იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე: წლების წინ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩავთვლიდი

Europetime-თან საუბრისას ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აფასებს და ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ალბათ, პოტენციურად პოზიტიურ მოვლენად ჩათვლიდა, თუმცა ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, და ჩინეთი მაინცდამაინც სახარბიელო როლს არ თამაშობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის წინააღმდეგ, პეკინთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ მორიგი შემაშფოთებელი ნიშანია იმისა, რომ „საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ზურგს აქცევს და რომ დასავლეთის გეოპოლიტიკურ კონკურენტებთან მჭიდრო ურთიერთობას აგრძელებს.“


ანალიტიკოსის შეფასებით, პირველ რიგში, ეს ზრდის საქართველოს დაუცველობას რუსეთის მიმართ და აშორებს საქართველოს პარტნიორებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეორე - „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივამ აჩვენა, რომ ის შეიძლება, ერთგვარი ტვირთი გახდეს სახელმწიფოების „კისერზე“ და აიძულოს ქვეყნები, გადასცენ მნიშვნელოვანი ეროვნული აქტივები პეკინს.


„ჩინეთთან ვაჭრობის გაზრდის მცდელობებს ვერავინ გააპროტესტებს - ამას ყველა დასავლური ქვეყანა, თუნდაც აშშ, ცდილობს, მაგრამ ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს მთავრობა ხელს აწერს უამრავ ჩინურ ინიციატივას და პროექტს, რომლებიც შეიძლება, დანაშაულად არ მიიჩნეოდეს, მაგრამ რეალურად შექმნილია ჩინეთის მმართველობის მოდელის პოპულარიზაციისა და მისი გავლენის გაზრდის მიზნით, აშშ-სა და ევროკავშირის ხარჯზე.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს, თუ რამდენად აფასებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მთავრობას უნდა დაუსვან რთული შეკითხვები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას აპირებს ის ამ ახალი პარტნიორობის მეშვეობით,“ განუცხადა Europetime-ს იან ბონდმა.