აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ოსტინ მილერი თანამდებობას ტოვებს. ქაბულში, მისი გაცილების ცერემონიალი დღეს გაიმართა. მედია წერს, რომ ამ ნაბიჯით აშშ ავღანეთში 20-წლიანი ომის დასასრულს მიუახლოვდა. ეს ფაქტი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე“ მოხდა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება.
ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის საზღვაო ფლოტის გენერალი, კენეტ მაკკენზი. 31 აგვისტომდე მას კვლავ ექნება შესაძლებლობა, თალიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების თაობაზე განკარგულება გასცეს.
ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაფასა ამერიკის სამხედრო კონტინგენტის მიერ ავღანეთის დატოვების გადაწტყვეტილება.
„მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, თუმცა ერთგვარი სევდა მეუფლება, როცა ვფიქრობ იმ დაკარგულ სიცოცხლეზე და ძალისხმევაზე, რაც აშშ-მ ავღანეთში ჩადო და ათასობით ავღანელზე, ვინც იქ დაიღუპა. ვამაყობ იმით, რაც ყველამ გავაკეთეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე ვამაყობ საკუთარი სამსახურით სამხრეთის რეგიონალური სარდლობის (RC South) ფარგლებში, ყანდაარში 2009-2010 წლებში. ჩვენ, კოალიცია, მათ შორის საქართველო, ორი ათწლეულის განმავლობაში ვასრულებდით მისიას, რათა ავღანეთი არ გამხდარიყო აშშ-ზე ან ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ათასობით ქალისა და ბავშვის ცხოვრება ავღანეთში, ასევე მაქსიმალური შანსი მივეცით ავღანელებს მოეწყოთ უკეთესი ცხოვრება და შეექმენათ უკეთესი მთავრობა ათასობით სიცოცხლისა და უზარმაზარი სიმდიდრის დანაკარგის მიუხედავად.
მაგრამ აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას (ბუშის, ობამას, ტრამპის, ბაიდენის) არ გაუკეთებია ის, რაც პაკისტანს აიძულებდა, უარი ეთქვა თალიბანის ან ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე. ვიდრე ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვერასდროს შევძლებთ „გამარჯვებას„. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების გაგზავნა ავღანეთში ასეთ სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გვჭირდება არის ის, რომ შევინარჩუნოთ იქ ყოფნა, რათა ვებრძოლოთ ტერორიზმს და იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური ტიპის მხარდაჭერა გავუწიოთ ავღანეთის მთავრობასა და ხალხს, როგორც ამას მსოფლიოს მრავალ სხვა ცხელ წერტილში ვაკეთებთ. ჩვენ ასევე უნდა შევთავაზოთ ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია არჩეულ ქვეყანაში ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული თალიბანი უახლოეს წლებში. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, დროა ეს მისია დასრულდეს.
_სექტემბრისთვის NATO-ს ჯარები ტოვებენ ავღანეთს, ამავე დროს იზრდება სრულიად არგუმენტირებული დისკუსია იმის შესახებ, რომ ავღანეთის მოსახლეობა საკმაოდ სახიფათო მდომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენი აზრით, მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა? ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება უკონტროლო ძალების გააქტიურებას და რუსული გავლენების გაზრდას ცენტრალური აზიის ქვეყნებზე? - ბენ ჰოჯესმა Europetime-ის ამ შეკითხვასაც უპასუხა.
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ ამის გაკეთება. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ვფიქრობ, ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი და რა ტიპის სახელმწიფოდ უნდათ, რომ ჩამოყალიბდნენ.
ბენ ჰოჯესი ასევე აცხადებდა: „ჩვენ არ უნდა გამოვიყვანოთ ჯარები ისე, რომ ავღანეთის მთავრობა დარჩეს დაუცველი; მეორე, აშშ-მ უნდა მოახერხოს თავისი ჯარების ფრთხილი და გეგმაზომიერი გაყვანა, ისე რომ იმოქმედოს მჭიდრო კოორდინაციაში ავღანეთში მყოფ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან - როგორც შემოვედით ერთად, ასევე უნდა გავიდეთ ერთად; და მესამე, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ავღანეთში, თუ სერიოზულად არ მივუდგებით პაკისტანის პრობლემას და მის ტოლერანტობას, რაც გულისხმობს თალიბანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სუვერენული პაკისტანის ტერიტორიაზე“.