სამართალი

დაკავებულია კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლის სახლში ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა - საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა. მოწყობილობებში განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვეების განმავლობაში დაზარალებულების კერძო კომუნიკაციის უკანონო მიყურადებას ახორციელებდა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სასამართლომ კაბუს გირაო შეუფარდა

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. პროკურატურა მსახიობისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, ადვოკატმა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა. საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებულ თამარ მეგრელიშვილს აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. პროკურორის განმარტებით, კახა აბუაშვილი ცივ იარაღს, დანას ატარებდა. ამასთან, პროკურორის თქმითვე, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, ის ასევე განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სააფრთხეებზე მიუთითებდა.  ადვოკატ დავით სანაძის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს" არ ეკუთვნის. დავით სანაძის განცხადებით, კახა აბუაშვილს ამ მომენტისთვის ნასამართლობა არ აქვს, ის გაქარწყლებულია. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა კახა აბუაშვილის პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობს, დაზარალებული ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშაა და მისი ადეკვატურობა შესამოწმებელია. სასამართლო პროცესზე კახა აბუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ადვოკატებს აბსოლუტურად ეთანხმებოდა". ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.  

14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს, ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს. ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა. 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აქვთ წარდგენილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კოკა კაციტაძე: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში 62 სამართალდამცველი ვამხილეთ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას კაციტაძემ აღნიშნა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა, სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა კი, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო. „237 (56%) სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს”, - აღნიშნა კაციტაძემ. დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მან ვრცლად ისაუბრა სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე. კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებს და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელს დაუთმო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს. კაციტაძის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62  - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი  ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ. მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება  420 საქმეზე დაიწყო. 237 (56%)- სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს.  

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს გირაო შეეფარდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე არის ბრალდებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურამ სხდომაზე 15 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდგომ საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული მედიკოსის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან პაციენტის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა. „სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი გვქონდა შესაბამისი არგუმენტაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა. რაც შეეხება დამატებითი ღონისძიების სახით აკრძალვასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე გაეცნობა დასაბუთების ნაწილს და შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარემ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება. ყველა ის გარემოება, რაზეც ბრალდებულმა ისაუბრა, გამოძიების მიერ შესწავლილია. მიუხედავად აღნიშნულისა, მის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა გულგრილობა. ყველა ის საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, გამოძიების მიერ დეტალურად იყო შესწავლილი და ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებშია და მტკიცებულებები არსებობს,“ - განაცხადა გიორგი ნადირაძემ. პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარედგინა ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გამართა  

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგოს აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით დაზარალებული, 2021 წლის 11 აგვისტოს, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა. აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გამართა  

21,5 ტონა კარტოფილი ლაგოდეხის საბაჟოდან ბელორუსში გააბრუნეს

შემოსავლების სამსახურის ინფომრმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ლაგოდეხი," ბელარუსიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. უწყების თქმით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

შსს: 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს

7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს. "დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური. აღნიშნული ქმედება ეჭვქვეშ დააყენებს ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეულ ძალისხმევას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო დაწესებულება 5 წელიწადში დატოვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა  

იძებნება პირი, რომელიც ავტომანქანის შეძენის მსურველი 17 მოქალაქის კუთვნილი 416 451,79 ლარის მიღების შემდეგ მიიმალა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს „პრემიუმ ქარ საქართველო“ დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. „ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გამსაღებელთა ჯგუფი გამოავლინეს - საგამოძიებო სამსახური

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა გაასაღეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქალაქო სასამართლოში ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი აძლევს. საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით იკითხება. სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყველაფერს სასამართლოში იტყვის. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, ნოღაიდელის ჩვენება მნიშვნელოვანია. „ზურაბ ნოღაიდელს, 2005-2007 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია ეკავა, ამავდროულად, ის უშიშროების საბჭოს წევრი იყო და მისი ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი ბრძანება, მათ შორის, გულისხმობდა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გარკვეული მოხსენებების წარდგენას. 2006 წელს შეთანხმდა ძალიან ბევრი მონაკვეთი საქართველოს საზიანოდ, მათ შორის, ჩიჩხიტურის კოშკიდან 100 მეტრის დაშორებით,” - განაცხადა სადრაძემ. ზურაბ ნოღაიდელმა გაიხსენა, როგორ მოხდა 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დავით გარეჯის საკითხის განხილვა. ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მალხაზ მიქელაძე, რომელიც იყო სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე, ამტკიცებდა, რომ გარეჯის ის მონაკვეთ, რომელზეც დავა მიმდინარეობს, არის აზერბაიჯანის მხარეს. ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ იყო კატეგორიული მტკიცება, რომ ტერიტორიები, მათ შორის ქართული მონასტრები, მათ შორის ჩიჩხიტურის მონასტერი, აზერბაიჯანის იურისდიქციას განეკუთვნებოდა. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, მთავარი პირი იმ პერიოდში იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოზე საკითხები არ მიიღებოდა სააკაშვილის გარეშე. „2005 წელს საკითხი იქნა განხილული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩემი თანდასწრებით. შესაბამისად, იქ დაისვა საკითხი, რომ დავით გარეჯის ის ნაწილები, რომელზეც აქ მიმდინარეობს საუბარი, არის შანსი თუ არა, რომ იყოს საქართველოს შემადგენლობში. კომისიის თავმჯდომარემ, უშიშროების საბჭოს მაშინ მისცა განმარტება, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა საბუთის, დოკუმენტის და რუკის მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რჩება აზერბაიჯანის მხარეს. მალხაზ მიქელაძე იყო თავმჯდომარე. ჩვენი ამოცანა გახდა, რომ მონასტერი შენარჩუნებულიყო როგორც ქართული მონასტერი, ეს იყო ჩვენს წინაშე დაყენებული ფაქტობრივი ამოცანა. უშიშროების საბჭოს მართავდა მაშინდელი პრეზიდენტი, ეს იყო მისი უფლებამოსილება, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა,“ – განაცხადა ნოღაიდელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. პროკურორის კითხვას, განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი მთავრობის ფორმატში, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ არ განხილულა. „ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე ამ საკითხს არ ვიხილავდი. ამ საკითხის ჩემთან შეთანხმება არც საჭირო იყო და არც სავალდებულო. ეს იყო პრეზიდენტის კომპეტენცია“, – განაცხადა ნოღაიდელმა. გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 20 პირი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს.უწყების განცხადებით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი - 1972 წელს დაბადებული ჯ.მ., 1981 წელს დაბადებული ლ.ა. და 1984 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ა.ა. და 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 35 ვაზნა.ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. და 1968 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, 18 ვაზნა და ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ც.გ. და 1989 წელს დაბადებული ვ.ჩ სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1981 წელს დაბადებული ვ.ს. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული დ.ც. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის, სენაკის, წალენჯიხის და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ჯ.დ., 1992 წელს დაბადებული ა.თ., 1981 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1977 წელს დაბადებული კ.ძ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 51 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1990 წელს დაბადებული პ.კ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი 25 ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი" და 24 ვაზნა. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევი, 8 მჭიდი და 400 ვაზნა ამოიღეს.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეცეპტების გაცემის საქმეზე კახეთში სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი ამხილეს

ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდნენ, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.  

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო. „დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებია მოსაძიებელი, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია. შესაბამისად, უნდა მოგეცეს საშუალება, რომ დაცვამ წარადგინოს დაცვის ხაზი ისე, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა ადვოკატმა. ეკა ქობესაშვილის თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები. „დღეს, დამკავებელმა ორგანომ სასამართლოში დაკავებულები ყველანაირი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე წარმოადგინა. ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში როგორც ვიდეო მტკციებლებებს, ისე მოწმეებს, რომლებიც უტყუარად დაადასტურებენ, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჩვეულებრივად სიტყვის და აზრის გამოხატვის შეზღუდვა,“ - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეორე დღეა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 - წლიანი ლიცენზია. საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება. „პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება. გუშინ შეეცადნენ, „დაშინების მეთოდით“ პროტესტის განეიტრალებას, თუმცა უკან არ დაიხევენ,“ - განაცხადა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან.

სატყეო სააგენტო: ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა - დაკავებულია ოთხი პირი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა. ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა. თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით გადაყვანილია ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოში. დაზარალებული ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ მოინახულა. შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, ყველა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად ახორციელებენ. თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე, კანონოთ გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის ზეწოლას განახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შემსრულებელ პირზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების კანონიერების საკითხს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს, შეკრების მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმიანება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა. “სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული 7 დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი. შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება. საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე,” - წერია განცხადებაში. შსს: გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულია აქციის 11 მონაწილე  

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გამთენიისას თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-ში განაცხადეს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

შსს: გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულია აქციის 11 მონაწილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს. რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს. სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ვითარება დაძაბული იყო. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა სცადეს. მათ ეზოს ტერიტორიაზე შესვლა მთავარი შესასვლელიდან ვერ შეძლეს, კარვის გაშლა სამინისტროს ღობესთან გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. გარემოს ეროვნული სააგენტო ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიაზე: დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება  

მედია: ესპანეთში „ქართული ორგანიზაციის“ 30 წევრი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად, „სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული ქართული ორგანიზაციის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავა. ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს დაკავებული ჯგუფის წევრები ძირითადად ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ. თუმცა საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, კიდევ სამ ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეში ჩატარდა. გაჩხრიკეს გადამზიდავი კომპანიის ოფისიც. ესპანეთის პოლიციის ვერსიით, ბრალდებულები, შესაძლოა, იქიდან გზავნიდნენ მოპარულ ნივთებს.