ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, იან ბონდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ვილნიუსის სამიტი იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან იმის თქმით, რომ უკრაინა ომის მიმდინარეობისას ალიანსის წევრი ვერ გახდება, პუტინს დღის წესრიგზე კონტროლის საშუალება მიეცა.
„ვილნიუსის სამიტი ჩემთვის იმედის გამაცრუებელი იყო, რადგან ჩვენ ვლადიმერ პუტინს დღის წესრიგზე მივეცით კონტროლი იმის თქმით, რომ კი, უკრაინას შეუძლია, ჩვენი წევრი გახდეს, მაგრამ არა ომის დასრულებამდე. ამით პუტინს, ფაქტობრივად, სტიმულს აძლევ, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახით ომი გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ NATO უნდა ეცადოს განსაზღვროს, როგორ შეუძლია უკრაინის გაწევრიანება იმ პირობებშიც კი, როდესაც ომი დასრულებული არ არის.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ახლა თბილისში ვართ, ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შეძლოს იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით, რომლითაც საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები. მე ვწუხვარ, რომ ჩვენ შეიძლება ხელიდან გავუშვით შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს შემთხვევაში.
დარწმუნებული ვარ აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ვცდები, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ვითარებაში, სადაც საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და ხდის უფრო რთულს იმ პირობების განჭვრეტას, რომელშიც საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს,“ - განაცხადა იან ბონდმა.