სამართალი

ნოემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მაშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. „რეგიონების მიხედვით სამართალდარღვევის ფაქტებიდან - 29 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 11 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 4 - გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთის, 2 - გამოვლენილია შიდა ქართლის, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - იმერეთის, 20 - გამოვლენილია გურიის, 11 - გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 7 - სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარმღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სოფელ კარდენახში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ბრალდებულს და მის თანხმლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დაზარალებულთან, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამ უკანასკნელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, დაზარალებული მიღებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. „პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარუდგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გიორგი გაბიტაშვილი: 2022 წლის 9 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, სისხლისსამართლებრივი დევნა 3941 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურისთვის 2022 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული.  2022 წლის ცხრა თვეში ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა  3941 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89%  შეადგინა, - ამის შესახებ  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის  9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა - შოთაძე „2014-2021 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან სასამართლომ   2022 წლის 9 თვეში დააკმაყოფილა 57%.“-აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა. გენერალური პროკურორორის მოადგილის  განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა ქალთა მიმართ  ძალადობის, ოჯახური  და სქესობრივი დანაშულების მიმართულებით საქართველოს პროკურატურის  სამომავლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა.  მისი განცხადებით, წინა წლების მსგავსად ქალთა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება  და  პროკურატურა შემდგომი წლების განმავლობაში განაგრძობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად. გარდა ამისა, გიორგი გაბიტაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის შესახებაც, რომლის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია. მან ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის ხელშეწყობას.  

ცნობილია, როდის იმჯელებს სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე, საქალაქო სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს.  ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია ამის შესახებ შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ადვოკატი: ტელეწამყვან, ლაშა ნაკაიძეს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირზე არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია

"ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია", - ამის შესახებ გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატმა, ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა. „ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა - შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა. „ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე ჩვენ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვახორციელებთ, ვინაიდან რეციდივის ალბათობა და ძალადობის დამძიმების ალბათობა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენ ასევე გავაანალიზეთ მოთხოვნილი საპატიმრო და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები წლების მიხედვით ოჯახურ დანაშაულებზე და სხვა დანაშაულებზე. ოჯახურ დანაშაულებზე ყოველწლიურად საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებელი ჩვენი მხრიდან იზრდება, ხოლო სხვა საქმეებზე მცირდება. კერძოდ, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება ჩვენ მოვითხოვეთ საქმეების 85%-ის შემთხვევაში, ხოლო სხვა დანაშაულებზე 22%-ის შემთხვევაში“,- განაცხადა შოთაძემ.  

პროკურატურა: სასამართლომ ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდებული 14 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კლუბ ,,ქალაქურისა“ და „როიალის“ მფლობელმა ხუთ თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. პრომო გოგონები ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. ბრალდებულები აღნიშნული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, სუდანის და ბელარუსის ექვსი მოქალაქის კუთვნილ 9 340 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებისთვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლომ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორებს, მათ შორის ხსენებული კლუბების მეპატრონეს სასჯელის სახით 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კლუბების ორ მენეჯერს – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის და ზიანის ანაზღაურების ფაქტის გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს და ხელს უშლის ეკონომიკის ამ დარგის განვითარებას. შესაბამისად, პროკურატურა მსგავს ფაქტებზე მკაცრ რეაგირებას მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.  

გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკლინში ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკლინში ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა.  დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად თანხა სახელდება. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ 2 ქართველ მამაკაცს საქართველოს სამი მოქალაქე აედევნა და ფულის წართმევა სცადა. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები ცნობია.  

ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა 689 763 ლარის ღირებულების 4 180 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთი. „ბრალდებულის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით 499 556 ლარის ღირებულების 6 387 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ციხეში ყველა სახის პაემანი უფასო გახდება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდექსზე მუშაობა დასრულებულია და ის პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხზე. იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს 60 ლარის გადახდა უწევს სრულწლოვან მსჯავრდებულებს, არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის; გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და, შესაბამისად, ის ინოვაციური პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო − „ციფრული უნივერსიტეტი", ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის; იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს; გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც უდავოდ პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.  

პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მდებარე ტყის მასივში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას ბათუმის იუსტიციის სახლშიც უმასპინძლა. ფიქრათ მამადოვი იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასა და მობილურ იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო. ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ბათუმში წელს პირველად ტარდება საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით. მისი მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება. საქართველო და აზერბაიჯანი ღონისძიებას მორიგეობით უმასპინძლებენ.  

ოზურგეთში 84 წლის ქალი საკუთარ სახლში დაჭრილი იპოვეს

ოზურგეთში, საკუთარ სახლში 84 წლის ქალი დაჭრილი იპოვეს. ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, 84 წლის ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუცა გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ეს ფემიციდის მცდელობა იყო.  

სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. „კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორისაა მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტალური ნივთმტკიცება. პარალელურად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში გამავალ სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, მათი შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პროფესორი დევიდ სმიტი: სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალები, მათ შორის ვერცხლისწყალი და დარიშხანი გამოვლინდა

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით, რომელსაც ხელს პროფესორი დევიდ სმიტი აწერს, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა, - ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომლის შინაარსს „მთავარი არხი" ავრცელებს. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „გამოკვლევამ გამოავლინა მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში. ეს ნივთიერებები სააკაშვილის ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის შედეგად“, - აღნიშნულია დასკვნაში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

შსს: რაჭაში, 35 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, 35 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა.  გავრცელბული ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ასევე, თანასოფლელები ყვებიან რომ მკვლელმა მეზობელს შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა და სწორედ ამ დროს მოკლა.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რააც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

კლინიკა „ვივამედში" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა

უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ, - კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „როგორც ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩაუტარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება, ჩაუტარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ. დღეს პოზიციის და შესაბამისი ნიმუშების აღების მიზნით მოვედით. შესაბამისი ნიმუშის აღების მერე უნდა გადაწყდეს ექსპერტიზის ჩატარება“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საქართველო პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.  სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები; სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, სერვისების დიგიტალიზაცია, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერება, სამართლებრივი ურთიერთდახმარება; განიხილავენ კონკრეტულ ინიციატივებსა და მიმართულებებს სამომავლო თანამშრომლობისათვის. სამართლებრივი ფორუმი იმ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის გასულ წელს ვენეციაში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, რატი ბრეგაძის ბაქოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომელიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყოველწლიური ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.  

სასამართლომ 4 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი დამნაშავედ ცნო

მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს. საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. "სასამართლომ მასწავლებელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის, მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. მოზარდი გოგონების მშობლების ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვამდე მათ საქმის კურსში ჩააყენეს სკოლის დირექცია, თუმცა ფაქტს დირექტორისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. საქმეში არსებობს წერილიც, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორს მისწერეს მასწავლებლის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას დედა ამბობს, რომ საქმის გახმაურება ბევრს არ სურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების შესაძლო რეაქცია იყო:„ბევრს არ სურდა ამ საქმის გახმაურება. სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს, მაგრამ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი ყოველთვის გვერდით დაუდგება. ყველა ნორმალურმა და მოსიყვარულე მშობელმა იგივე უნდა გააკეთოს. არ უნდა შეეშინდეს კრიტიკის ან იმის, რომ თითით საჩვენებლები გახდებიან“. ამ ეტაპზე სასამართლო სკოლის დირექტორის ბრალდებაზე მსჯელობს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მას ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია, ვერ დადის - ადვოკატი

ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოინახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა "პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.