აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა ჯვრის მონასტერი დაათვალიერა.
რიკერის თქმით, ამაყია, რომ აშშ და საქართველოში აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ამ ისტორიული ძეგლის აღდგენას.
,, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვეწვიე ჯვრის მონასტერს, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი რამ მსმენია. ეს არის მართლაც შთამბეჭდავი ძეგლი, როგორც ისტორიულად, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციების კონტექსტში.
ძალიან ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მხარს ვუჭერთ ამ შესანიშნავი ძეგლის აღდგენას. საელჩოს დაახლოებით 600 000 დოლარის გრანტი აქვს გამოყოფილი ამ ძეგლის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის. ეს ადასტურებს ჩვენს დიდ პატივისცემას და ინტერესს, რაც ჩვენ გაგვაჩნია მართლმადიდებლური ეკლესიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ საქართველოში.
დღეს დილას მე შევხვდი მის უწმინდესობას ილია მეორეს და ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა ღირშესანიშნაობისა და მონუმენტის რესტავრაციას.
ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში.
ამერიკა ამაყია ამით. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, - განაცხადა რიკერმა.
ცნობისთვის, გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც ხორციელდება აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას. პროექტის განსახორციელებლად 2019 და 2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დიდი გრანტი.
2019 წელს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა გამოყო დაფინანსება $ 100 000 პროექტის პირველი ეტაპისათვის, რომელიც ითვალისწინებდა მცხეთის ჯვრის ტაძრის შენობის ყოველმხრივ მულტიდისციპლინარულ კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე საკონსერვაციო პროექტის მომზადებას.
2020 წელს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა მხარი დაუჭირა პროექტის გაგრძელებას და გამოყო $ 506 000 მისი მეორე ეტაპისათვის, რომელიც გულისხმობს ფიზიკური სამუშაოების ჩატარებას მომზადებული საკონსერვაციო პროექტის შესაბამისად. ეს ეტაპი მოიცავს 30 თვეს (30 სექტემბერი, 2020 – 31 მარტი, 2023).
საკონსერვაციო პროექტის განხორციელებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მცხეთის ჯვრის ტაძრის დასაცავად. ამ სამუშაოებმა უნდა აღმოფხვრას არსებული პროგრესირებადი საფრთხეები და უზრუნველყოს შენობის ქვის წყობის ხანგრძლივი მდგრადობა და მთლიანობა. მოსალოდნელია, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მომავალ 20 წელიწადში კონსერვაციის აუცილებლობა აღარ იქნება.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს 7 ივნისს ეწვია.