ახალი ამბები

ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო ლიდერის ვებგვერდი ავრცელებს. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ალხას ჩოლოკუას განცხადებით, ბჟანია მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეგახსენებთ, ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები სოჭში 12 ნოემბერს გაიმართა.

საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა

უეფა-ში ევროპის 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრებების მეტოქეები გაირკვა. 19-წლამდელები საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ნორვეგია, უელსი და კოსოვო იქნებიან. მინიტურნირები 2021 წლის 30 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, 4-დან 12 ოქტომბრამდე ან 8-დან 16 ნოემბრამდე გაიმართება. ელიტ რაუნდში პირველი ორი საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდებიან პორტუგალიას. სლოვაკეთის ნაკრები, როგორც ჩემპიონატის მასპინძელი, ავტომატურად დაიშვება ფინალური ეტაპზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაიმართება. საინტერესოა, რომ 19-წლამდელებში საქართველოს ნაკრები კარგი რეიტინგის გამო B კალათაში მოხვდა, როდესაც C კალათაში მოხვდნენ რუსეთი, ფინეთი, შვეიცარია, უელსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბელორუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი. 17-წლამდელები 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ჯგუფში უნგრეთის, ისლანდიის და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ. ამ ასაკში ჩვენი ნაკრები C კალათაში მოხვდა. ჯგუფური მატჩები ჩატარდება 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრამდე. თითოეული ელიტურ რაუნდის საგზურს ჯგუფის ორი უძლიერესი გუნდი მიიღებს, ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი, რაც ჯგუფის პირველ და მეორე გუნდთან შეხვედრების შედეგების მიხედვით გაირკვევა. ამ ეტაპზე მათ ნიდერლანდები და ესპანეთი შეუერთდებიან. ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა, როგორც მასპინძელმა, ავტომატურად მიიღო ფინალური ეტაპის საგზური, რომელიც 2022 წლის მაისში გაიმართება.

Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს

Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს. როგორც კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა, გეგმაში იმ 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენაა, რომელზეც Wizz Air-ი ​პანდემიამდე დაფრინავდა. “ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას ჩვენ მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს, დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ და რამდენიმე ახალიც დავამატოთ. თუმცა ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება“, - დასძინა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

Apple-მა ახალი ყურსასმენები - AirPods Max-ი წარადგინა

Apple-მა ახალი ყურსასმენები - AirPods Max-ი წარადგინა. ახალ აქსესუარზე ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ახალი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკა ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა კომპანიის ცნობით, AirPods Max-ის ელემენტი, ყურსასმენის ყველა ფუნქციისა და რეჟიმის ერთდოულად გამოყენების დროსაც კი 20 საათს გაძლებს. Apple-ის ინფორმაციით, ახალი “უმაღლესი ხარისხის “ყურსასმენი აღჭურვილია აქტიური ხმის ჩამხშობი სისტემით, აუდიოგაზიარების ფუნქციითა და Apple-ის ვირტუალური ასისტენტით. AirPods Max-ი გაყიდვაში 25 დეკემბრიდან ჩაეშვება და აშშ-ში 549 დოლარი ეღირება.

ვაქცინა კოვიდგადატანილმა პირებმაც უნდა გაიკეთონ - ფაუჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა. „ცნობილი არ არის, ვირუსის გადატანის შემდეგ, რამდენი ხანი გრძელდება იმუნიტეტი. ტიპიურად, სხვა დაავადებების შემთხვევაში, როდესაც ინფიცირდები, იმუნიტეტს გამოიმუშავებ, შესაძლოა, ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. კორონავირუსის ისტორიით ვხვდებით, რომ იმუნიტეტი შედარებით ხანმოკლეა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით, კარგი იქნება, თუ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ვირუსგადატანილი ადამიანებიც გაიკეთებენ.

კარლ ჰარცელი - საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით

საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით - ხვალ მორიგი რაუნდი გაიმართება და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტის სხდომამდე პროგრესის მიღწევა - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც ელჩი აღნიშნავს, დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ვალდებულებას, ყველა მხარე ინარჩუნებს. "ვფიქრობ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, როგორც იცით რთული დისკუსიები გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ის, რომ მომავალ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი ელემენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა არჩევნებმა იმ ნაკლოვანებებისა და პრობლემების გარეშე ჩაიაროს, რაც გასული არჩევნების დროს ვიხილეთ. რვავე მონაწილემ, რომლებიც ამჟამად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, საბოლოოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მივაღწევთ ფართო შეთანხმებას, თუმცა ამისთვის დისკუსია და მოლაპარაკებები იქნება საჭირო. ხვალ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტის გახსნამდე პროგრესის მიღწევა", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ. ბრიტანული "გარდიანის" ინფორმაციით, უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ფაიზერი“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორ ადამიანს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა. „ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება. იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, დიტმირ ბუშატი დაინიშნა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინსტრი დიტმირ ბუშატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალბანელი დიპლომატის მანდატი მოიცავს სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში პოლიტიკური სიტუაციის მონიტორინგისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმონადგენელს შორის დიალოგის ხელშეწყობას. „კერძოდ, მისი საქმიანობა მოიცავს, საპარლამენტო დონეზე მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით შერიგებასა და რეაბილიტაციას. ასევე განიხილოს გზები ნდობის განსამტკიცებლად და უფრო ხელასყრელი პირობების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს ეუთო-ს ღირებულებებსა და პრინციპებზე, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ცნობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მჭიდროდ იმუშავებს ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ასევე მინსკის ჯგუფთან და მათ თანათავმჯდომარეებთან და თვალს მიადევნებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განვითარებულ მოვლენებს.

„ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება - კობახიძე

საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც საარჩევნო უბნებს გადათვლის და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ გადახრის გამოვლენის შემთხვევაში, ის პოლიტიკურ საქმიანობას შეწყვეტს. „პირველივე შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწვალელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარალამენტო პარტიები ჩართული იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება, თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება, „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩვენებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა კობახიაძემ.

საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს - კობახიძე

ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. "ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჯერ კიდევ ახერხებს ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა პირველ რიგში ჩვენი ვალია. ამისათვის ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში,“- განაცხადა კობახიძემ.

დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან - კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტეს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღდმეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები", - განაცხადა კობახიძემ.

ბაიდენი მოსახლეობას პრეზიდენტობის 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი დოზა ვაქცინის გაკეთებას ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, რომ თეთრ სახლში მისვლიდან პირველ 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი ვაქცინა გაკეთდება. როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს, მისი გუნდი პანდემიის დამარცხებას პირველ თვეებში ცხადია, ვერ მოახერხებს, თუმცა შესაძლებელი იქნება მისი კურსის შეცვლა. „ჩემი პირველი 100 დღე არ დაასრულებს „კოვიდ-19“-ის ვირუსს, ამას ვერ დაგპირდებით, თუმცა ამაში სწრაფად არ აღმოვჩენილვართ და ვერც მისგან დავაღწევთ თავს მალე“, -განაცხადა ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია უკვე განიხილავს ფაიზერ/ბიოენტეკის ვაქცინას და სავარაუდოდ, ავტორიზაციას ხუთშაბათისთვის გასცემს. პირველი ვაქცინაცია კი, მომდევნო კვირიდან დაიწყება. დღეისთვის აშშ-ში 15 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 285 000- ზე მეტი გარდაცვლილია.

ჰუბერტ ქნირში: NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაში გერმანიას მოწინავე როლი აქვს

„საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“, - აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, Europetime-თან ინტერვიუში. ჰუბერტ ქნირში Europetime-ს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მოკავშირეობის საკითხზე ესაუბრა. _ბატონო ელჩო,მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში _როგორ შეაფასებთ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, საინტერესოა ასევე თქვენი შეფასება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობასაც, რამდენად შეძლო ქვეყანამ ამ რესურსის ათვისება და გამოყენება? საქართველოს და გერმანიას ბევრი რამ აკავშირებთ - მინდა აღვნიშნო ტრადიცია, რომლის თანახმად, ქართველი სტუდენტები და სტიპენდიანტები გერმანიაში განათლებას იღებენ. ეს პროცესი ამ ეპოქაშიც ძალიან აქტიურად გრძელდება. საქართველოსთან გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან კარგ დონეზე ვითარდება და ამ პოტენციალის ფართოდ გამოყენებაზე ვართ ფოკუსირებული. ამისთვის, ასოცირების შეთანხმება კარგ ჩარჩოს იძლევა, თუმცა ქართველ მეწარმეებსა და მენეჯერებზეა დამოკიდებული, გამოიყენონ შესაძლებლობები, კონკრეტული ბიზნეს პროექტის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო პროგრესს აღწევს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების თვალსაზრისით. გერმანიასთან თანამშრომლობა საქართველოს პროფესიული განათლების გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისთვის. _2024 წლისთვის, საქართველო გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, თქვენი აზრით, პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა,შესაძლებელია, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი შეაფერხოს? კრიზისულ ვითარებაშიც კი მომავლისკენ მზერა მნიშვნელოვანია. ჩემთვის, ახლო მომავალი დატვირთული იქნება ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სამუშაოთი, კონკრეტული და პრაქტიკული მიმართულებით. მათ შორის ეს გულისხმობს კანონმდებლობის დაახლოებას, ვაჭრობის ზრდას, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში, ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყველაზე დიდი მეკავშირე უნდა იყოს გერმანია, საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ასევე მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა, რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით? მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ხნის წინ გენერალ ჰოჯესს შევხვდი თბილისში. ეს არის ადამიანი, რომელიც თამამად საუბრობს ევროატლანტიკურ პარტნიორობაზე, ეს ადამიანი მეგობარია, როგორც გერმანიის, ისე საქართველოსი. თანამშრომლობა, რომელსაც ის მხარს უჭერს, არის საკმაოდ ძლიერი და NATO-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილიც ამისთვის საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს. ეს კი დიდწილად, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხდება, რომელშიც გერმანიას მოწინავე როლი აქვს. _თუ გადავხედავთ როგორც რეგიონში მიმდინარე, ასევე შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დასავლეთი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი რეგიონში და უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს რიგ საკითხებთან, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და ქვეყნები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ NATO-ს, შესაძლებლობების კარგ მაგალითს ქმნიან. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“.

მთავრობის 300-ლარიანი დახმარება უკვე 14 302 პირმა მიიღო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დაიწყო და ის 14 302 პირმა უკვე მიიღო. სააგენტოს ცნობით, კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. დახმარებების მისაღებად პირველი განცხადებების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. „ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებაში წარდგენილი ინფორმაციების საფუძველზე შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას. ამის შემდეგ, სამი სამუშაო დღის ვადაში შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამის ინფორმაციას უგზავნის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო კი სამი სამუშაო დღის ვადაში კომპენსაციებს ჩაურიცხავს იმ პირებს, რომლებიც კომპენსაციის მისაღებად მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. შემოსავლების სამსახური შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge. რაც შეეხება რეგისტრაციის გავლას, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე კი ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ პირებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდათ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ოქსფორდის ვაქცინის საბოლოო შედეგები სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca COVID-19-ის ვაქცინის პირველი შემქმნელები გახდნენ, რომლებმაც ფინალური ეტაპის კლინიკური ცდების შედეგები სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნეს, რითაც გაფანტეს ის საკვანძო დაბრკოლებები, რაც კორონავირუსის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის წარმოებას შეექმნა. კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა და ადასტურებს, რომ ვაქცინა მოქმედებს შემთხვევათა საშუალოდ 70 პროცენტში. გუშინ ბრიტანეთი დასავლურ სამყაროში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საყოველთაო მოხმარებაში დამტკიცების შემდეგ, მოსახლეობის იმუნიზაცია დაიწყო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით. Pfizer-BioNTech-ი და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებენ, მათი ვაქცინების ეფექტიანობა 95 და 94 პროცენტია; ორივე მწარმოებელმა ყველა საჭირო მონაცემი მარეგულირებლებს უკვე გადასცა. თუმცა, როგორც ჟურნალი Lancet-ი წერს, AstraZeneca პირველია, რომელმაც კლინიკური ცდების ეფექტიანობა სამეცნიერო პუბლიკაციაში დაადასტურა. კვლევის ავტორის, ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდრიუ პოლარდის განცხადებით, პუბლიკაცია აჩვენებს, რომ შემქმნელები მონაცემებს გამჭვირვალედ უზიარებენ ყველას და იქვე დასძენს, რომ საჭიროა ვაქცინათა გარკვეული დიაპაზონის არსებობა. „ეს არ შეიძლება იყოს შეჯიბრი შემქმნელებს შორის, ეს უნდა იყოს შეჯიბრი ვირუსის წინააღმდეგ“, - ამბობს პოლარდი. კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა სრული დოზის მიცემის შემთხვევაში 62 პროცენტია, იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანს ჯერ ნახევარ დოზას გავუკეთებთ, შემდეგ კი სრულს, ეფექტი 90 პროცენტს აღწევს. გასულ თვეში მიმოხილვის გამოქვეყნების შემდეგ, AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი შედეგების შესახებ გარკვეული კითხვების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან გაირკვა, რომ პირველი ნახევარი დოზა მოხალისეებს შეცდომით მისცეს. ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ ნახევარი დოზის მონაწილე ჯგუფში, 1367 ადამიანში, არავინ იყო 55 წელს გადაცილებული პირი. მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ დამატებითი ანალიზი შესთავაზეს Lancet-ის მიმომხილველებს, რომელიც მიუთითებს, რომ ნახევარი დოზის ჯგუფის უკეთესი შედეგები არ იყო გამოწვეული ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის ასაკი. პოლარდის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა შეუსაბამობა გააცნობიერეს, ცდის შედეგების შეფასებაში მარეგულირებლებიც ჩართეს. AstraZeneca აცხადებს, რომ დოზირების რეკომენდაცია უკვე მარეგულირებლებმა უნდა გასცენ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. რიდინგის უნივერსიტეტის უჯრედული მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორის, საიმონ კლარკის განცხადებით, ასეთი შედეგები გარკვეულ დილემას წარმოადგენს მედიკამენტების მმართველი ორგანოებისთვის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდოზიანმა სქემამ დაავადებისგან უკეთესი დაცვა და უსიმპტომო გადადების მაჩვენებლის შემცირება აჩვენა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯგუფი შედარებით პატარა იყო და არ მოიცავდა ხანდაზმულ ადამიანებს. „რჩება იმის შესაძლებლობა, რომ თუკი მარეგულირებლები ვაქცინის ამ სახით მოხმარებას დაამტკიცებენ, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფი დაუცველი დარჩეს“, - ამბობს კლარკი. ვაქცინის ეფექტიანობის გამოსათვლელად, ავტორებმა შეისწავლეს კლინიკური ცდების დასკვნითი, მე-3 ფაზის მონაცემები; ცდა ბრიტანეთსა და ბრაზილიაში მიმდინარეობდა და ჩართული იყო 11 636 მოხალისე. ნახევარ მათგანს გარკვეული დოზის ვაქცინა გაუკეთეს, ნახევარს კი პლაცებო (მარილწყალი). ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, გამოვლინდა COVID-19-ის 131 სიმპტომური შემთხვევა - 30 ვაქცინირებულ ჯგუფში და 101 პლაცებოს ჯგუფში, რაც საშუალოდ 70-პროცენტიან ეფექტს ნიშნავს. მკვლევართა განცხადებით, ვაქცინირებულ ჯგუფში გამოვლენილ COVID-19-ის შემთხვევები არ ყოფილა მწვავე და არავის დასჭირვებია ჰოსპიტალიზება. გარდა ამისა, იქვე წერენ, რომ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჯამში 23 745 მონაწილეზე ჩატარებული ცდების მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო. AstraZeneca განცხადებაში წერს, რომ მარეგულირებელი ორგანოებისთვის მონაცემების მიცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო და ცდილობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიიღოს, რათა დააჩქაროს მასზე ხელმისაწვდომობა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში. დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია მზად არის, რომ 2021 წელს სამი მილიარდი დოზა დაამზადოს. მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. წყარო

ანტიგენით ტესტირება 221 სამედიცინო ობიექტშია შესაძლებელი - იხილეთ სია

ანტიგენით ტესტირებისთვის 221 სამედიცინო ობიექტია განსაზღვრული. საუბარია როგორც პოლიკლინიკებზე, ისე მსხვილ სამედიცინო დაწესებულებებზე. მოქალაქეებს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შეუძლიათ, მიმართონ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც მათ ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ. სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, სადაც შესაძლებელია სახელმწიფოს დაფინანსებითანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარება იხილეთ ბმულზე: სამედიცინო ობიექტების ჩამონათვალი

„ევროპის უნივერსიტეტი“ დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 70-მდე სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს

„ევროპის უნივერსიტეტი“ ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 70-მდე სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ტალიაშვილი თქმით, სტუდენტებს სწავლის საფასური გადახდა ეტაპობრივად შეეძლებათ. სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სასწავლო პროცესში ჩართვის საშუალება გაზაფხულის სემესტრიდან ექნებათ, ამისთვის მათ უნივერსიტეტს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. „ჩვენმა უნივერსიტეტმა, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაწყვიტა, რომ სტატუსი აღუდგინოს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს. ამ გზით ჩვენ გვინდა, რომ განათლება ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული სტუდენტისთვის. იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში ფინანსური დავალიანების გამო, შესაძლებლობა ექნებათ, გაზაფხულის სემესტრში მომართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი და არსებული დავალიანება სწავლების მთელ პერიოდზე გადაუნაწილდებათ“, – განაცხადა „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ტალიაშვილმა.

პროკურატურამ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ცენტრის ბენეფიციარს ნ.დ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 2020 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ნ.ზ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით უკვე მიმართა.

აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტის კომპრომისულ ვერსიაში, საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტის კომპრომისული ვერსია დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია წარმომადგენელთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ კონკურენციასა და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის დეპარტამენტის საქმიანობას ეხება აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს. „თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ყურადღება და რესურსები შავი ზღვის რეგიონში ცვალებადი სამხედრო ბალანსის საკითხის გადასაჭრელად. ასევე, გაზარდოს ნატო-სა და სხვა მრავალმხრივი სწავლებების სიხშირე და მასშტაბი შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მონაწილეობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტს სახელწოდებით „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, წარმომადგენელთა პალატის 335 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 78 წავიდა, ერთმა კი - თავი შეიკავა. ამის შემდეგ კანონპროექტის ვერსიას სენატმაც უნდა უყაროს კენჭი, ბოლოს კი ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნება. აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის საერთო ოდენობა 740.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მსუბუქ პაციენტებში გართულებები, შესაძლოა, მეშვიდე-მერვე დღესაც დაიწყოს - ინფექციონისტი

მსუბუქ პაციენტებში გართულებები, შესაძლოა, მეშვიდე-მერვე დღესაც დაიწყოს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსული ინფექციის დროს, გართულების კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკსა და თანხმლებ დაავადებას. "აუცილებელია, კორონავირუსით ინფიცირებული ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც უსიმპტომო, იყოს ყურადღებით, თუმცა არ ჰქონდეს პანიკური შიში. ოჯახის წევრებს შორის იმათ, ვინც უფრო მაღალი ასაკისაა და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობის და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც. თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება, ამიტომ სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, - განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.