ავღანელი გენერალი ყველას აფრთხილებს, რომ თუ „თალიბანი“ გაიმარჯვებს სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამას „დამანგრეველი შედეგები“ მოჰყვება გლობალური უსაფრთხოებისათვის. ამის შესახებ BBC წერს.
გენერალი სამი სადათი „თალიბანის“ წინააღმდეგ სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში ბრძოლას ხელმძღვანელობს. თალიბანმა ქალაქის ცენტრი დაიკავა. მისი თქმით, „თალიბანს“ აძლიერებენ სხვა ისლამისტური დაჯგუფებების მებრძოლები და აღნიშნა, რომ მათი მიღწევები საფრთხეს უქმნის ავღანეთს.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ძალადობის გაზრდის გამო, აშშ მიიღებს ათასობით ავღანელ ლტოლვილს, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ის ძალებთან.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია „თალიბანის“ „შემაშფოთებელი დანაშაულების“ შესახებ. მისივე თქმით, მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო აღიარებას არ მიიღებს და სანქციების მოხსნას არ მიაღწევს, თუ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება.
BBC იტყობინება, რომ გავრცელებული ვიდეოები აშკარად მიუთითებს შურისძიების გზით ჩადენილ მკვლელობებზე.
ცნობისათვის, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან აცხადებს, რომ იდეალური მზადყოფნისგან შორსაა ის მდგომარეობა, რაც დღეს ავღანეთშია, მაგრამ ოდესღაც ქვეყანამ საკუთას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.
„ამდენი წლის განმავლობაში, მეკავშირეებმა, ვგულისხმობ როგორც NATO-ს, ასევე ალიანსის პარტნიორ სახელმწიფოებს, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადეს როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ ავღანეთს საკუთარი უსაფრთხოება თავად ემართა. როდესაც ISAF-ის მისია დასრულდა და აქტიური მხარდაჭერის მისიაში გადავიდა, ამის არსი ზუსტად ის იყო, რომ საკუთარი უსაფრთხოება თავად ავღანურმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ. ამისთვის საკმაოდ აქტიური წვრთნებიც ჩატარდა და დიდი რესურსიც დაიხარჯა.
რამდენად სწორად გამოიყენებს ამას ავღანეთი, ეს სერიოზული გამოწვევაა მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის, ისევე როგორც, ჩვენთვის, ყველასთვის, რადგან ნამდვილად არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან.
ამავე თემაზე: „თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს
აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ქაბულიდან გააცილეს
გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას