თეგი: იან ბონდი
რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-ს ესაუბრა კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს
იტალია ჩინეთის „ერთი - სარტყელი და გზის ინიციატივიდან (BRI), ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე უნდა გამოვიდეს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა. „ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის ასევე პარტნიორია. კითხვა ახლა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გამოვიდეთ ინიციატივიდან პეკინთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე“, - განაცხადა კროზეტომ. იტალიის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „იტალიის მიერთება ხსენებულ ინიციატივასთან, ჯუზეპე კონტეს მთავრობის მიერ ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომაც ორმაგი ნეგატიური შედეგი გამოიწვია. „ჩვენ ექსპორტზე გავიტანეთ ბევრი ფორთოხალი ჩინეთში და სამ წელიწადში გავასამმაგეთ ჩინური ექსპორტი იტალიაში,“ - აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი. კროზეტოს კომენტარი პირველი დადასტურებაა იმისა, რომ რომი ჩინეთის პროექტიდან გასვლას გეგმავს. იტალიის ამ გადაწყვეტილების შესახებ La Republica რამდენიმე დღის წინ წერდა. გამოცემა ასევე წერდა, რომ 27 ივლისს, თეთრ სახლში შეხვედრაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სავარაუდოდ, ბაიდენისგან ელოდებოდა წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე. 2019 წელს იტალია გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას შეუერთდა. ინიციატივა მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლითაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, თუმცა იდეის კრიტიკოსები მას ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ეცდება.
იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე: წლების წინ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩავთვლიდი
Europetime-თან საუბრისას ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“ ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს. იტალიამ დაადასტურა, რომ ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან გასვლას გეგმავს „ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე. საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა.
იან ბონდი NATO-სთან საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და პუტინზე
ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, იან ბონდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტი იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან იმის თქმით, რომ უკრაინა ომის მიმდინარეობისას ალიანსის წევრი ვერ გახდება, პუტინს დღის წესრიგზე კონტროლის საშუალება მიეცა. „ვილნიუსის სამიტი ჩემთვის იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან ჩვენ ვლადიმერ პუტინს დღის წესრიგზე მივეცით კონტროლი იმის თქმით, რომ კი, უკრაინას შეუძლია, ჩვენი წევრი გახდეს, მაგრამ არა ომის დასრულებამდე. ამით პუტინს, ფაქტობრივად, სტიმულს აძლევ, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახით ომი გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ NATO უნდა ეცადოს განსაზღვროს, როგორ შეუძლია უკრაინის გაწევრიანება იმ პირობებშიც კი, როდესაც ომი დასრულებული არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა თბილისში ვართ, ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შეძლოს იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით, რომლითაც საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები. მე ვწუხვარ, რომ ჩვენ შეიძლება ხელიდან გავუშვით შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ვცდები, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ვითარებაში, სადაც საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და ხდის უფრო რთულს იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს,“ - განაცხადა იან ბონდმა.
თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
უკრაინა ომის მეორე წლისთავის წინ და რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. კიევმა პირველ თებერვალს ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. დასავლეთი ხშირად იმეორებს, რომ პუტინის მიზანი არ შეცვლილა. ამასთან, მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიულმა მიზანმა - აეღო კიევი, მარცხი განიცხადა. ევროპა რუსეთთან „პოტენციური ომისთვის მზადებასა და ევროპული საზოგადოების შემზადების აუცილებლობაზე“ საუბრებს ააქტიურებს. NATO-მ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო. შექმილ სურათზე Europetime-ს ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ყოფილი დირექტორი, „ევროპული რეფორმების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე იან ბონდი ესაუბრა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის. „გარკვეული გაგებით, თითქმის ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებების მაგიდასთან - თუ, როგორც ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში, რეჟიმი არ შეწყვეტს არსებობას და არავინ დარჩება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოილაპარაკოს. მაგრამ ახლა საერთოდ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის; პირიქით, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს იგივე მიზნისთვის მოქმედება - უკრაინის დამორჩილება, რაც 2022 წლის 24 თებერვალს სურდა. უკრაინა ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.“ ანალიტიკოსი დასავლეთის მიზნებში მეტი მკაფიოობის მომხრეა საიმისოდ, რომ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ დაინახოს ომის სტრატეგიული მნიშვნელობა და იმის აუცილებლობა, რომ რუსეთის მიერ იარაღის სისტემებისა და საბრძოლო მასალის წარმოების შესაბამისად მოქმედებდნენ. „დასავლეთმა გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა უკრაინას რუსეთის ძალებისთვის არაპროპორციული ზიანის მიყენებასა და ომის პერიოდის შემცირებაში დაეხმაროს. ამავდროულად, ის უნდა დარწმუნდეს, რომ სანქციები საკმარისად მკაცრია, რათა სერიოზულად დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი, რუსეთის შესაძლებლობები თავდაცვის აღჭურვილობის წარმოების თვალსაზრისით,“ ამბობს იან ბონდი. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.