ეკონომიკა

დღეიდან, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

დღეიდან, საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. 8 ივლისს საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, ბიუჯეტის შემოსავლები - 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში: COVID19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები 446,0 მლნ ლარით იზრდება; ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით; ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი; განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით; დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროსთვის.

საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკასს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და პოლონეთს შორის აქამდე მოქმედ, 2006 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას. ახალ დოკუმენტში შევიდა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის, დივიდენდის, პროცენტის და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები შემცირდა და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ის ოდენობით. "ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნათია თურნავა: მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი პოლონეთის მოქალაქე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხეთაგუროვის ქუჩაზე დაესხნენ თავს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას თქმით, მოხდა სამწუხარო ფაქტი და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენს იმიჯს, როგორც ტურისტული ქვეყნის. მისივე განცხადებით, პოლონელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი არის ერთეული სამწუხარო შემთხვევა და არ ასახავს ტურისტებთან დამოკიდებულებაში ქვეყანაში არსებულ სურათს. მინისტრის თქმით, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა ფაქტზე და შემთხვევა, რომელსაც უშუალო კავშირი არ აქვს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან, ბოლომდე გამოძიებულია. „მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა პანდემიის შემდეგ დროულად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია, გაუმჯობესდეს ტურისტული გარემო და ინფრასტრუქტურა. პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა და ნებისმიერი ტურისტი უსაფრთხოდ გრძნობს და იგრძნობს თავს საქართველოში, სადაც მათი უსაფრთხოება დაცულია. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს ჩვენთან, რომელთაც უსაფრთხო გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლებთ საქართველოს ნებისმიერ რეიონში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

პრემიერისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრების შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე კოვიდპანდემიის უარყოფით გავლენაზე იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს. "აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში 25%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც წლევანდელი პროგნოზი შეცვალა და მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი იქნება. ყურადღება გამახვილდა ათწლიანი განვითარების გეგმაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბიზნესის წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორებისა და დონორების ჩართულობით მუშავდება. მთავრობის მეთაურმა საბანკო ასოციაციის წევრებს მიმართა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გრძელვადიანი ხედვის დოკუმენტის სრულყოფაში, რაც მასში საფინანსო სფეროს პრიორიტეტების მაქსიმალურად ასახვას შეუწყობს ხელს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან ეკონომიკის სტიმულირების ხედვებზე ისაუბრეს და საფინანსო სექტორისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი განვითარების ხედვის პირველადი დოკუმენტი მზადაა და მის სრულყოფაში ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, უცხოელი პარტნიორები და დონორები ჩაერთვებიან. „მინდა, დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ჩვენ, გასულ კვირას, დავიწყეთ თემატური პრეზენტაციები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, დღეს ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ოკუპაციის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და ჩვენი მოსახლეობის სიღარიბე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა.„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავება; პირველადი დოკუმენტი მზადაა და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღიად ჩავრთოთ ამ პროცესში როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, რათა მომდევნო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენ სრულყოფა გავუკეთოთ ამ დოკუმენტს, შევთანხმდეთ, რომ ეს არის ის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვიმოძრაოთ. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, შეიძლება ამ დოკუმენტის განახლება მოხდეს. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი, რომ ეს არის სწორი გზა, რომ ეს მოუტანს რეალურად ინკლუზიურ ზრდას, რომ ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტექსტი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა 2030" - პრეზენტაციას დაესწრო

ნათია თურნავას განცხადებით, პირველ და მეორე შვილზე - იპოთეკური სესხის 6%-ს, მესამეზე - 8%-ს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

ნათია თურნავას განცხადებით, პირველ და მეორე შვილზე - იპოთეკური სესხის 6%-ს, მესამეზე - 8%-ს სახელმწიფო დაასუბსიდირებს, - სახელმწიფო პროგრამის „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ შესახებ დეტალები დღეს ეკონომიკის მინისტრმა ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას გააჟღერა. ეკონომიკის მინისტრს პროგრამის დამტკიცებისა და ამოქმედების ზუსტი თარიღი არ უთქვამს, არც მისი ბიუჯეტი, თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა მალე ამოქმედდება. „კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ვიწყებთ, ეს „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ პროგრამაა, რომელიც პრემიერის უშუალო ჩართულობით მოვამზადეთ. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი და მოინდომებენ თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საკმაოდ სოლიდური დოზით, იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გასწევს. აქ ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას დღევანდელი მოცემულობით ბინისთვის აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იან დაფინანსებაზეა საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა და როგორც კი ეს პროგრამა დამტკიცდება და ამოქმედდება, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ამ პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის -"ეკონომიკა 2030" - შესახებ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია სახელწოდებით, „ეკონომიკა – 2030“ გამართა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ 10-წლიან სამთავრობო გეგმაში ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია. ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინკლუზიური ზრდისკენ, ეკონომიკურ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობისა და მდგრადი განვითარებისკენ. კერძოდ, 2012 წლის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი კლებულობს. მინისტრის განცხადებით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და საპროგნოზო მაჩვენებლის შესაბამისად, 2030 წლისთვის სიღარიბე დაახლოებით 10 პროცენტამდე დაიკლებს. პრეზენტაციაში საუბარი იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებაზე. ნათია თურნავას ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების წახალისების პროგრამა და შედეგად, გაიზრდება პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერილი ბიზნეს საქმიანობების 211-დან დაახლოებით 350-მდე. გარდა ამისა, პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ასევე მხარდაჭერილი იქნება იმ ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობა, სადაც ახალშობილის დაბადების გამო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დადგება დღის წესრიგში. მინისტრის ინფორმაციით, წარმატებით გაგრძელდება მოლაპარაკებები მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მიხედვით, თუკი დღეს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული აქვს 46 ქვეყანასთან, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 57 – მდე გაიზრდება. პრეზენტაციის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ტურიზმის სექტორის გამოყვანას დაეთმო. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნულ დარგს ინკლუზიურობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი აქვს ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის. „2019 წელს, როდესაც საქართველოს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან დაახლოებით 3,3 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. მთავრობის პროგნოზით, 2030 წლისთვის, ტურიზმის სექტორის სტიმულირებით, ეს მაჩვენებელი 6,5 მლრდ. აშშ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 13 მლნ-ს შეადგენს. საქართველო აქვს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ისეთი მიმართულებების განვითარებას, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, რეგიონული ჰაბის ფუნქციას სხვადასხვა სექტორში. მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, კავშირგამბულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სხვ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, აქტიურად გაგრძელდება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული პროექტია და სხვა მნიშვნელოვან სატრანსპორტო ლოგისტიკურ პროექტებთან ერთად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ინვესტიციები ხორციელება გაგრძელდება ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში. „ჩვენ ვგეგმავთ ფართოზოლოვანი ქსელის განვითარებას 2025 წლისათვის, როდესაც საქართველოს დასახლებული პუნქტების უმეტესობა ჩართული იქნება ინტერნეტში. ეს იქნება დამატებითი სტიმული ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რათა მათ მიიღონ უკეთესი განათლება; ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რომლებიც შეძლებენ ქსელის მეშვეობით იპოვონ ბიზნეს პარტნიორები და გასაღები ბაზრები და ა.შ. ცალკე აღნიშვნის ღირსია სტარტაპების მხარდაჭერა, რომელიც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების გლობალური პროექტის ნაწილია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ სტრატეგიულ პროექტზე, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას უნდა დააკავშიროს შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის მეშვეობით. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, რომ საქართველოს მიზანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, არის უცვლელი. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მისივე თქმით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 ათას მეგავატს გადააჭარბებს. პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ მეტი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია მეტი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმის განხორციელება. მათ შორის, პრიორიტეტულია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, შედეგადაც კერძო სექტორს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი გაუუმჯობესდება. თურნავას განმარტებით, წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. „სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს აქვს 10 მლრდ აშშ დოლარის სასარგებლო წიაღისეული, საიდანაც ინდუსტრიული მარაგები 3 მლრდ აშშ დოლარია. წიაღის რეფორმის შედეგად გაგრძელდება სექტორის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით. საქართველოს საქართველო ლიდერია რეგიონში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის კუთხით, რომლის მიზანსაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ევროკავშირთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა. პრეზენტაციას პარლამენტარები, საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეიდან, ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს

დღეიდან, ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფრენები ბაჰრეინსა და თბილისს შორის 4 სექტემბრამდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება. „ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. მივესალმებით ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიის დაბრუნებას საქართველოს ავიაბაზარზე, სადაც ის 2017 წლიდან ოპერირებდა. საქართველოს ტურისტული სექტორი პოპულარობით სარგებლობს ყურის ქვეყნების მოქალაქეებს შორის, ისეთი ავიაკომპანიების მომსახურება კი, როგორიცაა Gulf Air-ი, ხელს შეუწყობს აღნიშნული არაბული სახელმწიფოებიდან ტურისტების შემოსვლას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ბაჰრეინის ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა. პირველად Gulf Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პროგნოზით, წელს, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი

წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობ ის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,02 მილიარდი ლარი იქნება. „როდესაც 4 თვის წინ დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა და რეგულაციების მოხსნა, ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა ბიზნესში და ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა 45%-ის ფარგლებში. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, რამაც განაპირობა ის, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საგარეო უწყება: აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი, საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული. "კანონპროექტის ვერსიის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-დან 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და NATO-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას. 2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ დოლარისა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს თან ერთვის განმარტებითი ანგარიში, რომლის თანახმად კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეჭყობის მიზნით, კომიტეტი მხარს უჭერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნას ფინანსურ დახმარებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას რეგიონული ჩართულობა. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ მსოფლიოში უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსების საკითხზე განმარტებით ანგარიშში აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირეებთან ერთად მოხსენიებულია საქართველოც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი რჩება მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოების ერთგული და აგრძელებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის გადამწყვეტია. შესაბამისად, კომიტეტი რეკომენდაციას უწევს განგრძობად მხარდაჭერას ისეთი მოკავშირეების მიმართ როგორებიც არიან: ისრაელი, იორდანია, მექსიკა, კოლუმბია და ინდოეთი, ისევე როგორც რუსეთის განახლებული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მყოფი, უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირელი მოკავშირეები. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, კომიტეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს მოუწოდებს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას, იმისათვის, რომ დაფინანსებამ უზრუნველყოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს უნდა წარუდგინოს 2021 ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკომისიამ და ჯოზეფ ბორელმა აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის დღის წესრიგი წარადგინეს

ევროკომისიამ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წარადგინეს წინადადება, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტებმა უახლოეს წლებში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს დღის წესრიგი ემყარება ხუთ გრძელვადიან მიზანს, რომელთა საფუძველი არის მდგრადობა, როგორც ეს 2020 წლის მარტში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის განისაზღვრა. მას გაამყარებს 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტებით, შერეული რესურსებით და გარანტიებით, 17 მილიარდი ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალით. ეს წინადადება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განხილვას, მათ შორის 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ვაჭრობის, განვითარებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, ინვესტირებას კავშირებში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერასა და სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებებების ხელშეწყობას. „აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის დღის წესრიგში კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს დღეს არსებულ უპრეცედენტო გამოწვევებს და შესაძლებლობებს და რომელიც მომავალსაც მოერგება. ჩვენი მუშაობის საფუძველი იქნება დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერების ხელშეწყობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. „ვამზადებთ ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების სტიმულირებას და ზრდას და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კეთილდღეობას მოიტანს. გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, მომავალში დემოკრატიული ბელორუსის მხარდაჭერის ჩათვლით. ეს ახალი დღის წესრიგი ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას COVID-19 პანდემიის შემდეგ, გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შექმნის სავაჭრო გზებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის”, - აღნიშნა ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. "ყოვლისმომცველი დღის წესრიგი, რომელიც აღდგენას, მდგრადობასა და რეფორმებს ეძღვნება, 2025 წლისთვის 10 მთავარი მიზნის შერჩევას მოიცავს, თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტულ სფეროში მკაფიო ვალდებულებებით. ამ სფეროებში შედის 500,000 მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი დახმარების გაწევა, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 3.000 კმ პრიორიტეტული გზების და რკინიგზის აშენება ან განახლება, ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, ენერგიის მოხმარების შემცირება მინიმუმ 20%-ით 250,000 ოჯახში, უსაფრთხო წყალმომარაგებასთან წვდომის გაუმჯობესება და ჰაერის ხარისხი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა შინამეურნეობების 80% -ში, ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დამატებითი მხარდაჭერა, 70,000 სტუდენტის, მკვლევარისა და ახალგაზრდისთვის მობილობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი არქიტექტურის გადასინჯვას, რათა ჩარჩო ახალ პრიორიტეტებს მოერგოს და დასახულ მიზანს სრულად შეესაბამებოდეს. რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ხელს შეუწყობს COVID პანდემიის შემდგომ სოციალურ – ეკონომიკურ აღდგენას და გრძელვადიან მდგრადობას, ”უკეთესი აღდგენის” დღის წესრიგის გათვალისწინებით. გეგმა ასახავს პრიორიტეტულ ინვესტიციებს და განსაზღვრავს ფლაგმანურ ინიციატივებს, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივად განისაზღვრა მათი პრიორიტეტების, საჭიროებებისა და ამბიციების გათვალისწინებით. წინადადებები განიხილება პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ჩატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩამოყალიბდა 2009 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და გაღრმავების მიზნით ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას შორის. პარტნიორობა განვითარდა თითოეული პარტნიორის ინტერესების, მისწრაფებების და წინსვლის შესაბამისად, რამაც საშუალება მისცა დიფერენცირებას, მაგრამ მოქნილი და ინკლუზიური გზით, საერთო და გლობალური გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის და რეგიონული ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის მე -5 სამიტზე შეთანხმებული ამბიციური გეგმის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ საფუძველზე აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია და ხალხის ცხოვრება გააუმჯობესა. მომავალ დღის წესრიგზე მუშაობა 2019 წელს ფართო და ინკლუზიური კონსულტაციებით დაიწყო. ამის შედეგად მიღებულმა ერთობლივმა კომუნიკაციამ: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება - აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის და საბჭოს გადაწყვეტილებებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის პარტნიორობის ახალი ხედვა ჩამოაყალიბა - სიცოცხლისუნარიანობა, როგორც ძირითადი პოლიტიკის ჩარჩო და გრძელვადიანი პოლიტიკის ხუთი ამოცანა, რომელიც 2020 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენციაზე იყო აღიარებული (ეკონომიკა და კავშირები, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, ეკოლოგიური და კლიმატური მდგრადობა, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებები). ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება ევროკომისარი: ინვესტიციებს განვახორციელებთ განსაკუთრებით შავ ზღვაში, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების განმტკიცებას ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება

ევროკავშირი და EBRD-ი ქართული კომპანიებისათვის დაფინანსებას ზრდიან

ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), პროკრედიტ ბანკის საშუალებით, ქართული კომპანიებისათვის დაფინანსებას ზრდიან. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ისარგებლებენ ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი მხარდაჭერის წყალობით. EBRD-ი 10 მილიონ ევროს სესხს პროკრედიტ ბანკ საქართველოს გამოუყოფს, ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით, ხოლო ევროკავშირი შეავსებს ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებით და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში. დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით. სესხების მინიმუმ 70 პროცენტი დააფინანსებს ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში. დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საშუალებას მისცემს კომპანიებს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა ადგილობრივად და გამოიყენონ სავაჭრო შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე. 2016 წელს პროგრამის დაწყებიდან, მხოლოდ საქართველოში, 170-მდე კომპანიამ ისარგებლა სხვადასხვა სექტორში - წარმოებიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან სამედიცინო მომსახურებამდე. სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს EBRD–ის ფინანსურმა ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა ფრენსის მალიჟმა, ხოლო პროკრედიტ ბანკის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ და დირექტორმა ზეინაბ ლომაშვილმა, EBRD-ის 2021 წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში. EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. "2009 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში ევროკავშირი ბიზნესისათვის ინიციატივის ფარგლებში. თითქმის 50 სხვადასხვა აქტიური პროექტით, რომელთა ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს აღემატება. ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოელი მხარდამჭერია. ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - მხოლოდ 2019 წელს, საქართველოში 36000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც შეიქმნა 30,000 ახალი სამუშაო ადგილი და სავარაუდოდ 400 მილიონი ევრო დამატებითი შემოსვლის მიღება. EU4Business არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს COVID-19 პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენას, არაერთი პროგრამა იღებს დამატებით ფინანსებს და ამარტივებს დასაშვებობის კრიტერიუმებს, რაც შეიძლება მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. პროკრედიტ ბანკი საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითადად გარდამავალი ეკონომიკის მქონე აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე გერმანიაში, ოპერირებს. განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომელიც დაფუძნდა მაინის ფრანკფურტში, გერმანია. პროკრედიტ ბანკი საქართველო 1999 წლიდან საქმიანობს საქართველოს საბანკო სექტორში. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანია გრძელვადიანი განვითარების გეგმის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და იმ ფიზიკური პირებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა, რომლებსაც თანხების დაზოგვის შესაძლებლობა აქვთ და თავისი საბანკო ოპერაციების დისტანციურად შესრულებას ამჯობინებენ. განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი საბანკო ოპერაციებს დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს. ეს მიდგომა მოიცავს სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას. ბანკი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თავისი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედებას და ყველა ძალისხმევას იყენებს ამ ზემოქმედების შესამსუბუქებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრემიერი: აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა

აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გაცდება ცნობილი. „აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის. საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაციის თარიღი ცნობილია ეკატერინე ტიკარაძე: ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში  7 მილიარდი ლარი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის პრიორიტეტებს ასახელებს და აცხადებს, რომ 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი იქნება. ამის შესახებ მთავრობის მეთაური Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. „მთავრობის ათწლიანი სტრატეგიის ფარგლებში, თემატური განხილვები დავიწყეთ. დღეს მოვისმინეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმები. ჩვენი ხედვით, 2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი იქნება. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა იზრდება. უკვე წელს, დავიწყებთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის პროგრამას, რომელსაც 50 მილიონი ლარით დავაფინანსებთ. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები 1 მილიარდ დოლარს შეადგენს“, - წერს პრემიერ მინისტრი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 500 ათას ჰექტრამდე გაიზრდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობი. უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება, მათ შორის, 600 000 ტონა ყურძენი. „500 ჰექტარზე შეიქმნება სასათბურე მეურნეობა. თანადაფინანსების სახით, 124 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. 50 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ხეხილის ბაღები და 15 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდება. თანადაფინანსების სახით, 340 მლნ ლარამდე გაიცემა. 400-მდე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმის შესაქმნელად, 560 მლნ ლარის ოდენობით ჯამური ინვესტიცია განხორციელდება. 2030 წელს, წყალუზრუნველყოფილი იქნება 227 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, თითქმის მთლიანად აღდგება სამელიორაციო სისტემა, რაშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. დაინერგება საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად. დაცული ტერიტორიების ფართობი 1 მლნ ჰა-მდე გაიზრდება და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს. საქართველო უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი უნდა გახდეს. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: მეტი ადგილობრივი წარმოება, სიღარიბის დაძლევა, განვითარებული რეგიონები, ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველო“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის - აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის, დამატებით 106.7 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის გუნდი ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკავშირის ბანკი დააფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება. ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას იმ საავტომობილო გზის 388 კმ სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგზაო არტერიას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების მხარდასაჭერად უკვე დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. "ევროკავშირის ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: პირველი, ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, და მეორე, რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი. ამ ორი განახლებული მონაკვეთით ავტომაგისტრალი შესაბამისად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე გაგრძელდება. მოდერნიზაციის შედეგად ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობას უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები და გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობა. აღნიშული სამუშაოების განხორციელების შედეგად ასევე გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში. „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით გაუმჯობესდება ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების პირობები, აგრეთვე გაიზრდება ქვეყნის მდგრადობა ისეთი სერიოზული რისკების მიმართ, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია. ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს სარგებელს ათწლეულების განმავლობაში მოუტანს. ეს ინვესტიცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის გუნდის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან საქართველოს დასახმარებლად. აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო“. - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე. "ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის/E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებაში. აღნიშნული ავტომაგისტრალი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს დასავლეთ საზღვართან აკავშირებს, რაც საქართველოს აზიასა და ევროპას შორის საუკეთესო სატრანსპორტო დერეფნად და ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს და აგრეთვე გვაკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდს ჩვენი რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების დღის წესრიგის მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.” - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, აღნიშნა: „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგზაო არტერიაა და ევროკავშირის შეუძლია იამაყოს იმით, რომ საკუთარი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. აღნიშნული დახმარების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები და ასევე გაძლიერდება, საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ცენტრის, პოზიცია“. "უსაფრთხო, სწრაფი და თანამედროვე კავშირი საქართველოსა და რეგიონისთვისდასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გახდება არსებული სატრანსპორტო კავშირების უფრო სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივა და საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართავს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) მოიცავს მთელ ევროკავშირს და აძლიერებს ევროკავშირის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას, ხოლო მისი გაფართოებული ქსელები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ანალოგიური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას 2012 წლიდან ეხმარება, რითიც ხელს უწყობს ევროპის გუნდის იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების გატარებისაკენ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილ იქნა დაახლოებით 1 მილიარდი ევრო, რაც ბანკის მიერ ქვყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითქმის ნახევარია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილს, რომელიც გარანტირებულია ევროკავშირის მიერ. ევროკავშირმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციები 26 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით შეავსო. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაერო: საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება

2021 წელს, საერთაშორისო ტურიზმის შემცირების სტაგნაცია დასავლეთის ზოგიერთ ბაზარზე, მთლიანობაში, 2.4 ტრილიონ დოლარამდე ზარალს მიაღწევს. საერთაშორისო ტურიზმი 2023 წლამდე პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება. - ამის შესახებ ინფორმაციას, გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. კვლევაში აღნიშნულია, ვაქცინაციასა და სერთიფიკატებს საერთაშორისო ტურისტების მიმართ ნდობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი აქვს, რაც მრავალი ქვეყნის, განსაკუთრებით, კუნძულოვანი სახელომწიფოების „მარჩენალია“, რომლებიც მნიშვნელოვნად ეყრდნობიან ტურიზმის სექტორს. UNCTAD-ის და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებელმა 73%-ით იკლო 2019 წელთან შედარებით, რამაც გლობალურად ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სექტორების $2.4 ტრილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია. "ამ წლის პერსპექტივა ბევრად უკეთესი არ ჩანს", - განაცხადა რალფ პიტერსმა, UNCTAD– ის სავაჭრო ანალიზის ფილიალის პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლებში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის მოცულობა 7 მილიარდ ლარს შეადგენს

„მთავრობის ერთ- ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს, იმპორტის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ ჩვენ მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში და ამ მიზნით წარმოგიდგენთ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ პირველად დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და დღეიდან თემატურ განხილვებს იწყებენ. მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე მუშაობა. მთავრობამ დაასრულა უკვე პირველად დოკუმენტზე სამუშაო და დღეიდან ვიწყებთ თემატურ განხილვებს. დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ძირითად დეტალებს. ამ პრეზენტაციას ჩაატარებს ბატონი ლევან დავითაშვილი. მე მინდა მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მათ დეტალურად წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. ამის გარდა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება უფრო მეტად ინკლუზიური, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, ჩვენი მოქალაქეების მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, მეტ ინკლუზიურობას. მე მინდა ლევან დავითაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ის არის ძალიან კვალიფიციური, მაღალი პროფესიონალის მენეჯერი და მინდა მას და მის გუნდს წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა.

დღეიდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში ბრუნდება

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა დღეიდან ბრუნდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Wizz Air-ი საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს. პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ჯამში, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ცხრა ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

სებ: 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მლრდ დოლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით 20.6 მლრდ დოლარი (70.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 132.9 პროცენტია. მათივე ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.6 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 467.4 მლნ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილების გამო 15.9 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების გამო - 332.8 და 127.9 მლნ დოლარით შემცირდა. "სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.9 მლრდ დოლარი (33.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 64.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ დოლარი (26.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 49.2 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 573.8 მლნ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 797.1 მლნ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 925.4 მლნ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.0 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.3 მლრდ დოლარი (42.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 79.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 37.3 პროცენტია. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 9.4 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 39.0 ათსი აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 9.4 მლნ დოლარით შემცირდა. 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 573.8 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, 204.0 მლნ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1-ლი ივლისიდან, „საქართველოს რკინიგზა“ რეისებს ამატებს და განრიგს ცვლის

1-ლი ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ გაუქმების გამო, განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც იცვლება. "აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სამგზავრო მატარებლების განრიგი და მოძრაობის დრო იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: