სამართალი

სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო, სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურმა სააკაშვილის გამოკითხვის გადაწყვეტილება მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მიიღეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, [ოთარ] ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით... მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება," - წერია მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე განთავსებულ პოსტში. რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში "რუსების საფარქვეშ შემოსულია დივერსიული ჯგუფი“, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალება. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციაზე ვერ წამოაგებენ, მაგრამ საჭიროა კონსოლიდაცია და სამოქალაქო თავდაცვა „რუსული დივერსიული ჯგუფების, რუსების მოქმედებების და საინფორმაციო პროვოკაციების გარშემო.“  

პროკურატურა: საბადრაგო ჯგუფის უფროსმა სათანადოდ არ ჩაკეტა სატრანსპორტო საშუალების კარები, რითაც სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა

პროკურატურამ „ავერსის“ კლინიკიდან, 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებულ ბადრაგს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა ბადრაგირების დადგენილი წესი არ შეასრულა, მსჯავრდებულები მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები, რითაც სამმა მსჯავრდებულმა ისარგებლა და ღია კარებებიდან სატრანსპორტო საშუალება დაუბრკოლებლად დატოვეს. „პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა საბადრაგო ჯგუფის უფროსი 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. რატი ბრეგაძე: კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია  

იუსტიციის მინიტრმა პატიმრების გაქცევის საქმის დეტალებზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს. მინისტრის თქმით, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით. რატი ბრეგაძე: კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები, გარკვეული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი, კოლეგა უწყებასთან ერთად. ამ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, დამატებითი დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით. მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ იმსჯელებს სასამართლო. ეს აღარ არის ჩვენი კომპეტენცია,“ - განუცხადა იუსტიციის მინისტრმა მედიას.  

რატი ბრეგაძე: კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. მისი თქმით, დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. „სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს,“ - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში. პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს  

პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით საბადრაგო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბადრაგი 342 პრიმა მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია. კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია  

კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია

ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. შეგახსენებთ, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი. იუსტიციის მინისტრი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მოუწოდებს, „დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“  

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე, 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თვლიდა, რომ არასრულწლოვნის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა, სისტემატური მოთხოვნით, 14 წლის შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ქორწინებას აიძულებდა. უწყების ცნობით, დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან ზეწოლას თავი სახლიდან წასვლით დააღწია. „სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შსს-მ დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დმანისის ყოფილი მერის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ისროლეს. ის მიიჩნევს, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგად ავტომანქანას საბურავი აქვს გახვრეტილი, ხოლო ერთი ტყვია გაჭედილია მძღოლის სავარძელში, რომელზეც თავად იჯდა. გიორგი ტატუაშვილი 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების" რიგებიდან აირჩიეს. ის იყო „ქართული ოცნების" დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2020 წლის აგვისტოში ტატუაშვილი მმართველი პარტიიდან გარიცხეს. მანამდე მან მხარდაჭერა გამოუცხადა დეპუტატ კახა ოქრიაშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკს შეუერთდა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ტატუაშვილი „ენმ - ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატი იყო დმანისში. გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმას განცხადებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. თავდასხმას ისიც ტატუაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი შეფასებით, დმანისის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილს, რუსული პარტიის ბანდ-ფორმირება თავს დაესხა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა."  

იუსტიციის მინისტრი კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მოუწოდებს, „დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს“

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან სამი პატიმარი გაიქცა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. მინისტრი მოუწოდებს გაქცეულ პატიმრებს, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. „დღეს, ადგილი ჰქონდა სამწუხარო შემთხვევას. გიდასტურებთ, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს,“ - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, თუ ვინმე პატიმრებს მიმალვაში შეუწყობს ხელს, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი. „ასევე მოვუწოდებ მათი ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ მათთან კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია ამ ადამიანებისთვის. თუ ვინმე შეუწყობს ხელს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი,“ - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრი განმარტავს, რომ მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელია გატაცებული. ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.  

კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, თავს დაესხნენ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 810 300 ამერიკულ დოლარს, 110 ევროს და 6500 ლარს დაეუფლნენ. „დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ უნდფორმაციაში.  

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან“, გათიშეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა კლინიკა „ვივამედიდან", მოსამართლის გადაწყვეტილებით, გათიშეს. მანამდე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს არაერთხელ მოუწოდა, საქმის და მისი ბრალდების გარეშე ესაუბრა, რის შემდეგაც, მოსამართლემ მისი დისტანციურად ჩართვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი „გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული." „ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს დღეს, ისევე როგორც ყველა წინა სასამართლო სხდომაზე, მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა. მას სასამართლომ მოუსმინა, დაახლოებით, 13-14 წუთი. ამ დროის განმავლობაში, მას საწყის ეტაპზე, განცხადების გაკეთების წინ, მიეცა განმარტება, რომ ის არ უნდა გასცდენოდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს და წარდგენილი ბრალდების გარშემო უნდა ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა იმის განწყობა, რომ ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, მას არაერთგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია მისი საუბარი, თუმცა ის არ დაექვემდებარა მოსამართლის მიერ არაერთგზის გაკეთებულ მოწოდებებს. ამ დროს სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის საუბრობს და გასცდება განსახილველ საკითხებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ეხება. ჩვენ, მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს,“ - განაცხადა მოსამართლემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მის გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში სააკაშვილის მხარდამჭერებისა და ადვოკატების უკმაყოფილება მოჰყვა. „საავადმყოფოდან ერთვება ადამიანი, გეუბნებათ ვასრულებო. სიტყვის უფლებას არ აძლევთ და თიშავთ? თუ უკვე ასრულებდა, რატომ არ დაასრულებინეთ? ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება, პროცესი ვერ გაგრძელდება, მისი მონაწილეობის გარეშე," - განაცხადა ბექა ბასილაიამ, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სააკაშვილს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ ის თანახმა იყო, მის ადვოკატებს გაეგრძელებინათ სხდომა.  

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი არასრულწოვანია

28 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის, მათ შორის, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.  

შსს-მ ტრეფიკინგში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. „ასევე, გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს, რომლითაც რუსეთის არმიის წევრის საქართელოში ყოფნის შესახებ ცნობებს ეხმაურება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს. აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით. 2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. აღნიშნული მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

შსს-მ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ი.გ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.  

იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოში დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოში დააკავეს იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელსაც იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა ედება ბრალად. შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული პირი იტალიელია და მას საქართველოში, დანაშაულში თანამზრახველები არ ჰყოლია. მისივე თქმით, დაკავებული ექსტრადიციით იტალიას უახლოეს მომავალში გადაეცემა. „იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურა დასრულებულია. მისი იტალიაში ექსტრადიციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება. ბრალდება არის იტალიურ ერთ-ერთი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. წითელი ცირკულარით იძებნებოდა იტალიის მიერ, იტალიის ტერიტორიაზე ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაულისთვის,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.  

ირაკლი შოთაძე: პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის. მან ასე უპასუხა კითხვას, ხომ არ შეიძლება, ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტების საქმეზე გამოძიება დაიწყოს. „ამ შემთხვევაში საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე. კონსტიტუციის დარღვევა არ არის პროკურატურის კომპეტენცია და არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია,“ - აღნიშნა შოთაძემ. ჟურნალისტის კითხვას, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წელს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, შოთაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება. კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. „ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - განაცხადა შოთაძემ. კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ.“  

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.  

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოიღეს, დანაშაულში 14 პირი ამხილეს, მათგან 7 დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 - დააკავა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ, ქალბატონის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ სოციალურ ქსელ TIK TOK-ზე განათავსა. "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. დააკავა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ასევე, დაკავებული იქნა ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. "ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გ.ტ-მ, 2000 წელს დაბადებული ქალის FACEBOOK-ის გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა. 2022 წლის 26 მაისს და 2022 წლის 15 ივლისს, გ. ტ.-მ აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე, საჯაროდ FACEBOOK-ის გვერდზე განათავსა. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული გ.ტ. დააკავა და მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო. მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო, ხოლო აღნიშნული მასალის განადგურება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სუს-ი ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტო-მასალას ავრცელებს

სუს-მა გამოკითხვაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა. სუს-ის ხელმძღვანელი: ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა „აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით. ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე,“ - აცხადებენ სუს-ში. გრიგოლ ლილუაშვილი: ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ფარცხალაძის გამოკითხვის საკითხზე მედიის შეკითხვებს, 19 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენის შემდეგ უპასუხა. მან მედიას განუცხადა, რომ ხსენებულ საკითხზე მასალას გაასაჯაროებდნენ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.