„მარტო პარლამენტში“ - ოპოზიციის ანონსი

პარლამენტის ბოიკოტის თემა ოპოზიციაში ისევ განიხილება. მიზეზი მოსამართლეების დანიშვნის სადავო საკითხია. პროცესებს წინ უძღოდა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომ თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის.

„იმედი მაქვს, ყველანი ვიხილავთ პარლამენტის, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთგულებას მათ მიერ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების აღსრულების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს საფუძვლიან სასამართლო რეფორმას, რაც გულისხმობს კანდიდატების წარდგენისა და დამტკიცების პროცესის დროებით შეჩერებას. ამერიკელი დიპლომატი 19 ივნისს აცხადებდა, რომ თუ ასე არ მოხდებოდა, გაჩნდებოდა კითხვები 19 აპრილის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

თუმცა დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება. მისთვის გაუგებარია განცხადებები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რადგან „შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება“.

საპასუხოდ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ბოიკოტი დააანონსა. „თუ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერის განცხადებით, ის გზავნილს გაუგზავნის აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.

მოსამართლეების საკითხისადმი „ქართული ოცნების“ მიდგომა არის ქვეყნის ხვალინდელი დღის ღალატი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

როგორია ოპოზიციის სხვა ლიდერების პოზიციები.

„არაერთხელ მითქვამს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ფუნდამენტურად დარღვევის გზას დაადგა, შესაბამისი სანქციების წინაპირობები ექნება საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას. წინასწარ არ ვიტყვი, რას გამოვუცხადებ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან და ვფიქრობ, რომ სტრატეგია მათთან ერთად უნდა შევიმუშავოთ“, - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, ოპოზიციამ აღარ უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.

„გაქცევა და სხვაგან დგომა ამას ვერ უშველის“, – მიიჩნევს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.

„ზოგადად არ მიყვარს ბუტიაობა. ჩემი აზრით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყრათ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს. საერთო სტრატეგიების დასახვით და ურთიერთგაგებით უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ხელისუფლებას თავის გეგმებში, რასაც სასამართლოს თუ სხვა მიმართულებით ახორციელებს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მმართველი პარტია ისევ „ოპოზიციის დესტრუქციულ“ ქმედებებზე საუბრობს. „ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, რომ კანდიდატებს კითხვები პარლამენტში დაუსვას, საზოგადოებას აჩვენოს და დაუმტკიცოს ის, რასაც განცხადებებში ამბობს. ჩემი აზრით, ეს მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი უკვე გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორის დისკუსიები პარლამენტში გაგრძელდა.

„ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო ის, რომ დისკუსიები გაგრძელდა და დაბრუნდა პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის იქედან გამომდინარე, რომ ამდენი გამოწვევა არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმების ეს სულისკვეთება ასევე გაგრძელდება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

რაზე გაამახვილეს ყურადღება შეთანხმებაზე ხელმომწერებმა პირველ საპარლამენტო სიტყვაში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) 19 აპრილს მოეწერა ხელი.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, თუმცა დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.