თეგი: მწვანე ენერგია
აშშ და საქართველო მუშაობენ, რათა ქართული ოჯახები და ბიზნესი იყვნენ მწვანე ენერგიის სტაბილური მიწოდების იმედად, რომელიც არ გახდება საერთაშორისო ზეწოლის საგანი - საელჩო
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მჭიდრო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. ეს პარტნიორობა დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ამერიკის საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ, რომ ქართული ოჯახები და ბიზნესი იყვნენ მწვანე ენერგიის სტაბილური მიწოდების იმედად, რომელიც არ გახდება საერთაშორისო ზეწოლის საგანი. „თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ონლაინ ვაჭრობისა და ინვესტიციების პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმებს საქართველოში. კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინტეგრირებული ელექტროენერგიის ბაზრის გამართული ფუნქციონირება არის ელექტროენერგიით თავისუფალი ვაჭრობის საფუძველი, რომელიც მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სფეროში. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი პოზიტიური შედეგი მოაქვს საქართველო-ამერიკის 30 წლიან პარტნიორობას ქართულ ოჯახებზე, ბიზნესსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაზე“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.
აზერბაიჯანი და რუმინეთი შავი ზღვის გავლით ევროპაში მწვანე ენერგიის ტრანზიტს განიხილავენ
რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივნის მარიან ნეაცუს ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში გამართული შეხვედრისას დელეგაციამ, აზერბაიჯანიდან ევროპაში შავი ზღვის გავლით მწვანე ენერგიის ტრანზიტის შესახებ გამართა დისკუსია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სამირ ვალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და რუმინეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა და ხაზი გაუსვა ფართო ენერგეტიკულ დღის წესრიგს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ტრადიციული და განახლებადი ენერგიის გარდა, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესცა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და ენერგეტიკული საკითხების რეგულირება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სამინისტროს, სამინისტროს განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს, სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს, Azerenergy OJSC და Azerishiq OJSC-ის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე განსახორციელებელი გადაწყვეტილებები. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ განაცხადა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს პარტნიორებს და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც. მისივე თქმით, შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში. „ხსენებული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში, ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც გამოწვულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, ასევე, კოვიდპანდემიით და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული. ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე, ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებულნი ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, ევროპას შორის“, - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.
აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის - მინისტრი
აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის. „მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჩვენი ემისიები მხოლოდ 0,1 პროცენტია. მაგრამ აზერბაიჯანმა დაიწყო საკმაოდ ინტენსიური ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკის პროექტებში. ჩვენ ასევე დავიწყეთ ახალი დერეფნების შექმნა მწვანე ენერგიის სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ევროკავშირთან, აზერბაიჯანიდან, რეგიონიდან მწვანე ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტრმა. ჯერ კიდევ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკული ხიდის განვითარებას, რომელიც კავკასიას ევროპასთან დააკავშირებს.