რატომ ეწინააღმდეგება ირანი ზანგეზურის დერეფნის პროექტს

წყარო

„ზანგეზურის დერეფნის“ კონცეფცია, 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანა. დაახლოებით 32 კმ სიგრძის ამ დერეფანმა (ზოგიერთი წყაროს თანახმად, 49 კმ) თანამედროვე სომხეთის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, სიუნიქის რეგიონის მეღრის რაიონში უნდა გაიაროს და აზერბაიჯანის მატერიკული ნაწილი მის ნახიჩევანის ანკლავთან დააკავშიროს. 


ბაქოსთვის ეს დერეფანი უმოკლესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გზაა, რომელიც აზერბაიჯანის ორ ტერიტორიას აკავშირებს. აზერბაიჯანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ადამიანები ამ მარშრუტზე თავისუფლად გადაადგილდნენ და ტვირთმა შეუფერხებლად გაიაროს.


ბაქო თავის პოზიციას ამყარებს 2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტით, რომელიც რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირის განბლოკვას ითხოვს. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი სცდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ფარგლებს და სულ უფრო მეტ რეგიონულ და გლობალურ ინტერესს იწვევს.


ანტირუსული სანქციებისა და გლობალური ლოგისტიკური ცვლილებების ფონზე, ეს დერეფანი, ევროკავშირისა და თურქეთის მიერ სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტი, რომელიც რუსეთსა და ირანს გვერდს აუვლის.


თუმცა ირანი, რომელიც თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გაფართოებასა და დასავლეთის ღრმა შეღწევადობას უფრთხის, პროექტს მკაცრად ეწინააღმდეგება. თეირანი ზანგეზურსა და სომხეთთან საზღვარს, ევროპისა და რუსეთისკენ გასასვლელი მარშრუტის უმნიშვნელოვანეს კარიბჭედ მიიჩნევს. ამ წვდომის დაკარგვა ირანის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ძლიერ დარტყმას გამოიწვევს.


თეირანი ასევე ღრმად შეშფოთებულია იმ პერსპექტივით, რომ მის საზღვრებთან თურქულენოვან სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება ჩამოყალიბდეს. ასეთ ვითარებაში, კავკასიაში პროთურქული ბლოკის გაძლიერება, რეგიონისგან ირანის სრულ იზოლაციასა და მარგინალიზაციას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ზანგეზურის დერეფანი ირანისთვის არამხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ, სტრატეგიულ ბალანსსაც უქმნის საფრთხეს.


ამასობაში, ჩინეთი — „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ მთავარი მამოძრავებელი, ახალი სავაჭრო მარშრუტების გახსნისადმი აქტიურად იჩენს ინტერესს. ინდოეთიც ცდილობს, გამოიყენოს დერეფანი საკუთარი რეგიონული სტრატეგიის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება შუა დერეფნის პროექტს, რომელშიც მისი კონკურენტები — ჩინეთი და პაკისტანი წამყვან როლს თამაშობენ.


ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ზანგეზურის დერეფანს ცენტრალური აზიის კარიბჭედ განიხილავენ. ეს არის რეგიონი, რომელიც მდიდარია რესურსებით, თუმცა არასაკმარისი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით. ლონდონისთვის ეს სტრატეგიული მიზნის ერთგვარი აღორძინებაა, რაც რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტას გულისხმობს.


თურქეთი, რომელიც ამ დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, მას განიხილავს, როგორც პირდაპირ ეკონომიკურ გზას აზერბაიჯანში და იქიდან ცენტრალურ აზიაში — რაც მნიშვნელოვან სატრანზიტო შემოსავალსა და რეგიონულ გავლენას უზრუნველყოფს.


რუსეთიც დაინტერესებულია ამ რეგიონში თავისი გავლენის შენარჩუნებით — დერეფნის კონტროლით, ევრაზიული ინტეგრაციის ხელშეწყობითა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. მოსკოვი პროექტში მონაწილეობას განიხილავს, როგორც საკუთარი გეოპოლიტიკური ყოფნის შენარჩუნების საშუალებას.


დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ვაშინგტონი წინადადებით გამოვიდ, რომ დერეფანი ამერიკის კონტროლის ქვეშ მოექცეს. ვაშინგტონის ჩართულობამ ირანის ყველაზე მწვავე რეაქცია გამოიწვია. თეირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ფორმატს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს აშშ-ის სასარგებლოდ შეცვლის.


ვაშინგტონის მიზნები მოიცავს ირანის პოლიტიკური და ლოგისტიკური იზოლაციის გაღრმავებას და მისთვის კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან წვდომის შეზღუდვას. ირანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, თეირანმა დიპლომატიური გზით გადასცა მოსკოვს თავისი კატეგორიული უარყოფითი პოზიცია, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ დერეფანი ექსტერიტორიული კონტროლის ქვეშ მოექცევა, რაც ირან-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს შეუქმნის.


ბაქოსთვის კი, ირანის პროტესტი ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა. თეირანი ცდილობს, შექმნას საკუთარი დერეფანი არაქსის მდინარის ირანულ ნაპირზე. ირანულ საინფორმაციო სააგენტო „Mehr“-თან ინტერვიუში ინფრასტრუქტურის ექსპერტმა მორტეზა ნასერიანმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ ბაქოს კონტროლის ქვეშ, დერეფანმა შესაძლოა, ირანს სომხეთი საბოლოოდ მოწყვიტოს.


ამასობაში, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი „წარმატებულ დასრულებას უახლოვდება.“


  • მოსე ბეკერი, ANAS-ის (აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის) სამართლისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ყოფილი წამყვანი მკვლევარი. პოლიტიკურ საკითხებზე კომენტატორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ეთნიკურ-რელიგიურ საკითხებში ექსპერტი.