საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, NATO-ს მომავალი სამიტიდან პოზიტიური მოლოდინები აქვთ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სამიტზე NATO-ელი პარტნიორების მხრიდან აღინიშნება არამხოლოდ საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან და ოკუპაციის პროცესებიდან მომდინარე საკითხებზეც, რომლებსაც პარტნიორები NATO-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში ასახავენ.
,,უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს NATO-ს უახლოესი სამიტიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობა არის გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან იმისათვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს, NATO-ში ინტეგრაციის კუთხით იყოს შესაბამისად ასახული ალიანსის დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში. აქტიური კომუნიკაციის შედეგად, უკვე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს საკითხი უკვე არის NATO-ს სამიტის დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ სამიტი განსხვავებული ფორმატით ტარდება და ეს არ არის სრულმასშტაბიანი სამიტი, არამედ არის ხანმოკლე სამიტი, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი არის 2022 წლის დიდი სამიტის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს თემატიკა აქტიურად განიხილება და ის არის შეტანილი დღის წესრიგში, რომლის სათაურიც გახლავთ ,,წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი".
ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო განიხილება იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რაც არის საერთო ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ის პროგრესი, რომელიც NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან დაკავშირებით და ოკუპაციის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იქნება ასევე ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან აქტიურად ასახული NATO-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში", - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება NATO-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.
ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადექვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.
ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება NATO-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.