თეგი: ფინანსთა სამინისტრო
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ო.რ.-ს და ზ.ს.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 46 300 დოლარი და 113 500 არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 120 359,34 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 23 162,1 ლარი შეეფარდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს. ამის შესახებ businessformula წერს. კაკაურიძის განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება. „პანდემიის შოკიდან გამომდინარე, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. შესაძლოა, ასწლეული გავიდეს და მსგავსი სიმძიმის შოკი მსოფლიო ეკონომიკას არ ჰქონდეს. ამას დაემატა რეგიონული შოკი, რაც ჩვენს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საუბარია, რომ პოტენციურად დაახლოებით მილიარდი დოლარი დააკლდება ქვეყნის ეკონომიკას. ყველას კარგად ესმის ეს როგორ უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის შემოსავლებზე. რა თქმა უნდა, 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება ძალიან რთული, ალბათ, შეუძლებელიც. ტურიზმის აღდგენა იმ ტემპით, რაც გათვლილი გვქონდა ვერ მოხდება და ვერც ექსპორტის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება. საბაზისო სცენართან მიმართებაში ორივე მაჩვენებელი შემცირდება“,- განაცხადა კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მთავრობა სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. მისი განმარტებით, გავლენების შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინებია მსოფლიო ეკონომიკაში და როგორ შეიცვლება გლობალური ეკონომიკის ტენდენციები. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმისთვის რომ 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 3%-იან დეფიციტზე ჩამოვიდეს, ხარჯები ბევრი მიმართულებით შემცირდება. შეგახსენებთ, მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.
ლაშა ხუციშვილი IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრმა IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს, მადლობა გადაუხადა ფონდის მიერ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. პოზიტიურად შეფასდა ფონდის ოთხწლიანი პროგრამის შედეგები, განსაკუთრებით, „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები. ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახლახან, სსფ-ის მისიასთან წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც უნდა დაამტკიცოს სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.
შემოსავლების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წევრებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისთავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ისმაილ ჰუსეინოვთანდა დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ლევან კაკავას თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საბაჟო კონტროლის პროცედურების ეფექტური აღსრულება და გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის კოორდინირებული მართვა. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში შეიქმნა და ასევე განვიხილეთ მათი სწრაფად გადაჭრის შესაძლებლობები. ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებობს სრული მზაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა კომპანიებმა შეძლონ საქართველოს გავლით დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით ტვირთების შეუფერხებლად გადატანა“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრაზე, მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმ მსხვილ რეგიონალურ პროექტზე, რომელიც ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზის“ გახსნას უკავშირდება. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები „სარფის“ და „ვახტანგისის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებს ესტუმრნენ.
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
"2022 წლის 14 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 54 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა. მათივე ცნობით, ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ. ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (მიმდინარე მდგომარეობით ჩამორიცხვა არ იგეგმება), იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ახალი პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ პროგრამის მიზანია ფისკალური ბუფერების აღდგენა, ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება, გარე საფრთხეებისადმი მოწყვლადობისა და ინფლაციის შემცირება, ფინანსური სექტორის მდგრადობის შენარჩუნება, ისევე, როგორც უფრო ძლიერი და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. „ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისიასთან მიღწეულ იქნა მიმდინარე წლის აპრილში მაკროეკონომიკური პარამეტრების იმ პერიოდისათვის არსებული მონაცემებისა და დაშვებების გათვალისწინებით. ახალ პროგრამაში ასახულია ყველა ის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც საქართველომ წარადგინა, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების მართვის, განათლების, შრომის ბაზრის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე პასუხისგებაში 4 პირი მისცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს და გამოიყენეს, რა გზითაც 270 000 ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი შეიქმნეს, რომელიც შემდგომში ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს. ბრალდებულებმა, ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, ,,წითელი ხიდისა“ და ,,სარფის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მ.გ.-სა და ი.გ.-ს, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 133,81 გრამი) და ოქროს ზოდი (20 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 424,99 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში, 18 424,99 ლარის ოდენობით შეეფარდათ. მებაჟე ოფიცრებმა, საზღვარზე კანონდარღვევით ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის კიდევ 3 ფაქტი აღკვეთეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“. საქართველოს მოქალაქეებს ჯამში, 238,95 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, 239,33 გრამი ოქროს მონეტა და 14 გრამი ვერცხლის ნაკეთობები ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ნ.გ.-ს, სანქციის სახით, ჯარიმა, 3240 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ნ.ბ.-სა და მ.ფ.-ს მიმართ საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება - ფინანსთა მინისტრი
„2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრა გარკვეული პრინციპები, თუ როგორ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურებში შრომის ანაზღაურების ნაწილი. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას დაევალა, საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საჯარო სამსახურებში ხელფასების მოწესრიგება. „დღეს განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის მოწესრიგება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი და ეს მიმართულებები არის შემდეგი: კერძოდ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რა პროცენტულადაც ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფო სექტორში გაიზრდება საშუალო ხელფასი. ასევე, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი - ანუ განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით. დღევანდელი მოცემულობით საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან მიმართებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა და იყო 93-94 პროცენტიც, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე. კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 2026-წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული პარამეტრები უკვე განხილული იქნება კანონმდებლობის დონეზე, როდესაც წარდგენილი იქნება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნულ კანონში მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება აისახება.
თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული აფთიაქები, შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი. „საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისსა და აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი, რომლებიც შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას. გამოძიების პროცესში, ზემოაღნიშნული ობიექტებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით მედიკამენტი. დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი - წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინანსთა მინისტრი ჩინეთის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში ჭაო ჩუანი. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა ახლად დანიშნულ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერის სახით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე აღინიშნა ის პროექტები, რომლებიც ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობის ეს ისტორია მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად 35 094,4 ლარის საბაჟო ღირებულების 374,62 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს
სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ლ.ვ.-ს, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 259,25 გრამი) გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23 768,03 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 28 556 ლარის ღირებულების 6 490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საქმეზე გამოძიება დაიწყო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. განათლების სამინისტრო: School Club Georgia-ს არ აქვს საქართველოში საქმიანობის უფლება „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ უწყებაში. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება. მანამდე, Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან. როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.
სოსო გოგაშვილი: არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო
არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი. მისივე თქმით, აღნიშნული ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. „საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება და როგორ მუშაობს ეს კარგად აწყობილი და დაცული სისტემა. არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური - სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო (საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოები) ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა, თუმცა ერთეული შემთხვევები უკანონო გადაზიდვების შესახებ გახდა საჯარო. ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული ინფორმაცია საქართველოს პორტში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი გემის შემოსვლის ფაქტი მაქვს მხედველობაში. წლების წინ, დაახლოებით 2017 წელს, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისაგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა დროს ორი ტანკერის შესახებ, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან ფოთში. უნდა შეცვლილიყო საბუთები, თითქოს საქართველოდან მიდიოდა. სინამდვილეში გემი 80%-ით სავსე იყო ამონიუმის ნიტრატით, დანარჩენი უნდა გადავსებულიყო საქართველოში და გაგზავნილიყო ლიბანის პორტის გავლით ბაშარ ალ ასადთან სირიაში. კიდევ იყო ორი სატვირთო ლარსიდან შემომავალი, მოწოდებული ინფორმაციით იგი დატვირთული იყო აკრძალული ტვირთით და იგზავნებოდა ირანში. ჩვენ იძულებული ვიყავით ეს ტვირთები გაგვებრუნებინა უკან, რადგან ეს ინფორმაცია უცხოელების მოწოდებული იყო და რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ტანკერებთან დაკავშირებით მიმოწერა მქონდა გიორგი გახარიასთან, რომელიც იმ პერიოდში იყო ეკონომიკის მინისტრი და ჩვენ ერთად მოვახდინეთ მათი უკან დაბრუნება. ამ ტვირთების უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან კავშირში მყოფი ქართველი და რუსი ძალოვანი უწყებების ოფიცრები. შესაბამის სხვა უწყებებთან კოორდინაციაში. როგორ დალაგდა ეს სქემა: 2016 წელს ივანიშვილის დავალებით, მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში „ეფ ეს ბეს“ საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახალშექმნილი სამსახურის ანუ სუს-ის ხელმძღვანელობასთან გაცნობა. მე თან მახლდა ჩემი მძღოლი, ასევე სოსო ჭელიძე და ირაკლი ჩიმაკაძე. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით. ბაზაზე დამხვდა „ეფ ეს ბეს“ გენერალი, სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე, შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების შეხვედრა (ბორტნიკოვი და გომელაური). შეხვედრის მიზანი იყო ქვედა დონის მოკავშირე ოფიცრების ურთიერთობის აწყობა, შესაფერისი სანდო პირების გამოყოფა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისათვის უსაფრთხო დერეფნების უზრუნველყოფა, მათი რეკომენდაციით რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, ბიზნესის დაწყებაში დახმარება, ასევე საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც არ იყვნენ სასურველი პირები და იძებნებოდნენ, მათი არალეგალურად გადაცემა რუსეთისათვის. შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი. მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, ჩემი უფროსი, ვახტანგ გომელაური ჯერ გაემგზავრა მანქანით, მაგრამ თოვლის ჩამოწოლის გამო გზაზე შეფერხება იყო და მობრუნდა, დამირეკა გზიდან და ნინო გიორგობიანის საშუალებით, „აირზენას“ მოვამზადებინე თვითმფრინავი - "ბოინგ 737" ჩარტერისათვის და მოხდა გადაფრენა. ბორტმა პირველ ჯერზე დაჯდომა ვერ შეძლო და გააკეთა რამდენიმე წრე, რომ დამჯდარიყო ვლადიკავკაზის აეროპორტში. ამ რეისს ვაკონტროლებდი flight radar-ის აპლიკაციით. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მოკავშირე ოფიცრები ჩიმაკაძე და ჭელიძე რამდენჯერმე მინსკის გავლით იმყოფებოდნენ მოსკოვში, მეორე მხრიდან ოფიცრების სახელი იყო სლავა და ვადიმი. ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩვენ ვმასპინძლობდით „ეფ ეს ბეს“ ორ გენერალს, სედოვს და ბესედას. მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე გომელაურის კუთვნილ რესტორანში. მომსახურე პერსონალი შედგებოდა ჩემი თანამშრომლებისგან. საუბარი შედგა ძირითადად წარმატებულ ურთიერთობებზე, შემდეგ გავემგზავრეთ და დავათვალიერებინეთ მეტეხის ტაძარი. გასაცილებელი სუფრა მომზადდა მთაწმინდის „ანდერვილში“. იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სისტემა გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს დღემდე. როდესაც არის გასატარებელი რაიმე ტვირთი, მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე. დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა, ახლა კოორდინაციაში არის სუს-ის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს კავშირს“, - წერს სოსო გოგაშვილი. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით 17 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 35 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 40 პირი, რომელთაგანაც დაკავებულია 17. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 60 715 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარფში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს
"მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის 5 დანა აღმოაჩინეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ა.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე იარაღის დეტალები, 18 ცალი ვაზნა და სხვადასხვა ზომის 5 დანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 198 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950 პროცენტით, მაქსიმალური 9.047 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.992 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ 6 თვეში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ). ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ADB აპირებს განაახლოს 2009 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან და მისი ოპერაციული პრიორიტეტების გეგმებთან. შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეები გააცნონ განახლებული პოლიტიკის მიდგომებსა და მიმართულებებს, რათა ბანკის წევრმა ყველა ქვეყანამ შეძლოს უფრო ეფექტური მონაწილეობის მიღება განხილვის პროცესში. უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედებების შეფასება და მართვა, შრომისა და სამუშაო პირობები, დაბინძურების პრევენცია და რესურსების ეფექტიანობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ამ მიმართულებით საქართველო მზადაა აქტიური თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერებისთვის.
სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას - ფინანსთა სამინისტრო
საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, მათ შორის, სიუჟეტში მოყვანილი საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკა, რომელიც გადაადგილდება საქართველოს გავლით – ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და მოწმდება დეტალურად. აგრეთვე, დამატებით გადამოწმებას ექვემდებარება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი, რაც დასტურდება მათ შორის საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მიერ მედიასაშუალებებთან გაკეთებული განცხადებებით. შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ ბრალდებებს აჟღერებს, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება – ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. „კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების გვერდის ავლაზე ო’ბრაიენის ნათქვამი, მედიის მიერ არის ინტერპრეტირებული
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში - ამ შემთხვევაში, გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება“. „სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ბ-ნ ჯიმ ო’ბრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიანის მიერ 7-8 ივნისს, სართაშორისო ანალიტიკური ცენტრის - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე https://www.youtube.com/watch?v=Z-jdOX42Cow ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს და აშშ-ის და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით. დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია. სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით. საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მებაჟეებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 მცდელობა გამოავლინეს - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით საქართველოში ტვირთის შემოტანის ასეულობით მცდელობაა აღკვეთილი. ამის შესახებ მან "მებაჟის დღისთვის" მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „სანქციების შემოღების შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე დაფიქსირებული გვაქვს უარის თქმის 1770 შემთხვევა. დღეისათვის აქტიურია 36 საოპერაციო რისკის პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე,“ - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს გაზრდილ შესაძლებლობებზე ტრანზიტის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა სატრანზიტო დერეფანი გახდა უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი. „განუხრელად იზრდება საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთნაკადი, რაც რამდენჯერმე ზრდის ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობისაკენ მიმართულ ადმინისტრირების ტვირთს. აქედან გამომდინარე, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საბაჟოს ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ზრდის საკითხი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. „ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ დიდი ამოცანის მისაღწევად, როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მასშტაბით. ჩვენს ყველა მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს საბაჟო მონაცემთა ელექტრონული გაცვლა. შექმნილია სამართლებრივი ბაზა, რომელიც საზღვარზე ერთობლივი კონტროლის მოდელის გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამორჩეულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაგეგმილი ერთობლივი სახმელეთო გამშვები პუნქტის აბრეშუმის გზა-იპეკ ოულის მშენებლობის საეტაპო მნიშვნელობის მქონე შეთანხმება, რომელსაც სრული მხარდაჭერა გააჩნია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ეს მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე, მოექცევა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინტერესების სფეროში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციების გვერდის ავლა, ბევრი აქტივობის შეზღუდვით,“ - ეს კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ის მანამდე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ამ რანგში ის საქართველოსაც სტუმრობდა.
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს. გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლ-ცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. „მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან.“ ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. დღეს დილით ამერიკული კვლევითი ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძიება ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-ის) მკვლევრები არიან. ისინი წლებია იკვლევენ დეზინფორმაციას. ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა ანა გახოკიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ოფიციალურად ჩაჰბარდათ მხოლოდ განჩინება ჩხრეკაზე, რომელიც ზოგადი ხასიათისაა. სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ადვოკატები შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე ასევე ადასტურებენ, რომ ჩხრეკა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა სახლებში ჩატარდა ერთი და იმავე გამოძიების ფარგლებში. სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია: 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას; 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამომძიებლები ასევე მუშაობდნენ ამერიკული კომპანია Concentrix-ის საქართველოს ოფისშიც. ოფიციალურად ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა მათ ბინებში ჩატარებული ჩხრეკა ზემოთ ხსენებულ გამოძიებას. „მოდით, დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ვმარჩიელობ, მაგრამ მგონია, რომ შესაძლოა, საინტერესო იყოს,“ განუცხადა დღეს მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.