სუს-ი ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტო-მასალას ავრცელებს

სუს-მა გამოკითხვაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა.

როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები „საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით.

ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე,“ - აცხადებენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ფარცხალაძის გამოკითხვის საკითხზე მედიის შეკითხვებს, 19 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენის შემდეგ უპასუხა. მან მედიას განუცხადა, რომ ხსენებულ საკითხზე მასალას გაასაჯაროებდნენ.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.