თეგი: ოლეგ დერიპასკა
რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში
რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ ორშაბათს განაცხადა, რომ დროა ბოლო მოეღოს „მთელ ამ სახელმწიფო კაპიტალიზმს“ და შეიცვალოს პოლიტიკა, რადგან ქვეყნის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების ზეგავლენას განიცდის უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის გამო. „აუცილებელია ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა, აუცილებელია მთელი ამ სახელმწიფო კაპიტალიზმის დასრულება“, - განაცხადა დერიპასკამ Telegram-ზე და მოითხოვა ოფიციალური პირებისგან „ახსნა-განმარტება“, თუ რა ბედი ელის ეკონომიკას მომდევნო სამი თვის განმავლობაში. უცხოური მედიის ცნობით, ოლიგარქმა ასევე დაამატა: „თუ ეს რეალური კრიზისია, მაშინ ჩვენ გვჭირდება რეალური კრიზისის მენეჯერები და არა ფანტაზიორები სულელური პრეზენტაციებით“. „2014 წლისგან განსხვავებით, ახლა შეუძლებელი იქნება ამის გამოსწორება“, - განაცხადა დერიპასკამ, მხედველობაში ჰქონდა მოსკოვის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსია და დასავლეთის სანქციების შემოღება.
რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა
როგორ ცდილობენ, გაექცნენ დასავლეთის სანქციებს რუსი ოლიგარქები, ამ თემაზე სააგენტო Reuters-ი სტატიას აქვეყნებს. ბრიტანული მედია წერს, რომ რუსი ოლიგარქ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში, კერძოდ, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, კურორტ გოიჩეკთან ახლოს მდებარე ყურეში შევიდა. დერიპასკას, რუსული ალუმინის გიგანტის Rusal-ის (RUAL.MM) დამფუძნებელს, სანქციები შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა დაუწესეს. მანამდე ის მშვიდობის მოწოდებით გამოდიოდა. Reuters-ის ინფორმაციით, კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფი 73-მეტრიანი იახტა გიოჩეკის ყურეში რჩება. „NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და შუამავალია კონფლიქტში. მან მხარი დაუჭირა კიევს, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს, მათ შორის რუსი მილიარდერების წინააღმდეგ ზომებს. ანკარა დიდწილად ეყრდნობა რუსულ ენერგეტიკულ იმპორტს და ტურისტებს. ის იქცა უსაფრთხო თავშესაფარად სანქციებისგან გაქცეული რუსებისთვის და ბევრმა ინვესტიციაც ჩადო ამ ქვეყანაში. პარასკევს, უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს თურქეთთან მეტი მხარდაჭერისთვის, ესმის თუმცა არ არის კმაყოფილი მოსკოვთან ანკარის პარალელური კავშირებით“, - წერს Reuters-ი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტი პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის - მედია
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის ტერიტორია და იქ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ დერიპასკას საკუთრებაში გადადის. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში და მართვაში დარჩება. მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ სოხუმის აეროპორტში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის მიერ ჩატარებული შემოწმების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „რუსეთის ფედერაციის ობიექტები" იყო აღნიშნული. მათ შორის, ხელოვნური ასაფრენი ბილიკი, საკონტროლო კოშკი და საგუშაგო. „საინვესტიციო ობიექტებს“ მიეკუთვნება, კერძოდ, საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობა, სადგურის წინა მოედანი და ბენზინგასამართი პუნქტი, ხოლო „აფხაზეთის რესპუბლიკის ობიექტებად“ მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტისას გაირკვა, რომ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის პროექტის ინვესტორია - რუსეთის სამეწარმეო ჯგუფი „საბაზისო ელემენტი“. ჯგუფი შედგება კომპანიებისგან, რომლებსაც აკონტროლებს ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს-ინტერესების სფეროში. კომპანიების ძირითადი აქტივები, შედის „საბაზისო ელემენტში“, (Basic Element Ltd ) რომელიც კუნძულ ჯერსიზეა რეგისტრირებული. ჯგუფის აქტივები კონცენტრირებულია მანქანათმშენებლობის, სამთო, მეტალურგიული, ენერგეტიკის, ფინანსური, სამშენებლო, ავიაციის, სოფლის მეურნეობის და სხვა ეკონომიკის სექტორებში რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებში, აფრიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ოლეგ დერიპასკა აშშ-ს სანქციების სიაში 2018 წლიდან იყო. მისი სახელი მოხსენიებულია აშშ-ის დეპარტამენტების მრავალ პუბლიკაციასა და ოფიციალურ დოკუმენტში აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ, მაგრამ არ არის ცნობილი, რომ მას ოფიციალურად ბრალი წაუყენეს აშშ-ში. 2022 წლის თებერვალში ბიზნესმენმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მალე დაწყებისკენ მოუწოდა. 2022 წლის მარტის დასაწყისში მან კვლავ გაავრცელა განცხადება ომის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ის ევროკავშირის სანქციების სიაში მაინც მოხვდა. 2017 წელს დერიპასკამ მიიღო კვიპროსის მოქალაქეობა, მაგრამ 2022 წლის აპრილში, ევროკავშირის სანქციების სიაში ყოფნის გამო, მას კვიპროსის მოქალაქეობა ჩამოერთვა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და შესაბამისი ინფორმაცია დოკუმენტიდან 2006 წელს წაშალა.
რუს ოლიგარქ დერიპასკასთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების ბრალდებით, ბრიტანელი ბიზნესმენი დააკავეს
62 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი გრეჰემ ბონემ კარტერი ამერიკელების მოთხოვნით ლონდონში დააკავეს. მას ბრალი ედება რუსი მილიარდერის ოლეგ დერიპასკას სანქციების გვერდის ავლით დახმარებაში. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება. აშშ რუს ოლიგარქ დერიპასკას სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს პროკურატურის განცხადებით, ბონემ კარტერი დერიპასკას ქონებას აშშ-ის კანონებისა და სანქციების დარღვევით მართავდა. ის, სავარაუდოდ, მუშაობდა კომპანიებში, რომლებსაც მილიარდერი 2003 წლიდან აკონტროლებდა. „ამასთან, ბრალდებული დაფინანსების წყაროებს მალავდა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, ბონემ კარტერი, ნიუ-იორკში, აუქციონის სახლში დერიპასკასათვის ნაყიდი ხელოვნების ნიმუშების უკანონო ტრანსპორტირებაშია ეჭვმიტანილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრიტანელი შეგნებულად მალავდა ინფორმაციას, რომ ეს რუსი ოლიგარქის საკუთრება იყო. ვაშინგტონმა დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები 2018 წელს დააწესა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსი ოლიგარქი სანქციების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. დერიპასკა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია რუსეთში. ჟურნალმა Forbes-მა 2022 წელს მისი ქონება $1,7 მილიარდად შეაფასა. მეწარმემ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან ზარალი $7,5 მილიარდად შეაფასა. დერიპასკა მის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს და აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანას სასამართლოში აპროტესტებს.
უკრაინის იუსიტიციის მინისტრის თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩს და ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ქონება დაუყადაღეს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პავლო ლებედევის, ოლიგარქების სერჰი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას ქონება დაყადაღებულია. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მოთხოვნით, შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, აქტივების კონფისკაცია მოხდება. „მასალების შეგროვების შემდეგ, ჩვენ მათ გადავიტანთ უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება აქტივების კონფისკაციის შესახებ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. ყველაზე რთული ეტაპი კი, მტკიცებულებების შეგროვება და სარჩელის მტკიცებულებათა ბაზის მომზადებაა. „ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ყველა პოლიტიკოსი, პოლიტიკასთან დაახლოებული ფიგურა თუ რუსი ოლიგარქი, ყოველთვის ამჯობინებდა საკუთარი ბიზნეს აქტივების დარეგისტრირებას ნომინალური მფლობელებისთვის... უფრო კონკრეტულად, იანუკოვიჩი თავის კომპანიებს ოფიციალურად არ ფლობდა, მისი ცნობილი კომპანია „ტანტალიტი“ პირდაპირ მას არ ეკუთვნის. დერიპასკამ მნიშვნელოვანი აქტივები სხვა პირებზე დაარეგისტრირა. შესაბამისად, სასამართლოში მოგვიწევს დავამტკიცოთ, რომ მფლობელები ნომინალური ფიგურები არიან, ხოლო რეალური მფლობელი, რომელიც აკონტროლებს ბიზნესს, იანუკოვიჩი ან დერიპასკა არიან", - განმარტა მალიუსკამ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ პავლო ლებედევს, ოლიგარქებს სერჰი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას სანქციები დაუწესდათ.
ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას თქმით, 2024 წელს რუსეთში ფული აღარ იქნება - მედია
რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა ელის, რომ 2024 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ფული აღარ იქნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ცნობით, დერიპასკამ 2 მარტს კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მსოფლიოში სიდიდით ალუმინის მესამე მწარმოებლის, RUSAL-ის ერთ-ერთმა თანამფლობელმა განაცხადა, რომ რუსეთს უცხოელი ინვესტორები სჭირდება. „შიშით ვუყურებ იმ რესურსებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ალბათ უსარგებლოდ დაიხარჯა. ადრე ვფიქრობდი, რომ ეს იყო მილიარდები, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ანგარიში უკვე ტრილიონებს აღწევს. მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა, მხოლოდ კონკურენტული გარემოთი დარეგულირებული საკითხები (დაეხმარება ქვეყანას) ...მომავალ წელს ფული აღარ იქნება“, - განაცხადა დერიპასკამ. მისივე თქმით, ინვესტორებისთვის თუ არ შეიქმნება შესაბამისი პირობები „მხოლოდ ვიოცნებებთ და 2033 წელს იგივე სიტყვებით გამოვალთ“.
უკრაინამ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსი მილიარდერსა და ბიზნესმენს ოლეგ დერიპასკას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. გარდა ამისა, SBU-მ დააკავა სამეწარმეო კომპანიების უკრაინელი ტოპ მენეჯერები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს ისკანდერის სარაკეტო სისტემების წარმოებისთვის ნედლეულს აწვდიდნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ეს ორი პირი დაეხმარა რუს ოლიგარქს კარიერის საწარმოო ობიექტების მითვისებაში 2012 წელს, მიუხედავად მათი გაყიდვის აკრძალვისა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დერიპასკა და მისი უკრაინელი ბიზნესპარტნიორები ბრალდებულნი არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაფინანსებაში. „ამ დროიდან რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე, სამთო კომპანიის მენეჯმენტი რუსეთს აწვდიდა ქანების საბითუმო პარტიებს ფოლადის დნობისთვის. უკრაინიდან მოპოვებულ ნედლეულს რუსი მილიარდერის კომპანიები ყიდდნენ აგრესორი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე ბალისტიკური რაკეტების, კერძოდ, „ისკანდერების“ წარმოებისთვის. ნედლეულს ოკუპანტები ასევე იყენებდნენ მოიერიშე თვითმფრინავებისა და სარადარო სისტემების სერიული წარმოებისთვის. შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით. უკრაინული კომპანიის დირექტორისა და მისი კურატორის დანაშაულებრივი ქმედებები კლასიფიცირებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით,“ ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში. დერიპასკა, რომელიც პუტინის ახლო წრეს მიეკუთვნება, აშში-ს სანქციების ქვეშაა.