ფილიპ რიკერი: ეკლესია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის განცხადებით, საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრისას მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.

როგორც რიკერმა განაცხადა, პატრიარქთან ვიზიტისას აღნიშნეს, რომ ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში.

,, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვეწვიე ჯვრის მონასტერს, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი რამ მსმენია. ეს არის მართლაც შთამბეჭდავი ძეგლი, როგორც ისტორიულად, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ტრადიციების კონტექსტში.

ძალიან ვამაყობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მხარს ვუჭერთ ამ შესანიშნავი ძეგლის აღდგენას. საელჩოს დაახლოებით 600 000 დოლარის გრანტი აქვს გამოყოფილი ამ ძეგლის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის. ეს ადასტურებს ჩვენს დიდ პატივისცემას და ინტერესს, რაც ჩვენ გაგვაჩნია მართლმადიდებლური ეკლესიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ საქართველოში.

დღეს დილას მე შევხვდი მის უწმინდესობას ილია მეორეს და ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა ღირშესანიშნაობისა და მონუმენტის რესტავრაციას.

ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში.

ამერიკა ამაყია ამით. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, - განაცხადა რიკერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს 7 ივნისს ეწვია.

დღეს ის კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა და ასევე მოინახულა ჯვრის მონასტერი.