ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებებზე, ძირითად თავისუფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე შეტევით.
დღეს კოორდინირებული ზომები მივიღეთ 23 მაისს Ryanair-ის კომერციული ფრენის იძულებითი დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების საპასუხოდ.
ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბელარუსის ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს და ერთად ვდგავართ, რომ გადავახდევინოთ რეჟიმს საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა უგულებელყოფის გამო.
მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს რეპრესიული პრაქტიკა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ რეჟიმმა თავი აარიდა ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული პრინციპების დაცვასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობას. ლუკაშენკოს რეჟიმს მოვუწოდებთ, სრულად ითანამშრომლოს 23 მაისის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიებასთან; დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი; შეასრულოს დამოუკიდებელი საექსპერტო მისიის ყველა რეკომენდაცია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში. დაიწყოს ყოვლისმომცველი და ჭეშმარიტი პოლიტიკური დიალოგი ხელისუფლებას, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რასაც ხელს შეუწყობს ეუთო.“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა