"კარგი იქნებოდა 19 აპრილის შეთანხმებაში სრულად ასახულიყო ვენეციის კომისიის ძველი და ახალი რეკომენდაციები და არა მათი ნაწილობრივად გათვალისწინება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ISFED-ის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება არის საარჩევნო რეფორმის კარგი გზამკვლევი.
"გავიმეორებ, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ 6 თვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და ჩვენ გაგვიხარდა, რომ საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი უფრო ინკლუზიური იყო, ვიდრე ადრე.
სამოქალაქო საზოგადოებას, სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და ოპოზიციას მიეცა საშუალება ჩართულიყვნენ საკითხების განხილვასა და იმგვარი კანონპროექტის ჩამოყალიბებაში, რომელშიც ასახული იქნება ყველას ინტერესები და სატკივარი. მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ასახულია ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციები, რომელთა ასახვა ადრე არ მოხდა. ჩემი აზრით, კარგის ნიშანი იქნებოდა ძველი და ახალი რეკომენდაციების სრულად ასახვა და არა მათი ნაწილობრივად გათვალისწინება. ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ეს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა იყოს ყოვლისმომცველი და აღმოიფხვრას წინა არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები.
ცოტა გასაკვირი კი იყო, რომ საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის განხილვა ღამის 10 საათზე ჩაინიშნა, თუმცა მაინც კარგი დასაწყისია და როგორც ვიცი, კარგი განხილვა მოეწყო, რომელიც იმედია გაგრძელდება და შედეგად შეიქმნება კანონი, რომელიც ოპოზიციის, მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების, სხვა დაინტერესებული პირებისა და, რაც მთავარია, ქართველი ამომრჩევლის აზრით გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს საქართველოში", - განაცხადა დელი დეგნანმა.
კელი დეგნანი: მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერება სისტემის რღვევას არ გამოიწვევს