროს, საერთაშორისო, მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში გვაქვს საქართველოს მხრიდან. ჩვენ კარგი დისკუსია გვქონდა რეგიონული საკითხების შესახებ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება დღეს - ჩვენი ეროვნული ლიდერის ძეგლის გახსნა თბილისში, ეს ძალიან დიდი მადლიერების საფუძველს გვაძლევს, მიგვაჩნია, რომ ეს არის კულმინაცია იმ თანამშრომლობის და მეგობრობისა, რომელიც თქვენთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ამბიციური გეგმა გვქონდეს სამომავლო ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას პრემიერ-მინისტრო, ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და მისი სახელით ვაცხადებთ, რომ ძალიან დიდი პატივია, რომ თქვენთან ვიყოთ ასოცირებულნი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი საზოგადებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში ინდოეთიდან. „მიმაჩნია, რომ ბევრი რამით შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილნი, ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში ინდოეთიდან. 8 000 სტუდენტი სწავლობს საქართველოში ინდოეთიდან და 50 000 ტურისტი ჩამოდის საქართველოში. მე ძალიან მახარებს, რომ ჩვენი ცნობილი ფილმებიც საქართველოში გადაღებულა. თუმცა, ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ წინსვლისთვის, რაც გაკეთდა საქართველოსა და ინდოეთს შორის, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რომ შენარჩუნდეს ეს დინამიკა და ორ მთავრობას შორის ძალიან აქცენტირებული თანამშრომლობა შედგეს. ამას მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო დაკავშირებადობის საკითხებს. „დღეს, ამ მცნებას, დაკავშირებადობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აკისრია იმისთვის, რომ გაძლიერდეს და უფრო მდგრადი გახდეს ქვეყნები საერთაშორისო გადაზიდვების, იქნება ეს საზღვაო, სახმელეთო, თუ საჰაერო გადაზიდვების კუთხით და ბევრი სხვა ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ძალიან სწრაფი ტემპებით დავაჩქაროთ ჩვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს-სომხეთის საზღვართან, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მდინარე დებედაზე, ახალი, „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობთ, ახალი ხიდის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა, ამავე ბანკის ერევნის ოფისის ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვინდაძემ და ორი ქვეყნის სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო. ხიდის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევა მოუწიათ მხარეებს პროექტის მომზადების ეტაპზე და სამშენებლო სამუშაოების აქტიურ ფაზაში გადასვლის გათვალისწინებით, იმედი გამოთქვა, რომ 2022 წლის მაისში ახალი ხიდი გახსნა იქნება შესაძლებელი. „რა თქმა უნდა, მასშტაბური პროექტი ყოველთვის სავსეა სირთულეებით და თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, კიდევ უფრო დასაფასებელია სომხური მხარის ძალისხმევა და წვლილი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენა და ჩვენ ამისთვის ინფრასტრუქტურული კუთხით მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებთ, ვცდილობთ გზებზე გამტარობა და უსაფრთხოება იყოს შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველყოფილი,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა 2019 წელს ქართულ-სომხური უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში განხილული და დასახული გეგმის მიმდინარეობას. ირაკლი ქარსელაძის თქმით, დაწყებულია რამდენიმე ახალი ხიდის მშენებლობა, გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე შემუშავებულია რუსთავი-ალგეთი-არაფლო-სადახლოს გზის 50 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია. „მეგობრობის ხიდის“ ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე კი - სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს - EBRD-ის კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს - საქართველო. სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხარულია პანდემიით და რეგიონში საომარი ვითარებით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, პროექტის აქტიურ ფაზაში გადასვლით. „ჩვენი ქვეყნებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სატვირთო გადაზიდვების განვითარება და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერა“,-განცხადა სურენ პაპიკიანმა. სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან მდებარე 1960-იან წლებში აშენებული ვიწრო ხიდი, რომელიც ამორტიზებულია, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შენარჩუნდება, გამაგრდება და ალტერნატიული გზის ფუნქციას შეასრულებს. რაც შეეხება ახალ, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდს, ექსპლუატაციაში მისი შესვლის შედეგად, შემცირდება გადაადგილების დრო და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის, კატერინა ჰანსენის თქმით, დიდია ამ პროექტის ეკონომიკური სარგებელი, რადგან კარგად ფუნციონირებადი სასაზღვრო გამტარი პუნქტი ხელს შეუწყობს ტურიზმის და შესაბამისად, ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. „განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წელი გავიდა საზღვრების ჩაკეტვიდან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. მოუთმენლად ველი საზღვრების გახსნას, რათა მოგვეცეს საშუალება, რომ ვიმოგზაუროთ როგორც სომხეთში, ისე საქართველოში. EBRD მხარს უჭერს ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მადლიერი ვართ მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. რა თქმა უნდა, მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისათვის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, არამედ ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ამ ორი ქვეყნის განვითარებას წაადგება,”- აღნიშნა კატერინა ჰანსენმა.

აშშ-მა 34 უცხოურ კომპანიას სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 34 უცხოურ კომპანიასა და სუბუექტს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ჩინეთის სამხედრო და უიღურული უმცირესობის მიმართ გატარებულ პოლიტიკასთან, სანქციები დაუწესა. მათ შორის სანქციები დაუწესდა იმ სუბიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ირანში ექსპორტის დაშვების საკითხში. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა "შეერთებულ შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობის ან მათში ჩართვის რისკის გამო". აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა 8 სუბიექტის წინააღმდეგ აშშ-ის ტექნოლოგიის ექსპორტისთვის ირანში, 7 ადამიანი კი სანქცირებულია რუსეთის სამხედრო ძალებში მონაწილეობის გამო. ჩინეთში დაფუძნებული 14 კომპანია მოხვდა შავ სიაში უიღურული უმცირესობის მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო. ხოლო, ხუთი ადამიანი ჩინეთის სამხედრო ძალებს ლაზერების შეძენაში ეხმარებოდა. შეერთებულმა შტატების თქმით: ”ჩინეთი განაგრძობს გენოციდს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს”. გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში მხვდა რუსეთის სამ კომპანია და სამი ფიზიკურ პირი.

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, 2021 წლის ექვს თვეში საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია. სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია. სააგენტოს ცნობით, ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 31 პროცენტი (2864152), ჩინეთი – 10 პროცენტი (2762922), ლიეტუვა – 38 პროცენტი (245940), ლატვია- 2 პროცენტი (809106), აშშ – 35 პროცენტი (502353), გერმანია – 4 პროცენტი (364459), ესტონეთი – 3 პროცენტი (348538) დიდი ბრიტანეთ – 60 პროცენტი (283 830). სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი, ჯამში 322-მა კომპანიამ განახორციელა

მარიამ ქვრივიშვილი: გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა ქუთაისის აეროპორტიდანაც განახორციელოს ფრენები. ამის შესახებ მან ,,დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. „ორი კარგი სიახლეა - პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი. პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. თუმცა, გვაქვს აქტიური მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ. აქვე გეტყვით, რომ Eurowings-ის პირველი რეისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა, სავსე იყო ტურისტებით. დიახ, ასეთი მაგალითები გვიჩენს იმ დადებით მოლოდინებს, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა. გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა

რა სფეროებს მოხმარდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევრო

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევრო სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება. როგორც მინისტრმა განმარტა, ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება სწორედ ყველაზე მეტად სტრატეგიულ დარგებს, რაც გაერთიანებულია დაკავშირებადობის მიმართულებით, რაც ნიშნავს საქართველოს და ევროპას შორის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების გამყარებას, ეს ეხება ციფრულ სერვისებს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც გაივლის შავ ზღავზე, ეს ეხება ელექტროგადამცემ ქსელებს და ელექტროგადამცემ მაღალი ძაბვის კაბელს, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის და სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე ვართ გადასულები, ეს ეხება საბორნე-საფიდერო მიმოსვლის გააქტიურებას ჩვენს პორტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს შორის, რაც უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ლოგისტიკურ პოტენციალს და განამტკიცებს ჩვენს როლს დერეფანში. რაც მთავარია, ეს არის მცირე ბიზნესის მიმართ დახმარება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის სოლიდური ფინანსური ინვესტიცია განახორციელოს, საიდანაც 3,9 მილიარდი გათვალისწინებულია საქართველოსთვის. დავით ზალკალიანი: ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ფინანსური ინვესტიციის განხორციელებას, საიდანაც 3,9 მილიარდი საქართველოსთვისაა გათვალისწინებული