ახალი ამბები

გამოხატეთ პოზიცია აივნებიდან - საზოგადოების ნაწილი აქციას სახლიდან უერთდება

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს შინიდან დააფიქსირებს. აქტივობა სოციალურ ქსელში დაიგეგმა. “ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება გაყალბებული არჩევნებისადმი – დავიცვათ საკუთარი ხმები. პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო აქციაზე მისვლას ყველა ვერ ვახერხებთ, არადა თითოეული ჩვენგანის პოზიცია აუცილებლად და მკაფიოდაა გამოსახატი! შემოუერთდით პროტესტს სახლიდან! დღეს, 22:00-ზე გამოხატეთ თქვენი პოზიცია სახლების აივნებიდან, ფანჯრებიდან, ეზოებიდან. მოიმარჯვეთ ხმაურა ნივთები (ქვაბები და ხის კოვზები, ჯამები, ქვაბის თავსახურები) და იხმაურეთ! გავაგონოთ, რამდენი ვართ!” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიაცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. ამ წუთებში, პარლამენტთან შესაბამისი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილი, აქციის გაგრძელებას, 22:00სთ-ის მერეც გეგმავს, მას შედეგ, რაც ქვეყანაში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდება.

ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა. „არ არსებობენ მსოფლიოში იღბლიანები, ვისთვისაც "კოვიდ-19" საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ყველა საკარანტინე ღონისძიებებისა, მეც მივიღე დადებითი შედეგი. ტემპერატურა 37.5 მაქვს, ყველას ვუსურვებ 36.6-ს! თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ ვიქნები იზოლირებული და განვაგრძობ მუშაობას. უმეტესობამ დაძლია "კოვიდ -19" და მეც გადავიტან. ყველაფერი კარგად იქნება“ , - წერს ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

BBC: წინასწარი კვლევა აჩვენებს, რომ გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან 90%-ით იცავს

წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველი ვაქცინა ადამიანებს 90%-ით იცავს. ამის შესახებ BBC წერს. ვაქცინა 6 ქვეყანაში, 43 500 ადამიანზე უკვე გამოსცადეს. საქმე ეხება გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე. BioNTech-მა და ამერიკულმა Pfizer-მა განაცხადეს, რომ 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივი დამტკიცებისთვის.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3308 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3308 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3308 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0305 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9892 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0342 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

BBC: პროტესტი საქართველოში - პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

ცესკოსთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე BBC-იც წერს. პოლიციამ თბილისში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ასეულობით ადამიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბა. ისინი მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნება“ კი ბრალდებებს უარყოფს. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური უფლება დაცული იყო, თუმცა თავად პროცესის ასპექტები გააკრიტიკეს. 8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებმა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდომა შეამცირცა. თუმცა მათ ისიც განაცხადეს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ფუნდამენტური უფლება კი დაცული იყო. საპროტესტო აქცია საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. 3.7 მილიონიან ქვეყანაში სულ კორონავირუსის 57,000 შემთხვევა აღირიცხა, 475 ადამიანი კი გარდაიცვალა.

არ ენდოთ პირებს, რომლებიც სადარბაზოების დეზინფიცირებას გთავაზობენ - მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, უცნობი პირები თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია. „დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ. გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არცერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კრემლი ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს

იმ ფონზე, როცა სულ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი ულოცავს ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, კრემლი აცხადებს, რომ კომენტარს საბოლოო ოფიციალური შედეგის გამოცხადების შემდეგ გააკეთებს. შეკითხვაზე, რატომ მიულოცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2016 წელს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მაშინვე, როგორც კი მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 9 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამჯერად პრეზიდენტი არ ულოცავს, ვინაიდან არის „გარკვეული იურიდიული პროცედურები, რომლებიც გამოაცხადა [აშშ-ის] მოქმედმა პრეზიდენტმა“. პესკოვის თქმით, პუტინმა „არაერთხელ თქვა, რომ პატივს სცემს ამერიკელი ხალხის არჩევანს“ და მზად არის ითანამშრომლოს აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან. აშშ-სთან რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის შემდგომ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ დონეზე დაეცა 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის რეგიონი დაიკავა. საპრეზიდენტო არჩევნებში ორგზის დამარცხების შემდეგ, ჯო ბაიდენი რეკორდული მხარდაჭერით, 74 მილიონი ხმით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. მსოფლიოს ლიდერები კი მასა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენ

ცესკო, 8 ნოემბრის აქციას, ადმინისტრაციაზე ზეწოლად აფასებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში. Facebook-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, 2020 წლის საარჩევნო პროცესები ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი, კონკრეტული პოლიტიკური მხარეები კი მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს ხელს უშლიან. "გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ მოემსახუროს ხალხს არჩევნების მეორე ტურში, რათა დასრულდეს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ყველა პროცესი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას. და ბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

მსოფლიოს ლიდერები ბაიდენსა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენ

საპრეზიდენტო არჩევნებში ორგზის დამარცხების შემდეგ, ჯო ბაიდენი რეკორდული მხარდაჭერით, 74 მილიონი ხმით, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. მსოფლიოს ლიდერები კი მასა და ჰარისს გამარჯვებას ულოცავენ: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ბორის ჯონსონი "ვულოცავ ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას და კამალა ჰარისს მის ისტორიულ მიღწევას". "შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და სულმოუთქმელად ველოდები ახლო თანამშრომლობას საერთო პრიორიტეტების მიმართულებით - კლიმატური ცვლილებებით დაწყებული, ვაჭრობით და უსაფრთხოებით დამთავრებული". ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ "გილოცავთ ჯო ბაიდენ და კამალა ჰარის. ჯო, ჩვენ 40 წლის მანძილზე ხანგრძლივი და თბილი პირადი ურთიერთობა გვქონდა, გიცნობ როგორც ისრაელის დიდ მეგობარს. სულმოუთქმელად ველი თქვენთან, ორივესთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს შეერთებულ შტატებს და ისრაელს შორის არსებული განსაკუთრებული ალიანსი. "მადლობა დონალდ ტრამპ მეგობრობისთვის, რომელიც შენ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და პირადად ჩემთან გამოიჩინე, იერუსალიმის და გოლანის [მაღლობების] ცნობისთვის, ირანთან მედგრად დგომისთვის, ისტორიული სამშვიდობო აკორდისთვის და ამერიკა-ისრაელის ალიანსის უპრეცედენტო სიმაღლეებზე აყვანისთვის". გერმანიის კანცლერი - ანგელა მერკელი "სულმოუთქმელად ველოდები სამომავლო თანამშრომლობას პრეზიდენტ ბაიდენთან. ჩვენი ტრანსატლანტიკური მეგობრობა შეუცვლელია, თუ ჩვენი დროის დიდ გამოწვევებთან გამკლავებაში წარმატება გვსურს". იაპონიის პრემიერ-მინისტრი - იოშიჰიდე სუგა "გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს. სულმოუთქმელად ველოდები თქვენთან მუშაობას, იაპონია-აშშ-ის ალიანსის კიდევ უფრო დაწინაურების მიზნით და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის და მის მიღმა, მშვიდობის, თავისუფლების და აყვავების უზრუნველსაყოფად". კანადის პრემიერ-მინისტრი - ჯასტინ ტრუდო "კანადის მთავრობის სახელით, ვულოცავ ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. კანადას და შეერთებულ შტატებს არაორდინალური ურთიერთობა აქვთ - მსოფლიო არენაზე სრულიად გამორჩეული". "სულმოუთქმელად ველი მუშაობას არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან, მათ ადმინისტრაციასთან, შეერთებული შტატების კონგრესთან, მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ერთობლივად დაძლევის მიზნით". ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტი - ურსულა ვონ-დერ ლაიენი "გულთბილად ვულოცავ ბატონ ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეულ ამ გამარჯვებას და სულმოუთქმელად ველი რაც შეიძლება ადრე მასთან შეხვედრის შესაძლებლობას. "ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები მეგობრები და მოკავშირეები არიან, ჩვენს მოქალაქეებს ერთმანეთთან ყველაზე ღრმა კავშირები აქვთ. სამყაროში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად და ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების გაჩენის ფონზე, ჩვენი განახლებული პარტნიორობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს". ნატოს გენერალური მდივანი - იენს სტოლტენბერგი "გულთბილად მივესალმები ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად არჩევას. ბატონ ბაიდენს ვიცნობ, როგორც ნატოს და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძლიერ მხარდამჭერს". "შეერთებული შტატების ლიდერობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, ამ არაპროგნოზირებად სამყაროში და მე სულმოუთქმელად ველი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს კავშირი ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას შორის". საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "ამერიკელებმა საკუთარი პრეზიდენტი აირჩიეს. გილოცავთ ჯო ბაიდენ და კამალა ჰარის! ჩვენ უზარმაზარი სამუშაო გვაქვს გასაწევი დღევანდელი გამოწვევების დასაძლევად. ამაზე ერთობლივად ვიმუშაოთ"! დანარჩენი მსოფლიო ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს გამარჯვებას ასევე ულოცავენ ბევრი სხვა ქვეყნის ლიდერები. მათ შორის არიან: ინდოეთი, უკრაინა, პოლონეთი, პაკისტანი, ირლანდია, ერაყი, ჰოლანდია, ნორვეგია, არგენტინა, ესპანეთი, ჩილე, პერუ, საბერძნეთი, პარაგვაი, ფილიპინები და მრავალი სხვა სახელმწიფო.

მოქალაქეებს, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის დროებითი საშვის მიღება ცხელ ხაზზე დარეკვით შეეძლებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, 22:00 საათიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვით დროებითი საშვის მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებითვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18:00 საათიდან“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს 9 ნოემრიდან ძალაში შევიდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება.

ლუის ნავარო: საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა

ევრაზიის პროგრამის, საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო თბილისში განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ამომრჩეველთა მიერ გამოცხადებულ ნდობას და თავისი ადგილები დაიკავოს პარლამენტში, რაც იქნება უკეთესი პლატფორმა, საარჩევნო რეფორმასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე მთავრობასთან დისკუსიისთვის. „ამავდროულად, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ყველა ბრალდება გამჭვირვალედ გამოიძიოს და აჩვენოს მაქსიმალური თავშეკავება, რადგან საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა“, - განაცხადა ლუის ნავარომ. სპეცრაზმმა გუშინ ცესკოს შენობასთან აქცია წყლის ჭავლით დაშალა. შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან. ოპოზიცია აქციას დღეს ისევ გეგმავს. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ 22:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს.

აქცია 22:00-05:00 საათამდე – "სირცხვილია" სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს

მოძრაობა სირცხვილია სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებს და დღეს, 9 ნოემბერს პარლამენტთან აქციას 22:00-დან 05:00 საათამდე აანონსებს, მაშინ, როცა გადაადგილება შეზღუდულია, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით. "Covid-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით, თქვენივე ჯანმრთელობისთვისო, “ქართულმა ოცნებამ” 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა. ხელისუფლებამ, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს ისვრის, როგორი ჰუმანურია, გუშინ ისევ გაიმეორა გამოუსწორებელი შეცდომა და არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები დაკავებული ადამიანების რაოდენობასა და დასახიჩრების ტიპებს 7 ნოემბერს, 26 მაისსა და სხვა თარიღებს შევადარებთ. სანამ ეკრანებთან ჩასაფრებულები დავაკვირდებით, ვინმე ისე ხომ არ იქცევა, მისთვის წყლის ჭავლის მიშვერა რომ ღირდეს. სანამ უსამართლობაზე გაბრაზების ნაცვლად - შიში შეგვიპყრობს. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. საქართველოში რუსულ რეჟიმს არ დაგამყარებინებთ. რამდენი რობოკოპიც არ უნდა გამოიყვანო და შენი კარის ჯამბაზებს - კალაძეს, მდინარაძესა და კობახიძეს რაც არ უნდა ათქმევინო - ჩვენში შიშს ვერ ჩანერგავ. შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ნამუსის ფულზე გამყიდველ მონებს. ეშინიათ იმ “მუშკეტერებსაც”, კორონავირუსი რომ უფრო დიდ საფრთხედ ეჩვენებათ და “პოლიტიკაში არ ერევიან”, ამიტომ, წყლის ჭავლით გაწუწულ ადამიანებზე ხმას ვერ იღებენ". - წერს მოძრაობა სირცხვილია. სირცხვილიას აქციამდე, პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე გამართავს. მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო - მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა. მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, "გადაუდებელი აუცილებლობით" ახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია. პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ "როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია." რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. დარბევის დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

თუ საპროტესტო აქცია 22:00 საათის შემდეგ გაგრძელდება, მას "შესაბამისი რეაგირება" ექნება - კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციია 22:00 საათის შემდეგ გაგრძელდება, მას "შესაბამისი რეაგირება" ექნება. "მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში რეაგირება მოჰყვება ყველაფერს, რაც იქნება ყველაფერს რეაგირება მოჰყვება". - აცხადებს კალაძე. დღეს, 9 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 18:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ. 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით

მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს - პრემიერი აქციებზე

მთავრობის მეთაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი. „ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა, ვინც აქ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვებრძვით ერთდროულად პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და ვცდილობთ, პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხი გავზარდოთ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს. ჩვენ გონიერი ხალხი ვართ და ყველას კარგად გვესმის, რომ ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ ჩვენ ყველას, იმ 9 პარტიასაც, დაგვავალა, ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას მოუარეთ და ეს რომ დაგვავალა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმა, მოუარეთ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესი არ გააჩეროთ. ეს იყო დავალება. რა დავინახეთ ჩვენ გუშინ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა - სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება. „ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს ისე მოვერიოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცესკოს შენობასთან, 8 ნოემბერს გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს გაცდადა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დბრიფინგზე განაცხადა, სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. „დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყოფდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებას. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში“, - განაცხადა საბანაძემ. როგორც საბანაძემ აღნიშნა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტომობილი. „აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, შეკრებილებმა განაგრძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა. ისინი სხვადასხვა საშუალებით - რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი და ცეცხლმოკიდებული საგნებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გასტაცეს სპეცაღჭურვილობა - ფარი. პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეეწყვიტათ, შეკრებილები მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი“, - განაცხადა კახა საბანაძემ. მისივე თქმით, აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. დაშავებულთა ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ნაწილი კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს. „პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ცესკოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

წაულების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, დანიის შემდეგ, კიდევ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა

წაულების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დანიის გარდა, კიდევ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა. შეშფოთებას იწვევს ვირუსის დანიაში დაფიქსირებული მუტაცია – ე.წ. "კერა 5", რომლითაც ჩრდილოეთ იუტლანდიაში უკვე 12 ადამიანი დაინფიცირდა. მას შემდეგ, რაც დანიიდან მოვიდა ცნობები მუტირებული კორონავირუსის წაულებიდან ადამიანზე გადაცემის თაობაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ 5 ქვეყანაში – ნიდერლანდებში, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და აშშ-შია გამოვლენილი. "Cluster 5" - ახალი საფრთხე ამასთან, ჯანმო-ს ინფორმაციით, ხსენებულ ქვეყნებში აღრიცხულ ყველა მსგავს შემთხვევაში, ერთის გარდა, ვირუსი, რომლითაც წაულები დაავადდნენ, SARS-CoV-2-ის სხვა გავრცელებული შტამების მსგავსია და შეშფოთებას მხოლოდ ერთი უნიკალური მუტაცია იწვევს, რომელიც დანიაში გამოვლინდა და "კერა 5" ("Cluster 5") ეწოდა. მუტაციისა და ცვლილებების მასში აღმოჩენილი კომბინაცია დღემდე უცნობი იყო, ამდენად, მისი შესაძლო შედეგები დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ვაქცინაციისთვის ჯერ-ჯერობით შესწავლილი არ არის. მეცნიერები შიშობენ, რომ “კერა 5”-მა შესაძლოა, მომავალი ვაქცინის ეფექტურობაზე იქონიოს გავლენა. დანიაში ვირუსის ამ ნაირსახეობით 12 ადამიანის ინფიცირების შემთხვევებია აღრიცხული, ყველა ინფიცირებული ჩრდილოეთ იუტლანდიის მკვიდრია, მათგან 8-ს კავშირი ჰქონდა წაულის ფერმებთან. წაულები შესაძლოა, ადამიანისგან ინფიცირდებოდნენ ჯანმო-ს ინფორმაციით, აღრიცხულია ადამიანებსა და ცხოვრელებს შორის კორონავირუსის გადადების, ასევე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისგან წაულების ინფიცირების შემთხვევებიც. ჯერ კიდევ 4 ნოემბერს კოპენჰაგენში ხელისუფლებამ ქვეყნის მეცხოველეობის ფერმებზე ყველა წაულას განადგურების ბრძანება გასცა. ჩრდილოეთ იუტლანდიაში კორონავირუსის ამ სახეობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შემოღებლია მკაცრი ზომები, რიგ თემებში მასობრივი თავშეყრის ყველა ადგილი დაიკეტა. 7 ნოემბერს, დილით დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში შესვლა აკრძალა ყველა დანიელისთვის, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში მუდმივად ბინადრობის უფლების დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნია, ასევე დანიის გავლით, ტრანზიტით შემსვლელი უცხოელებისთვის. დანიიდან დაბრუნებულ ბრიტანელებს კი 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი აქვთ დაწესებული. დანია მსოფლიოში წაულას ბეწვის უმსხვილესი მწარმოებელია. ქვეყანაში ამ მიმართულებით 1139 ფერმა მუშაობს, რომლებშიც ჯამში დაახლოებით 15-17 მილიონი წაულა ბინადრობს. კოპენჰაგენის ცნობით, 200-ზე მეტ ფერმაში ცხოველები მასობრივად გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ივნისის დასაწყისში კი ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნიდერლანდებშიც, რომლის ფერმებში კორონავირუსის აფეთქებები ასევე გამოვლინდა.

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება. ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

645 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

ახალი კორონავირუსის 15 113 აქტიური შემთხვევიდან 645 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 320 თბილისში მკურნალობს, 120 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 393 პაციენტი იმყოფება, 236 – თბილისში, 111 – აჭარაში. COVID 19-ის აქტიური შემთხვევებიდან 2 879 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში მკურნალობს, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში, 4 780 ადამიანი – საავადმყოფოში, მათგან თბილისში - 2 356, ხოლო აჭარაში – 759. ბინაზე მკურნალობს 7 454 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2 470 პირი, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. ქვეყანაში ჯამში COVID 19-ის დიაგნოზით 499 პაციენტი გარდაიცვალა. 9 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში 15 113 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 60 680 პირი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. დღეიდან კი 22:00სთ-დან 05:00სთ-მდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითთათვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

IDFI: კომენდანტის საათის მანიფესტაციაზე გავრცელება გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კორონავირუსთან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. "აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს მთავრობის განმარტებას, რომ დაწესებული შეზღუდვა არ არის კომენდანტის საათი. ზოგადად, კომენდატის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაოაკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება. ეს არის კომენდანტის საათი - "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაცნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება. თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენებისთაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს,რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას". - წერია IDFI-ის განცხადებაში. განცხადების თანახმად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება, მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.

საქართველოში კორონავირუსის 2927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მოგეხსენებათ, იზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჩატარება, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტების მეშვეობით. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 13 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 4, შიდა ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში - 411, იმერეთში - 782, ქვემო ქართლში - 130, შიდა ქართლში - 74, გურიაში - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 150, კახეთში - 133, მცხეთა-მთიანეთში - 79, სამცხე-ჯავახეთში - 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113. 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 356, აჭარაში - 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში - 320, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 - აჭარაში, ხოლო 950 - თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში-1 316. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 448 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში - 5 637 პირი, აჭარაში - 16 360, იმერეთში - 4 403“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.