საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას და მოუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან.
დეკანოზის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტი სრულიად დაუშვებელია და ეკლესია ამას ვერ გაამართლებს.
"ასეთი ფაქტი მოხდა ჟურნალისტების მიმართ, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია, ეკლესია ამას ვერ გაამართლებს, ამიტომ, თუ ვაცხადებთ, რომ უნდა იყოს მშვიდობიანი გამოხატვა პროტესტისა, ეს უნდა მოვახერხოთ როგორღაც და არავითარ შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში, მათ შორის არც ჟურნალისტებისადმი არ უნდა იყოს აგრესიული გამოსვლა და დამოკიდებულება.
ერთი თვეა, რაც კეთდება ეს განცხადებები, მას შემდეგ, რაც დაანონსდა ე.წ. ეს 5 დღიანი კვირეული, აქტივობები. მოსახლეობის მხრიდან ერთი თვის განმავლობაში ვისმენთ ჩვენ აღშფოთებას და მიუღებლობას. მიუხედავად ამისა, მოხდა მაქსიმალური ესკალაცია, მოსახლეობის არანაირი განწყობები გათვალისწინებული არ იქნა სწორედ ორგანიზატორების მხრიდან და მათი მხრიდან, ვინც წააქეზა ეს ხალხი.
იქ პოლიტიკოსებიც არიან, უფლებადამცველებიც არიან და ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი თვის განმავლობაში შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად დაეპირისპირებინათ ხალხი ერთმანეთისთვის. დღეს მივიღეთ ეს სიტუაცია. საპატრიარქომ 2 დღის წინ გააკეთა განცხადება იმიტომ, რომ ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ მოსახლეობა აპირებდა შეკრებას და ჩამოსვლას, საპატრიარქოს რა დარჩენია, უნდა ლოცვისაკენ მოუწოდოს ამ ხალხს.
ეს შეკრება დღეს ძალიან კარგად მართეს ორგანიზატორებმა. ამ ხუთდღეულის ორგანიზატორებმა ძალიან კარგად მართეს ხალხის ემოციები, მაქსიმალურად დაძაბეს ხალხი. ერთი თვეა ისმის მოსახლეობის მხრიდან პროტესტი, არავინ არ შეისმინა, მიიყვანეს აი ამ დაძაბულობამდე. ამიტომ, პასუხისმგებლობა პირველ რიგში უნდა აიღონ მათ. ჩვენი გეგმა იქნება ლოცვა," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს