თეგი: დეპოლარიზაცია

ოპოზიცია დეპოლარიზაციაზე პრემიერის განცხადებას ეხმაურება

პრემიერის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ოპოზიციაში აფასებენ. „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ „დეპოლარიზაციას დეოლიგარქიზაცია მოიტანს“. სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღარ სჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმეს შესრულებას აპირებს. „პოლარიზაციის დაძლევას საერთოდ ახალი პოლიტიკური პროცესი სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ხალხს ისტორიული შანსი წაართვა და ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „დეპოლარიზაციისკენ პირველი ნაბიჯად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას“ ჩათვლიდა. „თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან კვლავ ჯიუტად ხდება ერთი და იგივეს მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ, რომ ოლიგარქი არის მთელი ამერიკა და ევროპა, მაგრამ არა ივანიშვილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, არანაირი გეგმა არ შემოუთავაზებიათ ქართველი ხალხისთვის. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნამდვილად გადადგებოდა დღეს, როცა ჩააფლავა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე. პრემიერ-მინისტრის განცხადებას დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ თვლის „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია. დეპუტატს „არ სჯერა“ რომ მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ „ერთმანეთის ლანძღვას შეამცირებენ“. „მაგალითად, დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ არ ჩავთვლი იმას, თუ პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რაც არსებობს, საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ აღმოფხვრას. ასეთი წყაროა 5%-იანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა, რომ პოლარიზაცია შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ის გარემოებები აღმოვფხვრათ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას. საქმე იქნება ის, თუ მთავარი წყარო შუღლით და ბოღმით მართვა აღმოიფხვრება. თუ მართლა გვინდა დეპოლარიზაცია, მაშინ საქმიანად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. ღარიბაშვილმა „მოუწოდა ოპოზიციას, რომ დააყენოს ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა“: „ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“ საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს

ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ფორმატებს ქმნის „ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილობასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.  

პრეზიდენტი: ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში

„თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ხალხის რეალური ძალა, ის, „რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში“. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას „გამარჯვება მიულოცა“ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ხალხმრავალი პროტესტის მერე გაიწვია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტები. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება. ახლა კი, პარტნიორების სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა სად დგას, რა უნდა და ამაში არავის არ შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, ეს იყო პირველი ნიშანი დეპოლარიზაციის და პირველი ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების ამით შესრულებულია.  

მზად ვართ დეპოლარიზაციისთვის, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარე - კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება პოლარიზების შემცირებისთვის მზადაა, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. „ზოგადად, აგრესია, ძალადობა ძალიან ცუდია. პარალელურად ამის წახალისებაც ძალიან ცუდია. 12-პუნქტიან გეგმაში მნიშვნელოვანი პუნქტია პოლარიზების შემცირება, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამისთვის, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარე, ცალმხრივად ვერ მოხდება. გულდასაწყვეტი და ცუდია, რომ ამისკენ ნაბიჯი არ იდგმება. მეტიც, ხდება კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წახალისება ფინანსურად, რომლებიც დაკავებულები არიან ძალადობით, შეურაცხყოფით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

პრეზიდენტი მმართველ გუნდს ქალთა კონფერენციაზე არდასწრების გამო აკრიტიკებს

ძალიან მიკვირს, რომ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან, არავინ არ იკადრა, რომ აქ მოსულიყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. პრეზიდენტს უკვირს, რომ „ერთ ადამიანს მაინც არ გაუჩნდა ინტერესი, რომ საქართველოში შედგეს „ასეთი მაღალი დონის კონფერენცია“ - სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ეს არის მარტივი დეპოლარიზაცია“. პრეზიდენტის განმარტებით, დიდი დეპოლარიზაცია „პატარ-პატარა ნაბიჯებისგან“ შედგება. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონს თუ არა პრეზიდენტი და მისი აზრები, შენს ქვეყანას პატივი უნდა სცე“. „ეს ხომ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება არ არის?! ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ტარდება ამ ან სხვა ფორმით ბევრ ქვეყანაში და რომელიც, მგონი, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და შენს ქვეყანას ზოგჯერ უნდა სცე პატივი. კარგი, პრეზიდენტი არ მოგწონს, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა. პრეზიდენტი არის ამ შემთხვევაში მხოლოდ ინსტიტუტი და არა პიროვნება, ადამიანი, რომლის აზრები შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.