თეგი: დიეგო კოლასი
საფრანგეთის ელჩმა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესების საქართველოზე გავლენის საკითხი განიხილა
დავით ზალკალიანმა საფრანგეთის ელჩს საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს. „კიდევ ერთხელ აღინიშნა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. საფრანგეთის ელჩმა დეტალურად ისაუბრა შექმნილი კრიზისის განმუხტვის მიზნით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ განხორციელებული ვიზიტების შედეგებზე მოსკოვსა და კიევში. აღინიშნა, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალისხმევას არ იშურებს დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. დავით ზალკალიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროცესების გავლენას საქართველოზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს რეგიონის მიმართ მისი ერთიანი პოლიტიკის ნაწილს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური გამოყენების მიზნით და აღნიშნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობა. შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და გამოწვევებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონში დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დიეგო კოლასი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია
საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთანებულ სხდომაზე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი, თავისი მიზნების მისაღწევად, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. „ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი - ეს არის რუსეთის და ბელორუსიის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ უკრაინის პარტნიორები და უზრუნველვყოფთ ყველანაირ მხარდაჭერას მათ შორის სამხედრო მხარდაჭერას, ასევ, შეიარაღების უზრუნველყოფას რათა დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს.“ - განაცხადა დიეგო კოლასმა. ელჩმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ სექტორული მიმართულებებით დაწესებულ სანქციებზე და იზოლირების სტრატეგიაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის ნაწილია. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია“, - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, საქართველოს და საფრანგეთს აქვს ახლო კოორდინაცია არსებული კრიზისის მიმართ. „ჩვენ ერთად მივაღწიეთ ძალიან კარგ შედეგებს. კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს საკუთარ მოწყვლადობას და ახორციელებს ფრთხილ ქმედებებს. საქართველო თავისი სიტყვებით და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.“ - განაცხადა მომხსენებელმა. ელჩმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა. „ჩემი შეხედულებით, უკრაინასთან ერთად, საქართველოს და მოლდოვის მიერ განაცხადის გაკეთება იყო სწორი გადაწყვეტილება. ევროპული კომისიისგან მოსაზრების მოთხოვნა ეს არის პოლიტიკურად ერთ-ერთი პოზიტიური წინსვლის გზა“, - განაცხადა დიეგო კოლასმა. დიპლომატმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვისუნარიანობის საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
მჯერა, რომ ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. შიდა დაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის - საფრანგეთის ელჩი
ექსკლუზივი დროა, მაქსიმალურად წინ წავიწიოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით დიდი შესაძლებლობა ჩნდება და მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ქართველი გაერთიანდეს ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დიეგო კოლასს საქართველოს მიმართ ორი გზავნილი აქვს. ფრანგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ შიდა უთანხმოება გვერდზე უნდა გადაიდოს და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს. დიეგო კოლასი თვლის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო დაახლოებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს შესაძლებლობები ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „მჯერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი, იხილოს პროცესი, რომელიც დაიწყო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებით. ჩვენ ვნახავთ, კომისია როგორი წინადადებით გამოვა, რომ პროცესმა წინ წაიწიოს. ეს დიდი შესაძლებლობაა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ქართველის გაერთიანება ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ამრიგად, ჩემი გზავნილი ორგვარია: პირველი, ახლა, შიდა დაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის. მეორე - დროა, მაქსიმალურად წინ წაიწიოთ ყველა საკითხთან მიმართებით, რაც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს და რითაც დამაჯერებლად აჩვენებთ, რომ ქვეყანა მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს მომავალი წევრი სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები“, - განუცხადა საფრანგეთის ელჩმა Europetime-ს. ცნობისთვის, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ევროპარლამენტმა 9 ივნიის მიღებული რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. უკრაინის შემთხვევაში, ევროპარლამენტმა მიიჩნია, რომ ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.
საფრანგეთის ელჩი ევროკომისიის დასკვნაზე: მნიშვნელოვანია რეფორმებზე ყურადღების გამახვილება და პროგრესის ჩვენება
საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ევროკომისიიის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა. ელჩის თქმით, ევროკომისიამ კარგი სამუშაო შეასრულა და გააკეთა კარგი ბალანსი წევრ ქვეყნებს შორის. „ველოდები, რომ იქნება იმის მსგავსი გადაწყვეტილება, როგორიც ევროკომისიის მოსაზრება იყო. რა თქმა უნდა, ეს მომდევნო დღეების საქმეც არის. როდესაც ვხედავთ ევროკომისიის მოსაზრებას, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაც დაახლოებით ასეთი იქნება და არ იქნება განსხვავებული. თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, გაქვთ ცხადი საგზაო რუკა კანდიდატის სტატუსის მიმართულებით და სურვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასე რომ, ეს არის საკმაოდ არსებითი მიღწევა და არსებითი ბედისწერა, რომ ეს შესაძლებელია. ახლა კითხვა არის ამ რეფორმების განხორციელება, რადგან ზოგიერთი ისაუბრებს უკეთესი შედეგების შესაძლებლობაზე. კარგი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს აქვს ბედისწერა ამ კუთხით. თქვენ განახორციელეთ რეფორმები და სიურპრიზი არ არის, რომ გქონდათ მოლოდინები ამ საკითხებზე. შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ საკითხებზე, განახორციელოს რეფორმები, მოახდინოს დემოკრატიული ჩარჩოს კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მიაღწიოთ ამ შედეგს, სწორედ ეს არის ის, რისი დანახვაც გვსურს. ერთ კვირაში ეს ვერ მოხდება, მაგრამ უფრო ფართო ჩარჩოში, მნიშვნელოვანია ამ რეფორმებზე ყურადღების გამახვილება და პროგრესის ჩვენება, რომ შევძლოთ უფრო უკეთეს საფეხურზე გადასვლა ამ პროცესში. ვფიქრობ, ძალიან დამაიმედებელი ამოცანაა და ახლა კითხვა არის მისი შესრულება“,- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
დიეგო კოლასი: გუშინდელმა შეკრებამ მიზანსწრაფვის და მობილიზაციის დიდი შესაძლებლობა აჩვენა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი გუშინ გამართულ აქციას და ევროკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 20 ივნისს გამართული მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება იყო ძალიან საინტერესო და ის აჩვენებს მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდ შესაძლებლობას. დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამავდროულად, ევროკავშირსაც აქვს მოლოდინი, რომ იმ რეფორმების სიაზე, რაც განსაზღვრული იყო წინაპირობებით, თითოეულ მათგანზე იქნება პროგრესი მიღწეული. ამის მისაღწევად კი, ელჩი პოზიტიური დემარშის, მობილიზაციის და მიზანსწრაფვვის აუცილებლობაზე საუბრობს.„ჩვენ უნდა დაველოდოთ, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება და პროტესტი იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდი შესაძლებლობა. იმ წინაპირობებზე, რომლებიც იყო განსაზღვრული ევროკომისიის მიერ, არსებობს გარკვეული იმედი და მობილიზების გარკვეულ შესაძლებლობასაც იძლევა. ეს ქმნის ოპტიმიზმის იმედს, რადგანაც ის ევროპული პერსპექტივის აღიარებას მოიცავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მას ახლავს მკაფიო სამოქმედო გზა რეფორმებისთვის, რათა იმოძრაოთ წინ და მიაღწიოთ ძალიან ოპტიმისტურ და პოზიტიურ შედეგს. არ იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ევროკავშირსაც ასევე აქვს მოლოდინი, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მობილიზაცია და მიზანსწრაფვა, რომ იმოძრაოთ წინ და ეს არის იმის მსგავსი, რაც ვიხილეთ გუშინ“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
დიეგო კოლასი კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე: ეს სევდისმომგვრელია, კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებული განცხადებები „სევდისმომგვრელია“. საფრანგეთის ელჩმა ამით უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. „ვფიქრობ, ეს სევდისმომგვრელია. კარლ ჰარცელთან ერთად სამი წელი ვმუშაობდი. ძალიან ვისიამოვნე მასთან ურთიერთობით, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით. ის ძალიან კარგი მეგობარი იყო და ის არის ადამიანი, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა“,- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა. მისი თქმით, კარლ ჰარცელი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი. „რამდენიმე თვის წინ, ვფიქრობ, ჩვენ შორს ვიყავით იმ წერტილიდან, რასაც ახლა მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხრივ. მთელი ეს სამუშაო, დაუღალავად კეთდება, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, საქართველოს რეფორმების გზაზე მხარდაჭერის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი და მე ძალიან მსიამოვნებდა მასთან მუშაობა. მე მესმის, რატომ არის ზოგიერთი იმედგაცრუებული, რადგან არის განცდა, რომ საქართველოს შეეძლო, ან უნდა მიეღო, შესაძლოა იმაზე მეტიც, ვიდრე მიიღო“ , - დასძინა კოლასმა. საფრანგეთის ელჩი ფიქრობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგია უნდა იყოს ფოკუსირებული იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში დინამიზმი იყოს. „ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაზეც ხალხი უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა კოლასმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. წყარომ -ipn
დიეგო კოლასს საქართველოში უფლებამოსილების ვადა ეწურება
საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიეგო კოლასი საქართველოს ოქტომბერში დატოვებს. შესაბამისი ინფორმაცია მან თავად გაავრცელა. „ჩემი ვადის ამოწურვის დრო მოდის. ვგეგმავ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დავასრულო ჩემი ვადა საქართველოში, რათა დავიკავო ახალი თანამდებობა პარიზში, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იურიდიულ საკითხთა დირექტორად. ჩემთვის ეს დიდი პატივია ამ თანამდებობაზე დასახელება. დიდი პატივისცემა მაქვს ამ განყოფილების მიმართ, სადაც ჩემი კარიერის თითქმის ნახევარი გავატარე. გარდა ამისა, აგრესიის და დანაშაულის ასეთ დროს, მე მჯერა, რომ ბრძოლა საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის, ფუნდამენტური უფლებებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, ჩვენი დიპლომატიის ცენტრშია. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ დიეგო კოლასთან: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ ეს მელანქოლიური მომენტიც არის, რადგან ემოციების გარეშე ვერ დავტოვებ მშვენიერ საქართველოს, მის ხალხსა და ისტორიას, მის ქალაქებს, მთებსა და ვენახებე და ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს, რომელთან ერთადაც ბევრი სირთულე გადავლახე“, - აცხადებს დიეგო კოლასი.
ვახტანგ გომელაური საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. "გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული შიდა უსაფრთხოების ატაშე - ოლივიე ლეფებვრი წარუდგინა. ვახტანგ გომელაურმა და შალვა ბედოიძემ შიდა უსაფრთხოების ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.