ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი

აშშ-მა ავღანეთიდან არჩეულ ქვეყანაში სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული „თალიბანი“ უახლოეს წლებში. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ვამაყობ იმით, რაც ყველამ გავაკეთეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე ვამაყობ საკუთარი სამსახურით სამხრეთის რეგიონული სარდლობის (RC South) ფარგლებში, ყანდაარში 2009-2010 წლებში. ჩვენ, კოალიცია, მათ შორის საქართველო, ორი ათწლეულის განმავლობაში ვასრულებდით მისიას, რათა ავღანეთი არ გამხდარიყო აშშ-ზე ან ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ათასობით ქალისა და ბავშვის ცხოვრება ავღანეთში, ასევე მაქსიმალური შანსი მივეცით ავღანელებს მოეწყოთ უკეთესი ცხოვრება და შეექმენათ უკეთესი მთავრობა ათასობით სიცოცხლისა და უზარმაზარი სიმდიდრის დანაკარგის მიუხედავად.

მაგრამ აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას (ბუშის, ობამას, ტრამპის, ბაიდენის) არ გაუკეთებია ის, რაც პაკისტანს აიძულებდა, უარი ეთქვა „თალიბანის“ ან ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე. ვიდრე ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვერასდროს შევძლებთ „გამარჯვებას“. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების გაგზავნა ავღანეთში ასეთ სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გვჭირდება არის ის, რომ შევინარჩუნოთ იქ ყოფნა, რათა ვებრძოლოთ ტერორიზმს და იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური ტიპის მხარდაჭერა გავუწიოთ ავღანეთის მთავრობასა და ხალხს, როგორც ამას მსოფლიოს მრავალ სხვა ცხელ წერტილში ვაკეთებთ.

ჩვენ ასევე უნდა შევთავაზოთ ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია არჩეულ ქვეყანაში ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული თალიბანი უახლოეს წლებში. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, დროა ეს მისია დასრულდეს“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან.

ცნობისთვის, დღეს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს.

ამავე თემაზე: არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის - ექსპერტების ხედვა