თეგი: ზანგეზურის დერეფანი

ზანგეზურის დერეფნის მართვის ინიციატივა ამერიკის უფრო დიდი ამბიციის ნაწილია - Forbes

„ამერიკის მაღალი ფსონი ზანგეზურზე: როგორ შეიძლება, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დერეფნის ამოქმედებამ შეამციროს ევროპის ენერგეტიკული ხარჯები და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს,“ Forbes-ი სტატიაში განიხილავს აშშ-ის მცდელობას, შეამციროს რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში და გააძლიეროს ევროპისთვის ალტერნატიული ენერგომომარაგების გზები. ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში სტატიაში მიმოხილულია, რომ ზანგეზურის დერეფანი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ენერგორესურსების პირდაპირ მიწოდებას თურქეთში და შემდეგ ევროპაში, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. Forbes-ის მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, ზანგეზურის დერეფნის მართვის ინიციატივა ამერიკის უფრო დიდი ამბიციის გამოვლინებაა - გამოიყენოს „ძალთა იშვიათი ვაკუუმი“ სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, სადაც ისტორიულად რუსეთი დომინირებდა, მაგრამ ახლა მზადაა გადალაგებისთვის, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის სექტემბერში, მთიან ყარაბაღში გადამწყვეტი შეტევის დროს, მოსკოვმა თავისი მოკავშირე სომხეთი ვერ დაიცვა. რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტორის სანდოობა ახლა სრულად დანგრეულია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, რეგიონში განთავსებულნი იყვნენ რუსი „სამშვიდობოები“, მოსკოვმა ვერ შეძლო ჩარევა მაშინ, როცა აზერბაიჯანმა კვლავ აიღო კონტროლი მთიან ყარაბაღზე და შედეგად, 100,000 ეთნიკური სომეხი იძულებით გადაადგილდა. ეს უმოქმედობა ერევანში ღალატად აღიქვეს, რამაც რუსეთის მიმართ ნდობა არსებითად შეარყია და სომხეთის ისტორიულ გეოპოლიტიკურ შემობრუნებას დასავლეთისკენ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. გეოპოლიტიკური გათვლები და კონკურენტთა რეაქციები სატრანზიტო დერეფნის შესაძლო წარმატება ძირეულად შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში. ირანს საკუთარი სატრანზიტო როლის 20-30 პროცენტით შემცირება ემუქრება. რუსეთი კი, შესაძლოა, ათწლეულის განმავლობაში 10-დან 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის გარეშე დარჩეს და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე თავისი ზეგავლენის 10-15 პროცენტი დაკარგოს. ჩინეთისა და თურქეთის ინტერესები ჩინეთი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ზანგეზურის დერეფნის საშუალებით მოიპოვოს 20-30 მილიარდი დოლარის ეკონომიური სარგებელი „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. თურქეთი კი, დერეფნის ამოქმედებით, გადაიქცევა ენერგეტიკულ ჰაბად, რომელსაც პირდაპირი წვდომა ექნება თურქულენოვან ქვეყნებზე და შესაძლოა, ქვეყანამ 10-15 მილიარდი დოლარის სატრანზიტო შემოსავალი მიიღოს. თურქეთის როლი რეგიონში თურქეთი აქტიურად ცდილობს ქურთული კონფლიქტის დეესკალაციას, რაც ხელს შეუწყობს ზანგეზურის ინიციატივის წარმატებას. აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციებში თურქული ბიზნესი ექსპორტის 310%-იან ზრდას ელოდება, რაც დიპლომატიურ ჩართულობას დამატებით წაახალისებს. ენერგეტიკული კომპანიების ინტერესი SOCAR-ი მილსადენებს აფართოებს, ADNOC კი, წყალბადზე ერთობლივ პროექტებს განიხილავს. BP და Chevron მზად არიან, გაზარდონ ინვესტიციები 5-10 მილიარდ დოლარამდე. თუმცა პოლიტიკური უთანხმოებები და რეგულაციური შეფერხებები პროექტის ვადებსა და ხარჯებს საფრთხეს უქმნის. რისკები და პოლიტიკური დაბრკოლებები მოლაპარაკებების წარუმატებლობის ალბათობა 60%-ია, რამაც შესაძლოა, პროექტის დაწყება 1-1.5 წლით შეაფერხოს. სომხეთმა მკაფიოდ უარყო თავისი ტერიტორიის გადაცემა, რაც უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს. მომავალი პერსპექტივები თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, შუა დერეფნის გაძლიერებული ტევადობის მეშვეობით, 2027 წლისთვის სავაჭრო ნაკადები 20-50 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევრაზიულ ლოგისტიკას. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ სუვერენიტეტთან დაკავშირებული რისკები და აქტიურად ითანამშრომლონ აშშ-ის შუამავლებთან. გეოპოლიტიკური გავლენა: ამერიკის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს რუსეთის გავლენის შემცირებას რეგიონში და აშშ-ის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. დასკვნა ზანგეზურის დერეფანი არამხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ, ეს არის ამერიკული დიპლომატიის ტესტი გლობალურ მულტიპოლარულ სამყაროში. მისი წარმატება რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავებისა და ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მხარდაჭერის მხრივ, აშშ-ის შესაძლებლობებს დაამტკიცებს.  

რატომ ეწინააღმდეგება ირანი ზანგეზურის დერეფნის პროექტს

წყარო „ზანგეზურის დერეფნის“ კონცეფცია, 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანა. დაახლოებით 32 კმ სიგრძის ამ დერეფანმა (ზოგიერთი წყაროს თანახმად, 49 კმ) თანამედროვე სომხეთის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, სიუნიქის რეგიონის მეღრის რაიონში უნდა გაიაროს და აზერბაიჯანის მატერიკული ნაწილი მის ნახიჩევანის ანკლავთან დააკავშიროს.  ბაქოსთვის ეს დერეფანი უმოკლესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გზაა, რომელიც აზერბაიჯანის ორ ტერიტორიას აკავშირებს. აზერბაიჯანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ადამიანები ამ მარშრუტზე თავისუფლად გადაადგილდნენ და ტვირთმა შეუფერხებლად გაიაროს. ბაქო თავის პოზიციას ამყარებს 2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტით, რომელიც რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირის განბლოკვას ითხოვს. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი სცდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ფარგლებს და სულ უფრო მეტ რეგიონულ და გლობალურ ინტერესს იწვევს. ანტირუსული სანქციებისა და გლობალური ლოგისტიკური ცვლილებების ფონზე, ეს დერეფანი, ევროკავშირისა და თურქეთის მიერ სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტი, რომელიც რუსეთსა და ირანს გვერდს აუვლის. თუმცა ირანი, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გაფართოებასა და დასავლეთის ღრმა შეღწევადობას უფრთხის, პროექტს მკაცრად ეწინააღმდეგება. თეირანი ზანგეზურსა და სომხეთთან საზღვარს, ევროპისა და რუსეთისკენ გასასვლელი მარშრუტის უმნიშვნელოვანეს კარიბჭედ მიიჩნევს. ამ წვდომის დაკარგვა ირანის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ძლიერ დარტყმას გამოიწვევს. თეირანი ასევე ღრმად შეშფოთებულია იმ პერსპექტივით, რომ მის საზღვრებთან თურქულენოვან სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება ჩამოყალიბდეს. ასეთ ვითარებაში, კავკასიაში პროთურქული ბლოკის გაძლიერება, რეგიონისგან ირანის სრულ იზოლაციასა და მარგინალიზაციას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი ირანისთვის არამხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ, სტრატეგიულ ბალანსსაც უქმნის საფრთხეს. ამასობაში, ჩინეთი — „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ მთავარი მამოძრავებელი, ახალი სავაჭრო მარშრუტების გახსნისადმი აქტიურად იჩენს ინტერესს. ინდოეთიც ცდილობს, გამოიყენოს დერეფანი საკუთარი რეგიონული სტრატეგიის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება შუა დერეფნის პროექტს, რომელშიც მისი კონკურენტები — ჩინეთი და პაკისტანი წამყვან როლს თამაშობენ. ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ზანგეზურის დერეფანს ცენტრალური აზიის კარიბჭედ განიხილავენ. ეს არის რეგიონი, რომელიც მდიდარია რესურსებით, თუმცა არასაკმარისი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ლონდონისთვის ეს სტრატეგიული მიზნის ერთგვარი აღორძინებაა, რაც რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტას გულისხმობს. თურქეთი, რომელიც ამ დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, მას განიხილავს, როგორც პირდაპირ ეკონომიკურ გზას აზერბაიჯანში და იქიდან ცენტრალურ აზიაში — რაც მნიშვნელოვან სატრანზიტო შემოსავალსა და რეგიონულ გავლენას უზრუნველყოფს. რუსეთიც დაინტერესებულია ამ რეგიონში თავისი გავლენის შენარჩუნებით — დერეფნის კონტროლით, ევრაზიული ინტეგრაციის ხელშეწყობითა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. მოსკოვი პროექტში მონაწილეობას განიხილავს, როგორც საკუთარი გეოპოლიტიკური ყოფნის შენარჩუნების საშუალებას. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ვაშინგტონი წინადადებით გამოვიდა, რომ დერეფანი ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ვაშინგტონის ჩართულობამ ირანის ყველაზე მწვავე რეაქცია გამოიწვია. თეირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ფორმატს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს აშშ-ის სასარგებლოდ შეცვლის. ვაშინგტონის მიზნები მოიცავს ირანის პოლიტიკური და ლოგისტიკური იზოლაციის გაღრმავებას და მისთვის კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან წვდომის შეზღუდვას. ირანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თეირანმა დიპლომატიური გზით გადასცა მოსკოვს თავისი კატეგორიული უარყოფითი პოზიცია, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ დერეფანი ექსტერიტორიული კონტროლის ქვეშ მოექცევა, რაც ირან-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს შეუქმნის. ბაქოსთვის კი, ირანის პროტესტი ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა. თეირანი ცდილობს, შექმნას საკუთარი დერეფანი არაქსის მდინარის ირანულ ნაპირზე. ირანულ საინფორმაციო სააგენტო „Mehr“-თან ინტერვიუში ინფრასტრუქტურის ექსპერტმა მორტეზა ნასერიანმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ბაქოს კონტროლის ქვეშ, დერეფანმა შესაძლოა, ირანს სომხეთი საბოლოოდ მოწყვიტოს. ამასობაში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი „წარმატებულ დასრულებას უახლოვდება.“ მოსე ბეკერი, ANAS-ის (აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის) სამართლისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ყოფილი წამყვანი მკვლევარი. პოლიტიკურ საკითხებზე კომენტატორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ეთნიკურ-რელიგიურ საკითხებში ექსპერტი.

„ეს შეკითხვა სომხეთისთვის არის განკუთვნილი“ - ალიევის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ ზანგეზურის დერეფნის შესაძლო კონტროლზე

„ეს კითხვა სომხურ მხარეს მიემართება. აშშ-ის კომპანიებთან თანამშრომლობა მათი საქმეა.“ „ჩვენ, ჩვენი მხრივ, ფოკუსირებულნი ვართ ჩვენს სამუშაოზე: ტრანსპორტირების ხაზების გაფართოებასა და ჩვენს მეზობლებთან - საქართველოსთან, ირანთან და რუსეთთან კონტაქტების გაფართოებაზე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა, როდესაც ისაუბრა ინიციატივაზე, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ ამერიკულმა მხარემ გააკონტროლოს. მანვე აღნიშნა, რომ „ასეთი ურთიერთობები შეიძლება, სასარგებლო იყოს მთლიანად რეგიონისთვის.“ „თუ სომხეთი ამისთვის მზად არის, ჩვენ გვსურს ერთობლივად განვავითაროთ ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფანი,“ - აღნიშნა ჰაჯიევმა.      

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ყველა ენერგორესურსის ექსპორტი ზანგეზურის დერეფნით განხორციელდება

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალპარსლან ბაირაქთარმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დღეს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა უახლოეს ხანში ყველა ენერგორესურსის ექსპორტი ზანგეზურის დერეფნით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, ყველა პროექტი, რომელიც დაკავშირებულია აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების თურქეთში ექსპორტთან, მათ შორის ნავთობის, ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის, ბაქოსთან ერთობლივად განხორციელდება. „ამ მიმართულებით მიღწეულია პროგრესი. პროექტების მაგალითად, რომელთა რეალიზაციაც დღემდე ხდება, შემიძლია, გამოვყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზურუმი, ასევე, ინტერკონექტორი ნახიჩევანი-თურქეთი. დღეს ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანიდან თურქეთში ხორციელდება საქართველოს გავლით, მაგრამ უახლოეს ხანში ყველა ენერგორესურსისა და სხვა ლოგისტიკური გადაწყვეტილებების თურქეთში მიწოდება მოხდება ზანგეზურის დერეფნით. ამასთან, ენერგორესურსები და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ცენტრალურ აზიაში იქნება მიწოდებული თურქეთში აზერბაიჯანის გავლით, ხოლო თურქეთის გავლით – ევროპაში,“ – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.  

ერდოღანი: ზანგეზურის დერეფანი თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთგვარი შერიგების პროექტია

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთგვარი შერიგების პროექტია.  რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ 224-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომლის მშენებლობასაც საფუძველი 22 აგვისტოს ჩაეყარა, თურქეთისთვის საამაყოა. ამ დერეფნის გამტარუნარიანობა წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთი იქნება და ის  5,5 მილიონი მგზავრს მოემსახურება. ერდოღანი: თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა