Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები თბილისის ცენტრში გუშინ განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებენ.

საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საჭიროებას. მან 2013 წლის 17 მაისი, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია და ოპოზიციონერ ნიკა მელიას დაკავება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს ძირს უთხრის მთავრობის პრეტენზიას, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას.

„შეკრების, სიტყვისა და პრესის თავისუფლებები ყველა მოქალაქისათვის აუცილებელ დემოკრატიის საფუძვლებს შორისაა. თავის განცხადებებსა და მოქმედებებში, მთავრობამ არაერთხელ აჩვენა, რომ თუ ლგბტქ საზოგადოება და ნებისმიერი მოკავშირე, ვინც ამ უფლებებს გამოიყენებს, ამას რისკის ფასად გააკეთებს. ახლა კი როგორც ჩანს, ეს მათაც ეხებათ, ვისაც ამ უფლებების უზრუნველყოფაზე დაკვირვების უფლებაც აქვს“, - აღნიშნავს ლუის ნავარო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-თან ინტერვიუში მთავრობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, ეს ისეთი რამ არის, რაც დასავლეთში ხალხს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება. ქართველი მაღალჩინოსნები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ საქართველო დასავლეთის ალიანსებში ინტეგრაციას აპირებს“, - აღნიშნავს გობლი.

ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, ისაა, დარწმუნოს საზოგადოება, რომ ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება დაცულია და ასეთი ქმედებებისთვის სჯიან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღეს იყო ძალიან ნეგატიური მომენტი ქართული საზოგადოებისთვის, არამხოლოდ დანაშაულის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, დემოკრატიის დაზარალების კუთხით, რაც გამოიხატება გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაში. მისი თქმით, დროა, საქართველოში ამაზე უარი თქვან. მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ თუ მსგავსმა ქმედებებმა ფართო ხასიათი შეიძინა, რთული წარმოსადგენია, საქართველომ რაიმე პროგრესს მიაღწიოს ალიანსში წევრობის თვალსაზრისით.

„აღშფოთებული ვარ ჟურნალისტებსა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის დაცვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე. მე კარგად ვიცნობ ქართულ საზოგადოებას, ვიცი, როგორი კონსერვატორები არიან, განსაკუთრებით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. შეძრული ვიყავი იმ კადრებით, სადაც სავარაუდოდ ჩანს, სასულიერო პირების (ვიმედოვნებ, რომ სიმართლე არ არის) ქმედებები ჟურნალისტების მიმართ“, - აღნიშნა მეთიუ ბრიზამ.

სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურ ლიდერებსა და სამართალდამცველებს ვახსენებთ, მათი პასუხისმგებლობის საკითხია, დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს