სამართალი

არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი

არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოწამლლია. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ზუგდიდში 13 წლის მოზარდი მოკლეს

ზუგდიდში 13 წლის მოზარდი მოკლეს. ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარს წინ, სავარაუდოდ თანატოლებს შორის დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. რადიო „ათინათის“ ფოტო

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  „გვსურს გამოვეხმაუროთ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, რა დროსაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. მას ბრალდება 2022 წლის 18 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ -4 ეპიზოდი). პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, პროკურატურა განმარტებებს აკეთებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მასალის შესახებ, სადაც არასრულწლოვან ბავშვზე ძალადობაა ასახული. „რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ფაქტი ჩადენილია უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ასევე უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქის მიმართ,რაზეც არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

ზუგდიდში, ორი კაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდში, ორი კაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვი - გომელაური

სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა. „ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა და მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ ყველა ანუ სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, რეფორმები, შრომაა თუ სწორი გადაწყვეტილებები და ხაზს ვუსვამ, თქვენი, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარებით კრიმინალის კუთხით", -განაცხადა გამოელაურმა.  

ყვარელში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ყვარელში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. როგორც ცნობილია, შემთხვევა წუხელ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა. 40 წლამდე კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლამდე ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.  

შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. მიზეზი დღეს მომხდარი ინციდენტი გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი დასაქმებული. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. უწების ცნობით, ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს ინსპექტირების პროცესი. „პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება. სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ კრიტიკული შეუსაბამობები დადგენილ იქნა და სამუშაოები შეჩერებულ იქნა2022 წლის ივლისშიც. მხოლოდ 2021 წელს, შრომის ინსპექციის სამსახურმა, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ. შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მუხრანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩოს ჩამოიშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დაშავდნენ სხვა მუშებიც. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.  

შსს: დაკავებულია 22 წლის ბიჭი, რომელმაც ახლად გაცნობილი ქალი ნაქირავებ ბინაში ცივი იარაღით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინორმაციით, 36 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 22 წლის მამაკაცი დააკავეს. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ს.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს - 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ს.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა.  ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება.  

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი მოკლეს. ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა 17 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. „კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად, უფლებამოსილების სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. გარდა ამისა, არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდა უპირობოდ. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების კონტროლი საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით და, აგრეთვე, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. მოპასუხის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი იყო კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნდა ფართო მიხედულების ფარგლები, შეექმნა მსგავსი შინაარსისა დაფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, იმოქმედა თუ არა რეფორმის განხორციელებისას საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად და გაატარა თუ არა ღონისძიებები იმ თანამდებობის პირთა უფლებების დაცვისა თუ ზიანის შემცირების მიმართულებით, რომელთა უფლებამოსილების გარანტირებული ვადაც, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გამო, საფრთხის ქვეშ დადგებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე შეეხებოდა საკუთრივ უწყების გაუქმების გამო უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობდა. ეს უკანასკნელი კი, მართალია, არ ამცირებდა უფლებამოსილების გარანტირებული ვადის როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევდა მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშვნა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას. ამრიგად, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (მისი მოადგილეებისათვის კი რაიმე ტოლფას თანამდებობაზე) დანიშვნის შეთავაზება შესაძლოა ყოფილიყო საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - უფლებამოსილებაშეწყვეტილი პირის შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მათი თანამდებობრივი სტატუსი არ უტოლდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას, თუმცა ვინაიდან საქმე შეეხებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ არა ჩადენილი დარღვევების ან თანამდებობასთან შეუთავსებლობის გამო, არამედ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზეზით და, ამასთან, ყოველგვარი - დიდი თუ მცირე - კომპენსაციის გადაცემის გარეშე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ინსტიტუციური რეფორმების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად ასევე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი. დავის საგანი: ა) №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 55 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.) 27 1 მუხლის პირველი პუნქტისა და 28 1 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) №1681 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადების, მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 27 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 28 1 მუხლის მე-5 პუნქტისა და 29-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 40 11 , 40 12 , 40 13 , 40 14 , 40 15 , 40 16 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 55 2 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ნ.მ.-სა და ნ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 149,73 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 16 100,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ.  

ისრაელის საელჩო სუს-ს „ტერორისტული თავდასხმის“ მცდელობის აღკვეთისთვის მადლობას უხდის

ისრაელის საელჩო მისი ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. სუს-ი: ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა, ისრაელის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანი, რომლის მოკვლასაც სავარაუდოდ, საქართველო-ირანისა და პაკისტანის მოქალაქეების ჯგუფი გეგმავდა, იციკ მოშეა - საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

სუს-ი: ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთილია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. „იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა. საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს. დამატებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი. კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა. პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების – ჩხრეკების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები“, – აცხადებენ სუს-ში. ამასთან, სუს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების პროცესში ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება.  

თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქალზე ძალადობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ 12 ნოემბერს „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.  შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.  

სუს-ის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ მერიაში, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს

2022 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ მერიაში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გ. კ. დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.  „გამოძიებით დადგენილია, რომ 10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, გ. კ-მ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას  აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.  

სარფში, სადახლოსა და კარწახში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

14 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „კარწახი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 74 860 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურა, თაღლითობისთვის მსჯავრდებულ ზურაბ აბზიანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ზურაბ აბზიანიძე 2007 წლის 16 მაისს თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა. „იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, არქმშენინსპექციის ყოფილი თანამშრომელი ზურაბ აბზიანიძე, 2005 წლის დეკემბერში ამხანაგობა ,,არმაზის ქ. N3/5-ის“ თავმჯდომარეს, არქმშენინსპექციის მოქმედ თანამშრომლად გაეცნო, დაარწმუნა, რომ ობიექტის მშენებლობის ხარისხის შემოწმებისას სხვადასხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევები იქნებოდა გამოვლენილი, რის გამოც ამხანაგობას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. აღნიშნულის შემდეგ ზურაბ აბზიანიძემ ამხანაგობის თავმჯდომარეს შესთავაზა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით დადებით დასკვნას შეადგენდა, სანაცვლოდ კი გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. მშენებლობის შეჩერებისა და მოსალოდნელი ჯარიმების თავიდან აცილების მოტივით, ამხანაგობის თავმჯდომარე დათანხმდა და მას 200 აშშ დოლარი გადასცა. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, დადგინდა, რომ ზურაბ აბზიანიძე საერთოდ არ იცნობდა დაზარალებულს. დაკავებამდე არასდროს შეხვედრია მას და შესაბამისად მისთვის არანაირი თანხა არ გამოურთმევია. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელახალი გამოძიების შედეგად სრულად გამოირიცხა ზურაბ აბზიანიძის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს. ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ. პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე მაია კაკულიას კუთვნილი მიწის ნაკვეთი ფართობით 3 500 კვ/მ. პროკურატურა მიმართავს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 460 პირი, რომელთაგან 325 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 62 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 117 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 109 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.