რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივნის მარიან ნეაცუს ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში გამართული შეხვედრისას დელეგაციამ, აზერბაიჯანიდან ევროპაში შავი ზღვის გავლით მწვანე ენერგიის ტრანზიტის შესახებ გამართა დისკუსია.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სამირ ვალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და რუმინეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა და ხაზი გაუსვა ფართო ენერგეტიკულ დღის წესრიგს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ტრადიციული და განახლებადი ენერგიის გარდა, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესცა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და ენერგეტიკული საკითხების რეგულირება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სამინისტროს, სამინისტროს განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს, სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს, Azerenergy OJSC და Azerishiq OJSC-ის წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე განსახორციელებელი გადაწყვეტილებები.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.
რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.
რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.