ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა

ჯო ბაიდენმა „ტოპ მესიჯები“ წარმოთქვა, ვლადიმერ პუტინი კი მსოფლიო სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლებას ცდილობდა. ასე აჯამებს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

17 ივნისს, ჟენევაში, ბაიდენი-პუტინის სამიტის დეტალებს მეთიუ ბრაიზა ვრცლად განიხილავს და ამერიკისა და რუსეთის ლიდერების გადმოსახედიდან მიღწეულ შედეგებზე მიუთითებს. ამასთან, დეტალურად უსვამს ხაზს მხარეების მიზნებს.

„პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ სამიტის მოლოდინი გამართლდა და შედეგები უკვე მიღწეულია. მას საერთოდ არ აინტერესებს მინიმალური შეთანხმება, მინიმალური პროგრესი, რომელსაც შეხვედრისას მიაღწიეს, როგორიცაა, დიპლომატების დაბრუნება ვაშინგტონსა და მოსკოვში. ასევე, მას საერთოდ არ აინტერესებს შეთანხმება ან კოორდინაცია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა მასობრივი კიბერშეტევა განახორციელა აშშ-ზე. პუტინისთვის ძალიან მარტივია, განაცხადოს: „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიბერუსაფრთხოებაზე“, თუმცა რუსეთი განაგრძობს კიბერთავდასხმებს აშშ-ზე. ან პირობას დებს და „ცდილობს, განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე“... ეს არის ტაქტიკა პუტინისგან, რომ თქვას, „დიახ ჩვენ გვსურს ურთიერთობების გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან“, რაც სხვათა შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით, რუსეთს ისეთივე გლობალურ დონეზე ამაღლებს, როგორც აშშ-ს“.

პრეზიდენტი პუტინი ამ დისკუსიას უყურებდა, როგორც მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლების გზას, რომელსაც შემდეგ გამოიყენებს რუსეთის შიგნით, რომ გააძლიეროს მისი პერსონალური პოლიტიკური პოზიციები და უფრო მარტივად დაასუსტოს ოპოზიცია“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.

რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენს, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ აქ, სამიტმა მოლოდინი გაამართლა შედეგის მიღწევის თვალსაზრისით.

„სამიტამდე და მას შემდეგაც, პრეზიდენტ ბაიდენს სურდა, მიამიტი არ გამოჩენილიყო რუსეთთან და პუტინთან მიმართებით, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში ჩანდა. პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან გაკვეთილის საჭიროებას ვერ ვხედავდი, როდესაც გამოაცხადა, რომ პუტინი მტრულად განწყობილი არ იყო, თუმცა ეს უკეთესი პერფორმანსი იყო მისი მხრიდან, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპისგან, რომელმაც 2019 წელს ჰელსინკში, პუტინთან ერთად ალბათ ყველაზე საშინელი პრესკონფერენცია გამართა, რაც კი ოდესმე მინახავს ამერიკის პრეზიდენტისგან. ვგულისხმობ, გულუბრყვილობას პუტინთან მიმართებით...

პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტამდე დიდი მოლოდინები არ შექმნა, ის ჩავიდა სამიტზე, ზოგი სკეპტიკოსი დიდ პროგრესს არც ელოდა მისგან ამ შეხვედრისას. თუმცა მკაფიოდ თქვა, რომ წამოჭრიდა პუტინის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხს, ოპოზიციონერ, ალექსენი ნავალნის მოწამვლისა და დაკავების საკითხს და ნათლად განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ რუსეთი განაგრძობს კიბერთავდასხმებს, აშშ მას უპასუხებს.

ჯო ბაიდენი: პუტინმა იცის, რომ კიბერშეტევას, ან არჩევნებში ჩარევას შედეგები მოჰყვება

პრეზიდენტმა ბაიდენმა ასე ნათლად განაცხადა, რომ სანქციები ძალაში დარჩება და ეს მოხდება რუსეთის ქმედებების გამო, მათ შორის უკრაინაში. თუმცა მე არ ვთვლი, რომ რუსეთის ქცევები შეიცვლება.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ და არა მტრულ გარემოში ჩატარდა და პუტინმაც იგივე თქვა. ეს იყო ის, რაც ბაიდენს სურდა. მას სურდა შეხვედრიდან გამოსულიყო როგორც ბრძენი, (ისეთი როგორიც არის) ასევე, მკაცრი პუტინის მიმართ, პუტინმა კი უპასუხა, რომ მტრულად განწყობილი არ იყო. ასე რომ, ბაიდენისთვის ეს წარმატებული გადაწყვეტა იყო.

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი

ადრეა იმის თქმა, შეუწყობს თუ არა ეს ხელს პროგნოზირებად და სტაბილურ ურთიერთობებს, მე ვეჭვობ, ეს მოხდეს ფუნდამენტურად, ვფიქრობ, პუტინი ახლა თავის ტაქტიკას გამოიყენებს, მათ შორის განაგრძობს კიბერთავდასხმებს და სხვა ზომებს, რაც იქნება ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ნაწილი.

გადავხედოთ მიმდინარე კვირებს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უდიდესი სამუშაო გასწია სამიტის ჩატარებით. „დიდი შვიდეულის“ სამიტისადმი სოლიდარობის დემონსტრირებით, სამიტი ამერიკის ლიდერების მონაწილეობით, NATO-ს სამიტი, შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ჩამოშორებას აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთი ცდილობდა. ამის შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი ჩადის ჟენევაში პუტინთან შესახვედრად და ძალიან მკაფიო სიგნალს გზავნის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მთავარი გზავნილები წარმოთქვა და იმედი მაქვს, დაარწმუნა პუტინი, რომ შესაძლოა, რუსეთის სტრატეგია არა, მაგრამ ტაქტიკა მაინც შეცვალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჯო ბუდინმა „ტოპ მესიჯები“ წარმოთქვა, ვლადიმერ პუტინს კი მსოფლიო სცენაზე რუსეთის მნიშვნელობის ამაღლება სურდა", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციები ცალ-ცალკე გამართეს. შეხვედრის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ აუდიენციას ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან ვაშინგტონსა და რუსეთში ერთმანეთის მიწვევა არ მოჰყოლია. ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათს გრძელდებოდა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის ჩათვლით.