თეგი: ეროვნული თანხმობა

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, მოთხოვნები დააყენოს, რასაც გადაეჩვია

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხედავს მსვლელობას, თუმცა არ იცის, როგორ დასრულდება ეს პროცესი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შედეგია ის, რომ მის მიერ წამოწყებული შეხვედრებით პარტიების წარმომადგენლებთან, საზოგადოებას მაგალითი აჩვენა, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ძალა, ხმა გამოაჩინოს, პრინციპები, რეკომენდაციები, მოთხოვნები უნდა დააყენოს და შემდეგ უკვე ეს გადადის პოლიტიკურ პროცესში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, გააძლიეროს საზოგადოებრივი პლატფორმა და ეს პროცესი ვიღაცების „შერიგება-გარიგებით, ჯადოსნურად“ არ გადაწყდება. „ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა ეროვნული თანხმობის პროცესზე. მიღებებზე მქონდა საშუალება, აქცენტები, სხვადასხვა კუთხით, ამ პროცესის შესახებ გამეკეთებინა. მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის ჩემი გადაწყვეტილება იმაზე, რაც ბოლო პერიოდში ყველასთვის აშკარა გახდა. საზოგადოება დაიღალა, გადაიღალა და ორი თემა არის რეალურად საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. როგორ და რამ უნდა გვიშველოს. მგონი, ჩვენ თუ რაღაც არ ვიღონეთ და ვიარეთ ერთ ჯადოსნურ წრეზე, ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი, ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ეს არის ჩემი დასკვნა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩემი საპრეზიდენტო მანდატი გავიდა. კიდევ სამი წელი რჩება. მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოების განცდას წარმოვადგენ. ეს დაპირისპირება, რაც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, რაღაცნაირად საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება „ჯადოსნური ერთიანობა“, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება; ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება; ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა. ეს არის ჩემი დაწყებული და ინიცირებული პროცესი, რომელიც იქნება საზოგადოებრივი პროცესი და რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  ჟურნალისტმა პრეზიდენტს მედიასთან მთავრობის ურთიერთობაზე და მის როგორც ეროვნული თანხმობის ერთ-ერთ ასპექტად ქცევაზე დაუსვა შეკითხვა, ასევე იმაზე, თუ რას გააკეთებს პრეზიდენტი იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა იყოს განხორცილებადი. „მე ვარ ხელისუფლების ნაწილი, მაგრამ არ ვარ მთავრობა. ასე რომ, თქვენ უნდა მიმართოთ... ჩემი მიზანი არ არის, რომ მე შევარიგო პოლიტიკური პარტიები, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები მხოლოდ ერთგვარი შუამავალი რგოლი, როცა საზოგადოება თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს, რომ მე წარვუდგინო პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტს, მთავრობას და ვიქნები საზოგადოების ერთგვარი ზურგი ამ შემთხვევაში. მაგრამ მე არ დავიწყებ... მათ უნდა იცოდნენ, რა არის საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობა და თუ საზოგადოება არ ეტყვის გარკვეულად და ხმას არ ამოიღებს, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს ხვდება.      

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართვა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში ჩართვა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზად, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა მას განუცხადა, რომ პოლიტიკაში აღარ არის. „არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა ბოლო 1.5 წელია. მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა - „მე პოლიტიკაში აღარ ვარ“. არც მითქვამს წინასწარ, რომ ამაზე მექნებოდა საუბარი, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული ვარ, მაგრამ დამოკიდებული ვარ საზოგადოებაზე. საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა თუ რამდენად წინ წავა. თუნდაც, ის რომ რაღაც დაპირისპირების, დუღილის კოეფიციენტი ცოტა ჩაცხრება და მგონი, ცოტათი მაინც ჩაცხრა, ამის იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები, პირველ რიგში, ამას მოიტანს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას, ბოლო წელიწადნახევარია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია. კითხვაზე, აქვს თუ არა მას რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის რწმენაზე ვერაფერს იტყვის. „ჩემი გამოცდილება არის ის, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. იმ დღიდან, როცა ვიყავი არჩეული, რაც მითხრა, რომ მისგან არანაირი მოთხოვნა, მითითება, ინსტრუქცია არ იქნებოდა, ეს შესრულებულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კელი დეგნანი: ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ძალიან პოზიტიურია პოლარიზაციის შესამცირებლად ნებისმიერი ინიციატივა, რომ განკურნოს საზოგადოება, როგორც მესმის, ამის გაკეთებას ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ეროვნული თანხმობის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საუბრისას. დეგნანმა გამოთქვა იმედი, რომ ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტს ექნება თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისგან. „საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში ხედავს, როგორ ახდენს ქვეყნის პარალიზებას პოლარიზაცია. ბევრი რაღაცის გაკეთება ვერ ხერხდება ქვეყნის წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მიუხედავად, როგორიც არის კოვიდი და ეკონომიკური აღდგენა. ასე რომ, ვფიქრობ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია პოლარიზაციის შესამცირებლად, რომ შეკრიბოს საზოგადოება ერთად და განკურნოს საზოგადოება, ძალიან პოზიტიურია. მე როგორც მესმის, სწორედ ეს არის, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი ინიციატივით. ვიმედოვნებ, რომ მას ექნება თანამშრომლობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორისგან სრული მასშტაბის მცდელობაში, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, რომლის წინაშეც არის ეს ქვეყანა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესზე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესზე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან შეხვედრაზე ისაუბრა. „ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე ვესაუბრე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევისათვის დიალოგის მხარდაჭერად“, - აღნიშნულია პრეზიდენტის Twitter პოსტში.

პრეზიდენტი მზადაა, შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება

ორბელიანების სასახლეში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. პრეზიდენტის თქმით, ის როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზადაა, შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება. „რა არის ის პუნქტები, რომლებზეც ვთანხმდებით, როგორც პრინციპებზე - რა აღარ გვინდა, რა არის ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას. მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არამხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა. ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რატომ მიმდინარეობს ახლა ეს პროცესი, პრეზიდენტის განმარტებით, პრაქტიკულად ეს ქვეყანა ჩაძირულია დაპირისპირებაში, გაჩერებული და ორად გაყოფილი, საჭიროა, დავფიქრდეთ, რატომ ხდება ის, რაც დღეს მოგვდის და ამისათვის ჩვენს წარსულში უნდა ჩავიხედოთ. „30 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან. ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სად ვართ, საით მივდივართ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა, რას ვუტოვებთ და ვუმზადებთ მომავალ თაობას? რა არის ეს პროცესი? საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და აიღოს თავის ხელში ეს პროცესი. დღევანდელ დღეს მას არ გააჩნია სივრცე, სადაც შეუძლია ისაუბროს. მედიაში აღარ მიმდინარეობს ნამდვილი დებატი. ეს არ არის პროცესი, რომელიც იწყება და მთავრდება საუბრით. ამ პროცესს აქვს კათარზისის როლი, რომ სიმართლე ვთქვათ და ჩვენვე ჩავიხედოთ ჩვენს შეცდომებსა, თუ დანაშაულებში და ვაღიაროთ ზოგიერთი მათგანი. საზოგადოება არის ის, რომელიც დაკვეთას აძლევს პოლიტიკურ სფეროს. საზოგადოებამ თუ რეალურად იცის რა უნდა, ის ძალიან დიდი ძალაა. ამას შეიძლება დღეს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ ვიგრძნობთ. საზოგადოების გარეშე პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ბერკეტი არ გააჩნია, თუ არა თქვენი გაძლიერება და თქვენთან ერთად იმ დაკვეთის შექმნა, რომელიც შემდეგ გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებს. მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. აქ არ არის არანაირი მონოპოლია. თემების აღმოჩენა იქნება პირველი პროცესი და გაიშლება ძალიან ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, გავალთ რეგიონებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში. იმისთვის, რომ პროცესი იყოს შთამბეჭდავი და გაშლილი, საჭიროა. იყოს ძალიან თავისუფალი. ანუ ვისაც ექნება მოსაზრება და ინიციატივა, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიმე სოფელი, თუ რომელიმე ჯგუფი შეუძლიათ თავისუფლად იმსჯელონ ამ საკითხებზე. აქ არ არის არანაირი მონოპოლია. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც  პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. მე არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები ყველა ჯგუფის ორგანიზატორი, ინიციატორი თუ მმართველი. იარსებებს მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი ხელს მოაწერს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში და აკრძალულია ლანძღვა-გინება. ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა ინტერნეტპლატფორმების საშუალებითაც შეეძლებათ. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია. იქნება სხვადასხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ საუბარს მაგალითად, ვინც იყვნენ სხვადასხვა პერიოდში დაზარალებულები, რა არის მათი ხედვა? სახელმწიფოსგან რას ელოდებიან? და ვნახოთ, სახელმწიფოს რა და რა დოზით შეუძლია უპასუხოს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც  პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ამ პროცესში დიასპორის როლსაც გაუსვა ხაზი.  მისივე თქმით, საუბრის ფორმატში უნდა გამოვლინდეს ის თემები, რომლებიც პოლარიზაციის მთავარი ღერძი და საფუძველია და რის გამოც ქვეყანა ვერ მიდის წინ. „ჩვენ არა ბრალის, არამედ მიზეზების ძებნაში ვართ, მიზეზების, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მოგვიყვანა. რატომ ქალები? საქართვლოს აქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ, ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა. ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე. ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ისტორიული ტრადიცია, რომ ქალებს ძალიან რთულ მომენტებში, ძალიან რთული როლი ჰქონდათ. ვწუხვარ, რომ დღეს მთავრობაში, პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. ეს არასწორია იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარგში ქალები ძლიერად არიან წარმოდგენილნი. მათი ადგილი პოლიტიკაში კი, არ ასახავს მათ როლს საზოგადოებაში. იმედია, ეს დისბალანსი ახლო მომავალში გამოსწორდება. ბოლო პერიოდში, ქალებს სიძულვილის ენა ყველაზე მეტად შეეხოთ, ამიტომ ქალებმა უფრო კარგად იციან, რამდენად დამანგრეველი და მიუღებელია სიძულვილის ენა, მათ იციან როგორ განიცდიან შვილები, როცა დედას საჯაროდ ლანძღავენ და ეს ამ ქვეყნისა და მისი კულტურისთვის სრულიად მიუღებელია! ქალებს ოჯახის მიმართ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ და სხვანაირად ფიქრობენ ხვალინდელ ქვეყანაზე, სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, გაუძლებს თუ ვერა ეს ქვეყანა ყველა ამ გამოწვევებს. ამიტომ მათი იმედი მაქვს! და ბოლოს, ქალებში უფრო მეტი ემპათია და მეტი მოსმენის უნარია, რაც დღეს ძალიან გვჭირდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესზე მორიგი განხილვა გაიმართა

საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების: მუსიკოსების, მხატვრების, დიზაინერების, რეჟისორების, მწერლების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით დღეს ორბელიანებისა სასახლეში ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით მორიგი განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა განხილვის დაწყებამდე პროცესში მონაწილე სტუმრებს მიმართა და ეროვნული თანხმობის პროცესის ფორმატთან, მის ხედვასა და პროცესის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. ,,ეს პროცესი არ არის წარსულზე ორიენტირებული პროცესი, მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა, რომ გავარკვიოთ რა გვჭირს, რა გვეშველება, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემები წარსულს უნდა დავუბრუნდეთ და მოვნახოთ ამ პრობლემების ძირი. დავინახოთ, რომ დღევანდელი პრობლემა იყო გუშინდელიც, გუშინწინდელიც და ეს სისტემური ხარვეზები მოგვყვება უკვე ოცდაათ წელზე მეტია. ჩვენი მიზანი არ არის გავარჩიოთ რომელი პარტია, ან რომელი მთავრობაა კარგი, თუ უკეთესი. ჩვენი მთავარი მიზანია აღმოვაჩინოთ ეს პრობლემები და ის მთავარი თემები, რომლებიც დღეს გვაბრკოლებს და ამ ქვეყანას წინ წასვლის საშუალებას არ აძლევს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: სასამართლო რეფორმების დროს საჭიროა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ერთ-ერთი და მთავარი გასაკეთებელი საკითხია ჩვენი ევროპული გზისათვის სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ამ რეფორმების დროს საჭიროა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენს ტრადიციებში არსებობს (სვანეთშიც.. თუშეთშიც, მაგრამ სვანეთში ბევრად უფრო დახვეწილი და განვითარებული ფორმით) და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები“. „მაგალითად, დღეს ძალიან საჭიროა მედიატორობა, სასამართლოები უკვე ვეღარ ასწრებენ სარჩელების შესწავლას და ამდენად, ეს მედიატორის ინსტიტუტი ახალ მნიშვნელობას იძენს და ძალიან პოპულარულია. ეს ტრადიცია აქ არსებობს და რატომ ვიგონებთ ახალს, რაც უკვე გამოგონილია და აქ, სვანებმა უნდა თავიანთი თავი და იდენტობა გამოაჩინონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნულ თანხმობაზე. მისი თქმით, საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას. „ეს მხარე დღემდე ასე ძლიერი სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ თქვენ იცით ერთობის მნიშვნელობა. მე მინდა, სვანეთიდან, ვთქვა, რომ არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ, ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა! საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას. ამის მაგალითი პირდაპირ უკრაინიდან მოდის. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს დამარცხებული იქნებოდა და თუ აქამდე გაძლო (და თუ ნაწილობრივ უკვე გამარჯვებულია და ვუსურვებ სრულიად გამარჯვებას), ეს იმიტომ, რომ ერთიანი იყო, ერთიანი არის და ერთიანი იქნება! ეს ჩვენც შეგვიძლია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და ეს არ შეიძლება დავივიწყოთ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.