რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ განათავსეს.
აღსანიშნავია, რომ დუმილის აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სპეცრაზმის გამოყვანას მოუწოდებენ, მათ ამ მოთხოვნით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ვაჟა სირაძეს მიმართეს.
თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ.
ამ დროისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა, ნაწილი კი ადგილზე რჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პრაიდის მოწინააღმდეგეებიც. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავს გაყოფილი.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილი ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები დრო და დრო პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. ისინი აგრესიით გამოირჩევიან არა მხოლოდ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ არამედ სამართალდამცველებისადმი. ისვრიან ქვებს, კვერცხებს, შუშის ბოთლებსა და რკინის მძიმე საგნებს, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე და პოლიციელი დაშავდა.
შსს: უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები
პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა