თეგი: ფუმიო კიშიდა
იაპონია უკრაინას $30 მილიონს გამოუყოფს
იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს კიევში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია გამოყოფს 30 მილიონ დოლარს NATO-ს სატრასტო ფონდის მეშვეობით, რათა უკრაინამ არალეტალური იარაღი შეიძინოს. ტოკიო ასევე გამოუყოფს უკრაინას 470 მილიონი დოლარის საგრანტო დახმარებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისა და სხვა ინდუსტრიებისთვის. იაპონია G7-ის სამიტს მაისში, ქალაქ ჰიროსიმაში უმასპინძლებს. ზელენსკიმ სამიტზე ონლაინ ფორმატში მონაწილეობის მიზნით, მიწვევა მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები. ზელენსკიმ და კიშიდამ ასევე ისაუბრეს იაპონიის ჩართულობაზე უკრაინის რეკონსტრუქციაში, რომლისთვისაც ტოკიომ 7 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიას, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების მიზნით „თანამშრომლობის მზადყოფნისთვის“ მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დაწყებამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში გაემგზავრა. იაპონიის ლიდერის ვიზიტი კიევში, დროში ემთხვევა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტს რუსეთში, სადაც მან და ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების პირობა დადეს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ „სამშვიდობო გადაწყვეტა“ შესაძლოა, ჩინეთის გეგმას დაეფუძნოს.
რა საკითხები განიხილეს ფუმიო კიშიდამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პრემიერთან გამართა მოლაპარაკებები. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრს G7-ის სამიტში მონაწილეობის მოწვევისთვის. „ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს უკრაინის ხმა ჰიროსიმაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიას 7,6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტისთვის, რომელიც მანამდე გამოიყო. ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო და მადლიერება გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკისთვის იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ზელენსკიმ და კიშიდამ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად იაპონიის მთავრობის მხრიდან, კერძოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების მატერიალური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის აღდგენის შესახებ უკრაინულ-იაპონური კონფერენციის ჩატარებაზე და ამ პროცესში კერძო ბიზნესის ჩართვაზე. ორმა ლიდერმა განიხილა იაპონური ინვესტიციების შესაძლებლობა წყალბადის, ლითიუმის ბატარეების, ავტომობილების და ენერგეტიკული აღჭურვილობის წარმოებაში, ასევე, ესტაკადების და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს იაპონიის მხარდაჭერას უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.
ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის - ზელენსკი
„ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს უკრაინის ხმა ჰიროსიმაში“, - ამის შესახებ უკრინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, იაპონიაში, „დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ფუმიო კიშიდას G7-ის სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. რა საკითხები განიხილეს ფუმიო კიშიდამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის აღდგენის შესახებ უკრაინულ-იაპონური კონფერენციის ჩატარებაზე და ამ პროცესში კერძო ბიზნესის ჩართვაზე. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა იაპონური ინვესტიციების შესაძლებლობა წყალბადის, ლითიუმის ბატარეების, ავტომობილების და ენერგეტიკული აღჭურვილობის წარმოებაში, ასევე, ესტაკადების და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს იაპონიის მხარდაჭერას უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.
იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა სამეკავშირეო ოფისის გახსნის გეგმის შესახებ ჩვენთვის ცნობილია - ფუმიო კიშიდა
იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნას სამეკავშირეო ოფისი იაპონიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. კიშიდა ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული, მიიღეს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით NATO-ში. იაპონიის ამ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იაპონიის ნაბიჯი არის ის, რასაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი „არ მიესალმება“. „ტოკიო ზედმეტად ფრთხილად უნდა იყოს სამხედრო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, მისი აგრესიის ისტორიის გათვალისწინებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ცნობისთვის, იაპონური მედიის ინფორმაციით, კიშიდა გეგმავს შეუერთდეს NATO-ს სამიტს, რომელიც ივლისში, ლიეტუვაში გაიმართება. იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს მართავს. 10 მაისს, CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში მოლაპარაკების წარმოების მიზეზად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებდა, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“.
ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო
იაპონიის-პრემიერ მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო. მისი სამდღიანი ტურნე რეგიონის ქვეყნებსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიშიდამ საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, რათა გაეძლიერებინა კავშირები სამეფოსთან ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბიზნეს შესაძლებლობები იაპონური საწარმოებისთვის. „ჩვენ იაპონიისთვის ნავთობის მიწოდების გარანტიას ვიძლევით და ვინარჩუნებთ ჩვენს, როგორც ყველაზე საიმედო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა. საუდის არაბეთი იაპონიისთვის ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია, რომელიცმისი მთლიანი მოთხოვნილების 40 პროცენტს აკმაყოფილებს. ამასთან, იაპონია სამეფოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ეს იაპონიის ლიდერის პირველი სახელმწიფო ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 2020 წლის იანვრის შემდეგ. კიშიდა კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ჩავა და სამეფოდან ორშაბათს აბუ დაბიში ვიზიტით გაემგზავრება, რის შემდეგაც კატარში გადაინაცვლებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერმა ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას თეთრ სახლში უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს. აშშ-ის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სამხედრო თანამშრომლობის პროექტები დაგეგმეს. თანამშრომლობა მოიცავს ალიანსის გაძლიერებას ჩინეთისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე აქცენტით. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება ჩვენს ალიანსში, მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა,” - აღნიშნა ბაიდენმა დაახლოებით ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც ფოკუსირებული იყო ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ჩინეთის ქმედებებზე. ჩინეთის მზარდი საფრთხე სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში; ტაივანის (კუნძული, რომელსაც პეკინი საკუთარად მიიჩნევს) თვითმართველი სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობის შეჩერება; ღაზის სექტორი; ომი უკრაინაში - ეს საკითხები განიხილეს ლიდერებმა. Reuters-ი წერს, რომ ბაიდენმა იაპონიის ლიდერი, რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის დროს სწრაფი და მამაცი წინააღმდეგობისთვის, ასევე, სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის შეაქო. „ჩვენ ნამდვილად გლობალური პარტნიორობა გვაქვს. ამისთვის მადლობას გიხდით, ბატონო პრემიერო. ჩვენი ქვეყნები ახლა უფრო გააღმავებენ თავდაცვით პარტნიორობას და მივიღებთ ისეთ ძლიერ ინდო-წყნარ ოკეანეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. თავის მხრივ, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია აშშ-სთან ერთად, მსოფლიო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. „როგორც გლობალური პარტნიორი, იაპონია შეუერთდება ამერიკელ მეგობრებს და ჩვენ ერთად გავუძღვებით გზას ინდო-წყნარი ოკეანისა და მსოფლიოს გამოწვევების დასაძლევად,“ – განაცხადა კიშიდამ. „სტატუს კვოს შეცვლის ცალმხრივი მცდელობები - ძალით ან იძულებით, აბსოლუტურად მიუღებელია, სადაც არ უნდა იყოს ეს,“ - განაცხადა კიშიდამ. აშშ და იაპონია გააგრძელებენ რეაგირებას მსგავს ქმედებებზე, მათ შორის, ჩინეთის გამოწვევებზე, აღნიშნა მან. „რაც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ... დღეს უკრაინაა, ხვალ შეიძლება, იყოს აღმოსავლეთ აზია,“ - განაცხადა კიშიდამ. ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს ჩინეთთან კომუნიკაციის ღია ხაზებს და რომ აშშ-იაპონიის ალიანსი თავდაცვითი ხასიათისაა. ის გასულ კვირას ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. როგორც Reuters-ი წერს, მოსალოდნელია, რომ იაპონიას ექნება შეშფოთება იმის შესახებ, რომ თუ ტრამპი მეორე ვადით მოიგებს, შესაძლოა, ჩინეთთან შეთანხმების გზები ეძებოს, რამაც შეიძლება, რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინოს. ერთობლივი სამხედრო სტრუქტურა ბაიდენმა განმარტა, რომ მათი სამხედროები ითანამშრომლებენ ერთობლივ სარდლობის სტრუქტურასთან და ისინი ავსტრალიასთან ერთად განავითარებენ საჰაერო სარაკეტო თავდაცვის ახალ ქსელს. ორმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ იაპონელი ასტრონავტები მიიღებენ მონაწილეობას ნასას მისიებში მთვარეზე. საერთო ჯამში, აშშ-მ და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 70-მდე შეთანხმება გააფორმეს, მათ შორის არის ნაბიჯები იაპონიაში აშშ-ის სამხედრო სამეთაურო სტრუქტურის განახლებისკენ, რათა მათ უკეთ შეძლონ იაპონიის ძალებთან მუშაობა კრიზისის დროს.